დღის ამბები

ჰოლივიუდის გაკოტრებული მსახიობი კაიმანის კუნძულებზე სასტუმროში მუშაობს

ჰოლივიუდის გაკოტრებული მსახიობი კაიმანის კუნძულებზე სასტუმროში მუშაობს

ამერიკელი მსახიობი, არმი ჰამერი, რომელსაც გასულ წელს რამდენიმე გოგონა სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა, კაიმანის კუნძულების საკურორტო სასტუმროში ნახევარ განაკვეთზე მუშაობს. ინფორმაციას Variety საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჰამერი კაიმანის სასტუმროში „თაიმშერს“ ყიდის. „თაიმშერი“ არის თანამფლობელობა, ანუ დასასვენებელი ადგილების გრძელვადიანი დაქირავება განსაზღვრული დროის განმავლობაში მისი გამოყენების უფლებით.

Variety-ის წყაროს მიხედვით, მანამდე მსახიობი კაიმანის კუნძულებზე საცხოვრებელ კომპლექსს მართავდა. გამოცემამ დაადგინა, რომ ჰამერი იქ საცხოვრებლადაც გადავიდა, რომ ახლოს ყოფილიყო თავის ორ მცირეწლოვან შვილთან, რომლებიც კაიმანებზე ყოფილ მეუღლესთან, ტელეწამყვანთან და მეწარმე ელიზაბეტ ჩემბერსთან ერთად ცხოვრობენ.

„რეალობა ის არის, რომ ის სრულიად გაკოტრებულია და ცდილობს, რაღაცით დასაქმებული იყოს და ოჯახის სარჩენად ფული გამოიმუშაოს“, – განუცხადა Variety-ს წყარომ.

ჰამერის მამა მსხვილი ამერიკელი ბიზნესმენი, მაიკლ არმანდ ჰამერია, ხოლო მისი დიდი ბაბუა, მილიონერი არმანდ ჰამერი 1957-დან 1990 წლამდე Occidental Petroleum Corporation-ის თავმჯდომარე იყო. თუმცა, გამოცემის წყარო აღნიშნავს, რომ მსახიობი ოჯახისგან ფინანსურ დახმარებას არ იღებს და საარსებო წყაროს დამოუკიდებლად შოულობს.

არმი ჰამერის წინააღმდეგ ძალადობის, გაუპატიურებისა და გოგოს მიმართ უხამსი ქცევის ბრალდებები 2021 წლის დასაწყისში გაჩნდა. შემდეგ Instagram-ის ანონიმურ გვერდზე მსახიობსა და უცნობ, მის სავარაუდო საყვარელ გოგონას შორის, თითქოსდა, მიმოწერის სკრინშოტები გამოჩნდა, რომლებშიც ჰამერი ამტკიცებდა, რომ ის კანიბალი იყო და სურდა, მისი სისხლი დაელია. მალევე მსახიობის წინააღმდეგ ძალადობრივი ქცევის ბრალდებებით კიდევ რამდენიმე გოგონა გამოვიდა. სკანდალის ფონზე აგენტმა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა არმი ჰამერთან მუშაობაზე უარი განაცხადეს. მსახიობმა რამდენიმე თვე სარეაბილიტაციო ცენტრში გაატარა.

გავრცელებული ინფორმაციით, სტრიმინგ პლატფორმა, Discovery+ მსახიობის ოჯახის შესახებ დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს. ავტორების თქმით, პროექტი იმ სკანდალებს ასახავს, რომლებშიც ჰამერების ხუთი თაობა ფიგურირებდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close