ეკონომიკა

გაზრდილი ხარჯები და ტრანსპორტირების ვადები – როგორია ქართული ავტობაზარი

გაზრდილი ხარჯები და ტრანსპორტირების ვადები - როგორია ქართული ავტობაზარი

უკრაინა-რუსეთის ომმა ავტომობილების ტრანსპორტირების ვადა 3 თვემდე გაზარდა, 1500-1600 დოლარამდე მოიმატა კონტეინერების ფასმაც – ამის შესახებ  ავტო-იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლაშა დარბაისელმა განაცხადა. რაც შეეხება რუსეთიდან გაზრდილ მოთხოვნას, დარბაისელი ამას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ რუსული ბაზარი არასტაბილურია.

ცნობისათვის, საქართელოდან რუსეთში ავტომობილების რეექსპორტი იზრდება. მხოლოდ მაისში აპრილთან შედარებით რაოდენობრივი ზრდა დაახლოებით, 105%-ს შეადგენს. კერძოდ, თუ აპრილში რუსეთში 167 ერთეული მსუბუქი ავტომობილი გავიდა, მაისში ეს რაოდენობა 342 ერთეულამდე გაიზარდა.

„ომის გამო, სამწუხაროდ, ავტომობილების რეექსპორტის მხრივ ათეულში აღარ არის უკრაინა. ასევე სამწუხაროდ, ამ ათეულში კვლავ რჩება რუსეთი და იქ ავტოიმპორტი იზრდება, რომელიც ყველა ბიზნესისთვის მუდმივად არასტაბილური ბაზარია“, – განაცხადა დარბაისელმა.

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომმა არა მხოლოდ რეექსპორტი შეამცირა, არამედ გაზარდა ავტომობილების ტრანსპორტირების ვადა და ხარჯები.

„ომამდე თუ ავტომობილების ტრანსპორტირებას 1,5 თვე უნდოდა, ახლა 3 თვეა საჭირო. ცხადია, გაიზარდა ლოჯისტიკის ფასიც. ამას ემატება ისიც, რომ ბათუმისა და ფოთის პორტები დიდ გემებს ვერ იღებს, გვაქვს კონტეინერების დეფიციტიც. ამასთან, დაახლოებით 40-50%-ით არის გაზრდილი ტრანსპორტირების ფასიც. თუ ადრე 1000 დოლარი იყო, ახლა 1500-1600 დოლარია“, – განაცხადა ლაშა დარბაისელმა.

მისივე თქმით, მზარდია ყაზახეთის ბაზარიც, თუმცა ჰიბრიდული ძრავის ავტომობილებზე მოთხოვნა ავტონაწილებისა და ავტო სერვისის ხელმიუწვდომლობის გამო არ არის.

„მოთხოვნის ტიპი არ იცვლება, რეექსპორტზე ძირითადად „ჰიუნდაისა“ და ,,ტოიოტას“ მარკის ავტომობილები გადის. ისე როგორც მთელი წლის განმავლობაში, ბოლო ერთ თვეშიც ყველაზე აქტიური ყაზახეთი და შუა აზიის სხვა ქვეყნებია. უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი დაკვირვებით, იქ ავტოსერვისი ნაკლებადაა განვითარებული და ამიტომ, ჰიბრიდულ ძრავზე მომუშავე ავტომობილებს დიდად არ ითხოვენ. ყაზახ ავტოიმპორტიორებს პრაქტიკულად, არ გაჰყავთ ჰიბრიდები, ავტონაწილების და ავტოსერვისის ხელმიუწვდომლობის გამო. ჰიბრიდებზე მოთხოვნა უფრო მეტად სომხეთშია“, – ამბობს დარბაისელი.

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მაისში წინა წლის მაისთან შედარებით გაზრდილია. თუ შარშან მაისში ქვეყნიდან გავიდა 4 954 ერთეული მსუბუქი ავტომობილი (40,177 მლნ დოლარის ღირებულების), წელს მაისში ეს მაჩვენებელი 6 125 ერთეულამდე გაიზარდა (58,993 მლნ დოლარი). ზრდა ფიქსირდება 2022 წლის აპრილთან შედარებითაც, კერძოდ, იმ თვეს ქვეყნიდან 4 446 ერთეული მსუბუქი ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა (37,115 მლნ დოლარის ღირებულების). მთლიანად წელს 5 თვეში საქართველოდან 191 მლნ დოლარის ღირებულების 21 544 ერთეული მსუბუქი ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close