ეკონომიკა

საქართველო წელს თხილის მსოფლიო მიმწოდებლებს შორის მეოთხე ადგილზე იქნება – როგორია INC-ის პროგნოზი

საქართველო წელს თხილის მსოფლიო მიმწოდებლებს შორის მეოთხე ადგილზე იქნება - როგორია INC-ის პროგნოზი

თხილის ძირითადი მწარმოებლები 2022/23 წლიურ სეზონზე წარმოებას გაზრდიან. ამის შესახებ თხილისა და ჩირის საერთაშორისო საბჭოს (International Nut & Dried Fruit Council-INC) კონგრესის მიერ გამართული მრგვალი მაგიდის სტატისტიკურ მონაცემებში წერია.

INC-ის პროგნოზით, 2022/23 წლიურ სეზონზე საქართველო, მიმდინარე სეზონის მსგავსად, 55 ათას ტონა ნაჭუჭიან თხილს აწარმოებს და იდენტური მაჩვენებლით ჩილეს, ჩინეთისა და აზერბაიჯანის დონეზე, მე-7 ადგილზეა. თუმცა მიმდინარე სეზონიდან დარჩენილი 5 ათასი ტონის დამატებით საქართველოს მთლიანი მიწოდება 60 ათასი ტონა იქნება, რითიც ქვეყანა წამყვანი სამეულის შემდეგ მეოთხე ადგილს იკავებს.

რაც შეეხება თხილის გულს, საქართველო და აზერბაიჯანი იდენტური, 20 900 ტონა მოსავლის მაჩვენებლით აქაც მეექვსე-მეშვიდე ადგილს ინაწილებენ. ჩილე 23 100 ტონა მოსავლით მე-4, ხოლო ჩინეთი 22 ათასი ტონით მე-5 ადგილზეა. თუმცა მიწოდების მოცულობით საქართველო აქაც დაწინაურებულია და წინა სეზონიდან მორჩენილი 1 900 ტონის დამატებით 22 800 ტონას მიღწევს. ამ მხრივ საქართველო წამყვანი სამეულისა და ჩილეს (23 310 ტონის) შემდეგ მე-5 ადგილზეა. მე-6 ადგილზე 22 600 ტონით ჩინეთი, ხოლო მეშვიდეზე 22040 ტონით აზერბაიჯანია.

მართალია, 2022/23 წლიურ სეზნოზე ნაჭუჭიანი თურქული თხილის მოსავალი, სავარაუდოთ, 760 ათასი ტონა იქნება, რაც 2021/22 წლების რეკორდულ მოსავალზე ნაკლებია, მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თურქეთი მიწოდებას სტაბილურად ზრდის. ქვეყანა ყოველწლიურად 700-800 ათას ტონა თხილს აწარმოებს. იმის მიუხედავად, რომ წარმოების ფართობი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, სოფლის მეურნეობის გაუმჯობესებული პრაქტიკის გამო პროდუქტიულობა იზრდება. ასევე, გაუმჯობესებულია თურქული თხილის გულის ზომა და ხარისხი, მისი მოსავლიანობა კი 51-52%-ს შეადგენს. შავი ზღვის ექსპორტიორთა ასოციაციის მონაცემებით, 2021/22 წლიურ სეზონზე, 30 აპრილამდე, თურქული თხილი მიწოდებამ 269,2 ათასი ტონა შეადგინა, რაც, სავარაუდოდ 330 ათას ტონას მიაღწევს.

INC-ის მონაცემებით, შარშანდელი ცუდი მოსავლის შემდეგ იტალიური წარმოება აღდგება. მართალია, ქვეყანას 160 ათასი ტონა მოსავლის პოტენციალი აქვს, თუმცა 2022/23 წლიურ სეზონზე ოდნავ ნაკლებს, 140 ათას ტონა მოსავალს პროგნოზირებენ, რასაც გასული წლის ოქტომბრიდან მწარმოებელ რეგიონ პიემონტში დამდგარ ძლიერ გვალვებს უკავშირებენ. წყალი ხელმისაწვდომი მხოლოდ ცენტრალურ და სამხრეთ მწარმოებელ რაიონებში იყო. თუმცა იტალიაში თხილის წარმოება კვლავ იზრდება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 20 000 ჰექტრამდე თხილის ახალი ბაღები გაშენდა, რომლებიც წყლის ხელმისაწვდომობის, ეფექტური სარწყავი სისტემებისა და, შესაბამისად, მაღალი მოსავლიანობის მხრივ კარგ ადგილებზე არის განლაგებული. სტაბილურად იზრდება ორგანული წარმოებაც, რაც ამჟამად მთლიანი მოსავლის 17,5%-ს შეადგენს.

ორეგონის შტატში ამერიკული თხილის მთლიანი სანერგე ფართობი 40,500 ჰექტარს მიუახლოვდა. მართალია, ძველი, ტრადიციული ჯიშების ფართობი იკლებს, თუმცა 2007-2016 წლებში გაშენებული ახალი ჯიშების ბაღები, რაც მთლიანი ფართობის, დაახლოებით, მესამედს შეადგენს, მოსავლიანობის ზრდას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. არაპროგნოზირებადი ამინდის პირობებისა და ინფლაციის მიუხედავად, რომელიც მწარმოებლებზე ზემოქმედებს, 2022/23 წლიურ სეზონზე წარმოების ახალ რეკორდს, 74 ათას ტონა მოსავალს პროგნოზირებენ.

2022/2023 სეზონურ წლის თხილის მწარმოებელი ქვეყნების ტოპ 10-ეული:

ნაჭუჭიანი თხილის მოსავალი (ტონა)

თურქეთი – 760 000 ტ. (მიწოდება -865 000 ტ.)

იტალია – 140 000 ტ. (მიწოდება -150 000 ტ.)

აშშ – 74 000 ტ. (მიწოდება – 86 000 ტ.)

ჩილე – 55 000 ტ. (მიწოდება – 55 500 ტ.)

ჩინეთი – 55 000 ტ. (მიწოდება – 56 500 ტ.)

აზერბაიჯანი – 55 000 ტ. (მიწოდება – 58 000 ტ.)

საქართველო – 55 000 ტ. (მიწოდება – 60 000 ტ.)

ირანი – 12 000 ტ. (მიწოდება – 12 500 ტ.)

ესპანეთი – 10 500 ტ. (მიწოდება – 11 000 ტ.)

საფრანგეთი – 8 500 ტ. (მიწოდება – 9 200 ტ.)

დანარჩენი ქვეყნები – 30 000 ტ. (მიწოდებაც ანალოგიური)

ნაჭუჭიანი თხილის გლობალური მოსავლის პროგნოზირებული მთლიანი მოცულობა 1 255 000 ტონას, მიწოდება კი 1 393 700 ტონას შეადგენს

თხილის გულის მოსავალი (ტონა)

თურქეთი – 380 000 ტ. (მიწოდება – 432 500 ტ.)

იტალია – 65 100 ტ. (მიწოდება – 69 750 ტ.)

აშშ – 32 560 ტ. (მიწოდება – 32 560 ტ.)

ჩილე – 23 100 ტ. (მიწოდება – 23 310 ტ.)

ჩინეთი – 22 000 ტ. (მიწოდება – 22 600 ტ.)

აზერბაიჯანი – 20 900 ტ. (მიწოდება – 22 040 ტ.)

საქართველო – 20 900 ტ. (მიწოდება – 22 800 ტ.)

ირანი – 5 400 ტ. (მიწოდება – 5 625 ტ.)

ესპანეთი – 4 725 ტ. (მიწოდება – 4950 ტ.)

საფრანგეთი – 3 400 ტ. (მიწოდება – 3 680 ტ.)

დანარჩენი ქვეყნები – 12 600 ტ. (მიწოდება -12 600 ტ.)

თხილის გულის გლობალური მოსავლის პროგნოზირებული მთლიანი მოცულობა 590 685 ტონას, მიწოდება კი 652 415 ტონას შეადგენს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close