ეკონომიკა

საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა – რომელი სესხები უფრო გაძვირდა მაისში?

საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა - რომელი სესხები უფრო გაძვირდა მაისში?

2022 წლის მაისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 18.1%-ით გაიზარდა და 43.1 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ივნისის მიმოხილვაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, სესხების ზრდა მეტწილად ლარით დაკრედიტების ზრდამ განაპირობა. ლარით დაკრედიტება წლიურად 21.8%-ით გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 9.9 პპ წვლილი შეიტანა.

„აღსანიშნავია, უცხოური ვალუტით დაკრედიტების გააქტიურება. 2021 წლის დასაწყისიდან უცხოური ვალუტის სესხები მზარდია. 2022 წლის მაისში გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, უცხოური ვალუტის სესხებმა წლიურად 15%-ით მოიმატა და მთლიანი სესხების ზრდაში 8.1 პპ წვლილი შეიტანა. დაკრედიტების ზრდა ძირითადად ბიზნეს სესხებისა და სამომხმარებლო სესხების ზრდამ განაპირობა,“-აღნიშნულია სებ-ის მიმოხილვაში.

დოკუმენტში საუბარია ასევე, საპროცენტო განაკვეთებზეც, მიმდინარე წლის მაისში სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები წინა თვესთან შედარებით 0.5 პპ-ით გაიზარდა და 13.2% შეადგინა. ეროვნული ვალუტით სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით გაიზარდა და 16.8% შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულ კრედიტებზე – 0.3 პპ-ით, 6.8% -მდე გაიზარდა.

„იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთები მზარდია და მიმდინარე წლის მაისში 13.8% შეადგინა. გაზრდილ დონეზე ნარჩუნდება იპოთეკურ სესხებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთიც, რომელმაც მაისში 12.5% შეადგინა.

წამყვანი ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთების ზრდასთან ერთად ადგილობრივ ბაზარზე უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებმა მოიმატა. კერძოდ, უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე, წინა თვესთან შედარებით, იურიდიული პირების სესხების საპროცენტო განაკვეთები 0.4 პპ-ით 7.0%-მდე, ხოლო იპოთეკური სესხების – 0.3 პპ-ით 5.9%-მდე გაიზარდა.

მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია შემცირებას განაგრძობს. გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მისი დონე წლიურად 0.9 პპ-ით შემცირდა და 48.7%-ს გაუტოლდა. მაისში, ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით 38.7 მლნ ლარით შემცირდა და 519.1 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.2% იყო. ვადაგადაცილებული სესხების 37.1% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული,“- ვკითხულობთ სებ-ის მიმოხილვაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close