დღის ამბები

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს განცხადებას ავრცელებს

 

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო განცხადებას ავრცელებს. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად.

“პანკისის უხუცესთა საბჭო, რომელიც პანკისელი უხუცესებისა და ახალგაზრდების ერთობაა მივმართავთ ხელისუფლებას, ქართულ საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რათა მონაწილეობა მიიღონ 21 აპრილს პანკისის ხეობაში შექმნილი კრიზისის დაძლევაში და საკუთარი მანდატის ფარგლებში განახორციელონ პოზიტიური ინტერვენცია საკითხის თანამშრომლობის გზით მოგვარებაში. ამავდროულად, გამოვხატავთ დიდ წუხილსა და ღრმა გულისწყვეტას სოფელ ძიბახევში განვითარებული პროცესების გამო.

რაოდენ დიდი კრიტიკაც არ უნდა გვქონდეს 21 აპრილის წინარე პოლიტიკური პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ხეობაში ჰესების კასკადის მშენებლობის საკითხს და მასთან დაკავშირებულ პოლიციის გაუმართლებელ ქმედებებს შეეხება,ჩვენ ცალსახად მიუღებლად და დაუშვებლად მივიჩნევთ მოსახლეობის მხრიდან პროტესტის ძალადობრივი ფორმების გამოყენებას და როგორც ჩვენი ქვეყნის ერთგულ შვილებს ღრმად გვჯერა, რომ თითოეული მოქალაქის უმთავრეს საზრუნავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

ჩვენი ქვეყანა რთულ გეოპოლიტიკურ რეალობაში არსებობს და შიდა პოლიტიკური და სოციალური პროცესები ხშირად ექცევა ქვეყნის მტრების ყურადღების და ინტერესის ქვეშ.

შესაბამისად, ვაცნობიერებთ რა იმას, რომ 21 აპრილს განვითარებულმა მოვლენებმა გარკვეულწილად შეიძლება რისკები შეუქმნას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს, ვგრძნობთ მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და გამოვხატავთ მზაობას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვიღონოთ ყველაფერი, რათა აღარ დავუშვათ მსგავსი ქმედებების განმეორება პანკისის ხეობაში და პროცესების შემდგომი ესკალაცია.

თავის მხრივ, სახალხო კრების თავდაპირველი შეკრების მიზანი იყო სწორედ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ხეობაში არსებული სახალხო პროტესტის დარეგულირება და ასევე პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვის უზრუნველყოფის მცდელობა. თუმცა, სამწუხაროდ ჰესების მშენებლობის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულების გარეშე, სრულიად მოულოდნელად დაიწყო მასშტაბური საპოლიციო ღონისძიება ხეობაში, რაც მოვლენების სპონტანურად განვითარებისა და ადგილობრივების ჭარბი უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

ამ უკმაყოფილების და შელახული ნდობის საფუძველს კი წლების განმავლობაში ჩვენს ხეობაში სოციალურ კონტროლსა და დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკა ქმნიდა. ადგილობრივ მოსახლეობასთან დემოკრატიულ კომუნიკაციას მოკლებული გადაწყვეტილებების გამო მივიღეთ არასასურველი შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნის არც ერთი მოქალაქის ინტერესებში არ შედის.
ამავე დროს, ჩვენ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ პროცესის დეესკალაციისთვის მიღებულ მყისიერ გადაწყვეტილებას.

ჩვენი შეფასებით, ეს იყო გონიერი და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე დაფუძნებული ქმედება და არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ხეობაში მართლწესრიგის დასუსტების ნაბიჯი. ასევე, გვჯერა რომ ხელისუფლება გააგრძელებს გონიერ პოლიტიკას ხეობაში და არ დაუშვებს პროცესების შემდგომ გამწვავებას.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მივმართავთ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებს, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს დროულად შეგვხდეს ადგილობრივ მოსახლეობას და ერთად ვიმუშავოთ შექმნილი სირთულეების დაძლევის და თანამშრობლობის ახალი ეტაპის დასაწყებად, რომელიც მიღებული გადაწყვეტილებების და შეცდომების ორმხრივ თვითკრიტიკას დაეფუძნება.

ჩვენ ვითხოვთ ხეობაში სამართლიანი და დემოკრატიული პოლიტიკის გატარებას და გვესმის, რომ ამგვარი პოლიტიკის გატარება შეუძლებელია ხელისუფლების და ადგილობრივი საზოგადოების თანამშრომლობის და დემოკრატიული კომუნიკაციის გარეშე.” – ნათქვამია განცხადებაში

Photo by Osman Gorgishvili

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close