დღის ამბები

“100 ტონამდე პროდუქტს ვერ ვყიდი… 15 თეთრსაც აღარ იხდიან” – ფერმერებს საზამთროსა და ნესვის მოსავალი უფუჭდებათ

"100 ტონამდე პროდუქტს ვერ ვყიდი... 15 თეთრსაც აღარ იხდიან" - ფერმერებს საზამთროსა და ნესვის მოსავალი უფუჭდებათ

საზამთროსა და ნესვის მწარმოებლებს პროდუქტის რეალიზაციის პრობლემები აქვთ. როგორც ფერმერები აღნიშნავენ, კარგი მოსავლიანობის მიუხედავად, პროდუქტის უდიდესი ნაწილი გაუყიდავი რჩება, შედეგად საზამთრო და ნესვი ფუჭდება, ერთადერთი გზა კი პროდუქტის გადაყრაა.

ფერმერ დავით კოვზირიძეს ლაგოდეხში 5 ჰექტარზე 300 ტონამდე ნესვი და საზამთრო მოჰყავს. როგორც ის აღნიშნავს, 100 ტონამდე პროდუქტი გაუყიდავი რჩება. ამაზე დიდი პრობლემა კი ნესვისა და საზამთროს დაბალი ფასია, კერძოდ, ფერმერის თქმით, ნესვსა და საზამთროში მყიდველები 15 თეთრსაც აღარ იხდიან.

“300 ტონამდე მოსავალი მივიღე და 100 ტონამდე პროდუქტს ვერ ვყიდი. თანხის ამოღებას ვერ ვახერხებ, რადგან ფასი დაბალია. 20 თეთრსაც ვერ გვიხდიან, მაშინ, როცა 1 კილოგრამის დაკრეფაში მუშახელს 5 თეთრი სჭირდება. წელს 1 კილოგრამი საზამთროს მოყვანა 22 თეთრი დამიჯდა, კილოგრამში კი 5 თეთრიც არ მრჩება. ცუდია, როცა საზამთრო და ნესვი დახლზე 50 თეთრი ღირს, ჩვენ კი 15 თეთრსაც ვერ ვიღებთ. პრობლემა იყო გასულ წელსაც, თუმცა ხარჯებს მაინც ვფარავდით. წელს არც მოსავალია კარგი. გასულ წლებში თუ ჰექტარზე 60 ტონამდე მოვიდა, ახლა 30 ტონამდეა შემცირებული. რაც შეეხება ქსელურ მარკეტებში შესვლას, მათ თავიანთი დისტრიბუტორები ჰყავთ და ინდივიდუალურ ფერმერებთან არ თანამშრომლობენ. ამასთან, ისინი საზამთროს 1.50 ლარად ყიდიან, ჩვენ კი 15 თეთრზეც გვევაჭრებიან.

სახელმწიფომ იმდენი უნდა ქნას, რომ ბაზარი დარეგულირდეს და გლეხს მაღაზიამ მეტი გადაუხადოს. სახელმიწოფომ რეაგირება თუ არ მოახდინა, გლეხი სოფლის მეურნეობას მიატოვებს”, – აღნიშნავს ფერმერი.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ივნისში საქართველოდან ახალი საზამთროს შესაძენად 2 მილიონ 2 ათასი დოლარი გავიდა. შედეგად ამ პერიოდში ქვეყანაში 11 849 ტონა საზამთროს იმპორტი განხორციელდა. იმპორტის ღირებულება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 133.3%-ით გაიზარდა. საქართველოსთვის მთავარი საიმპორტო ქვეყნები თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი და ნიდერლანდებია.

რაც შეეხება საზამთროს ექსპორტს, პირველ ექვს თვეში ქვეყნიდან მხოლოდ 214 ათასი დოლარის ღირებულების 819 ტონამდე საზამთრო ერთ ქვეყანაში – სომხეთში გავიდა. ექსპორტით მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61.8%-ით შემცირდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close