დღის ამბები

ჯანსაღი საკვებია თუ არა ნაყინი

ჯანსაღი საკვებია თუ არა ნაყინი

იშვიათია ადამიანი, რომელსაც სიამოვნებას არ ანიჭებს ისეთი გამორჩეული პროდუქტი, როგორიცაა ნაყინი. ის ძალიან კალორიულია, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რამდენად ჯანსაღ საკვებს წარმოადგენს ის. ალბათ, ვერავის წარმოუდგენია ზაფხული ცივი ტკბილეულის – ნაყინის გარეშე. ის დიდსა თუ პატარას ერთნაირად უყვარს. ამჟამად ნაყინის უამრავი ნაირსახეობა არსებობს. სხვადასხვა ფერის, ფორმისა თუ შემადგენლობის ტკბილეულს შორის ყველა იპოვის სასურველს. შემადგენლობის, უფრო სწორად, რძის ცხიმის შემცველობის მიხედვით ნაყინის სახეობები შეიძლება 5 დიდ ჯგუფად დავყოთ: პლომბირი, ნაღებისა და რძის ნაყინი, მცენარეული ცხიმით (ნაწილობრივ ან მთლიანად) მომზადებული ნაყინი, ნაყინი შაქრის სიროფით (ურძეოდ), ნაყინი ხილითა და კენკრით.ბოლო ორ ჯგუფს ხშირად მსუბუქსაც უწოდებენ. პლომბირი გამორჩეულად მაღალი ცხიმიანობის ნაყინია. მასში რძის ცხიმის შემცველობა 12-15 პროცენტამდეა. ეს ნაყინის ყველაზე კალორიული და მრავალ ქვეყანაში ძალიან პოპულარული სახეობაა. ნაღების ნაყინი მთლიანად ნაღებისგან არ არის დამზადებული, როგორც სახელწოდებამ შეიძლება გვაფიქრებინოს; უბრალოდ, მასში რძის ცხიმის შემცველობა, ისევე როგორც ნაღებში, 8-10%-ია. რძის ნაყინი შეიცავს მხოლოდ 3,5% ცხიმს, როგორც სტანდარტული რძე. მსუბუქ ნაყინში რძის ცხიმის შემცველობა მინიმალურია, ხოლო ზოგიერთ სახეობაში (მაგალითად, ხილის ყინულში) ცხიმი საერთოდ არ არის ან მხოლოდ მცენარეულია, ჩვეულებრივ, ქოქოსისა. ხილის ნაყინი უფრო ტკბილია, ვიდრე რძისა ან ნაღებისა – ის შეიცავს 30%-მდე შაქარს (ნაყინი, რომელიც რძეზეა დამზადებული, 12-20%-მდე შაქარს შეიცავს). მრავალ ქვეყანაში ნაყინს მხოლოდ ნატურალურ ხილს, კენკრას და ნატურალურ ან ნატურალურის იდენტურ არომატიზატორებსა და საღებავებს ამატებენ.

ნაყინის კვებითი ღირებულება

ნაყინი, ისევე როგორც ყველა სხვა რძის პროდუქტი, ორგანიზმს ამარაგებს რძის ყველა კომპონენტით – ცილით, ამინმჟავებით, ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით.

რძის ყველა კომპონენტი ნაყინში ჰომოგენიზებული ფორმითაა (ცხიმოვანი ბურთულების ზომა მასში არ აღემატება 2 მიკრონს), რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ადვილი ასათვისებელია, უფრო ადვილი, ვიდრე ყველი და ნაღების კარაქი.

ნაყინი, განურჩევლად დანამატებისა (თხილი, კაკალი, ხილი, თაფლი და ა.შ.), ორგანიზმს აწვდის სასარგებლო ნივთიერებათა მთელ სპექტრს.

ზაფხულში, როცა რძის პროდუქტების ვარგისობა საეჭვოა, ნაყინს შეიძლება ვენდოთ, რადგან შენახვის ცუდ პირობებს ის ვერ ეგუება.

სიტკბო ასტიმულირებს სეროტონინის გამომუშავებას და ამაღლებს განწყობილებას. უხეშად რომ ვთქვათ, ნაყინი გემრიელი ანტიდეპრესანტია.

ნაყინის ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები საუკეთესო საკვებია ტვინისთვის. მათ გარეშე სათანადო გონებრივ აქტივობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ასე რომ, ნაყინი მოსწავლეებისა და სტუდენტების საუკეთესო მეგობარია.

ნაყინი მაღალკალორიული პროდუქტია, რომელსაც სწრაფად ითვისებს ორგანიზმი, ამიტომ იდეალური საშუალებაა შიმშილის მოსაკლავად.

სიფრთხილის ზომები

ზოგიერთი დაავადების დროს ნებადართულია ნაყინის მხოლოდ განსაზღვრული სახეობა. მაგალითად, უნდა შეიზღუდოს ყოველგვარი ნაყინი, გარდა ხილისა და კენკრისა, როცა ძროხის რძე ადამიანში ალერგიას იწვევს, ხოლო შაქრიანი დიაბეტის დროს მხოლოდ სპეციალური დიაბეტური ნაწარმი შეიძლება მივირთვათ. ასე რომ, შეძენამდე ზედმიწევნით გაეცანით ეტიკეტს, რომელზეც მითითებულია პროდუქტის შემადგენლობა. ნაყინის მწარმოებლებთან კავშირი უნდა ჰქონდეთ ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სამეცნიერო ცენტრების კვების განყოფილებებს, რათა, მათი მითითებისამებრ, დამზადდეს ნაყინი სპეციალური რეცეპტით. მაგალითად, მეტაბოლური დაავადებებისა და ოსტეოპოროზის დროს რეკომენდებულია სპეციალური ნაყინი ადვილად ასათვისებელი კალციუმით. ის შეიძლება გემრიელი წამალი აღმოჩნდეს ბავშვისთვის, რომელსაც დარღვეული აქვს კალციუმის ცვლა. რა თქმა უნდა, ნაყინის მთავარი და ყველაზე მადლიერი მომხმარებლები ბავშვები არიან, მაგრამ როგორც არ უნდა ეხვეწოს პატარა მშობლებს, მისი გემო სამ წლამდე არ უნდა გაიგოს. ნაყინი, რომელიც შეიძლება შევთავაზოთ სამი წლის ბავშვს, რძისა უნდა იყოს. პირველ ხანებში უნდა ვარიდოთ დანამატებს, მათ შორის – თხილს, შოკოლადს. ნაყინი ბავშვმა ყოველდღე არ უნდა მიირთვას, კვირაში 2-3-ჯერ – შეიძლება. კუჭ-ნაწლავის, სანაღვლე გზების, ყელის მწვავე დაავადებების, დიაბეტის, რძეზე ალერგიის, ზედმეტი წონის შემთხვევაში ჯობს ბავშვს საერთოდ არ ვაჭამოთ ნაყინი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close