ლარის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ბიზნესის მთავარ გამოწვევად რჩება – ამის შესახებ BAG-ის ინდექსშია აღნიშნული.
კერძოდ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის შედეგად, გამოკითხულთა 67 % აფიქსირებს, რომ მათი ბიზნესსაქმიანობისთვის არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით, 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, რაც შესაძლოა, გარკვეულწილად უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკავშირდება.
მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის მაისის თვიდან, ლარის გამყარების დინამიკა გამოიკვეთა, 2022 წლის მე-2 კვარტალში, მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად ბიზნესი კვლავაც ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობას ასახელებს, თუმცა, ხაზგასასმელია, რომ წინა კვარტალთან შედარებით 8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც ლარის გამყარებას მოელიან მომდევნო 6 თვეში. მეტიც, 2021 წლის მე-4 კვარტლიდან ყოველკვარტალურად მცირდება კომპანიებში ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის გაუფასურების მოლოდინი.
გამოკითხვის შედეგად, ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი 5 ძირითადი ფაქტორი 2022 წლის მე-2 კვარტალში შემდეგია:
ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა – 53%;
სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები – 41%;
სპეციალისტების ნაკლებობა – 36%;
სამუშაო ძალის ნაკლებობა – 32%;
მოთხოვნის სიმცირე – 23%.
„აღსანიშნავია, რომ კვლევის თანახმად, ბიზნესის ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის, მეორე ადგილზეა სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, რომელთაგან ყველაზე მწვავედ მარეგულირებელი გარემო და ადმინისტრაციული საკითხები სახელდება. საგულისხმოა, რომ სასამართლო სისტემა და Covid-19-ით გამოწვეული შეზღუდვები, როგორც ბიზნესსაქმიანობის შემაფერხებელი ფაქტორები, მიმდინარე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 18 და 38 პროცენტული პუნქტებით შემცირდა,“- ნათქვამია ინდექსში.