საზოგადოება

გადადის თუ არა “მაიმუნის ყვავილი” ხელის ჩამორთმევითა და გადაკოცნით?

გადადის თუ არა "მაიმუნის ყვავილი" ხელის ჩამორთმევითა და გადაკოცნით?

საქართველოში ე.წ. მაიმუნის ყვავილის ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული. დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ  განაცხადა, რომ 7 საეჭვო შემთხვევას სწავლობდნენ, საიდანაც ინფექცია არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.

თუმცა ვინაიდან “მაიმუნის ყვავილი” ჯერ-ჯერობით კვლავ ვრცელდება მსოფლიოში, ვფქრობთ ბევრს აინტერესებს მისი გადადების გზები. ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ დაავადება მხოლოდ სქესობრივი კონტაქტით გადადის. ამიტომაც, დავინტერესდით, გადადების რა გზები არსებობს და რა შემთხვევაშია ადამიანი რისკის ქვეშ.

ზოგადად, ე.წ. მაიმუნის ყვავილი არ გადადის ისე მარტივად, როგორც კორონავირუსი, გრიპის ვირუსი, წითელა ან ჩუტყვავილა. თუმცა, მაინც საყურადღებოა. ძირითადად, გადადება ხდება, როდესაც კონტაქტი დაინფიცირებულ ადამიანთან ან ცხოველთან გვაქვს. თუ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტი, ანუ 1 მეტრზე ახლო კონტაქტი გვაქვს და ეს კონტაქტი მინიმუმ 1 საათს გრძელდება, ასეთ დროს არის რისკი, რომ წვეთოვანი გზით დავინფიცირდეთ. ანუ, გადადება ხდება მაშინ, როდესაც მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტი გვაქვს. მეორე, თუ ადამიანს უკვე აქვს სპეციფიკური გამონაყარი და ამ გამონაყარს შევეხებით და შემდეგ ხელი მოხვდება ჩვენს ლორწოვანზე, მაგალითად, თვალზე, პირის ღრუში, არის რისკი, რომ დავინფიცირდეთ.

ასევე, კვლევებმა აჩვენა და სპერმაში ვირუსსის გენეტიკური მასალა აღმოჩნდა, რამაც კიდევ ერთხელ გააღრმავა ეჭვი და პრაქტიკულად დაამტკიცა, რომ სქესობრივი კონტაქტითაც არის მაღალი რისკი, რომ დავინფიცირდეთ. მოკლევადიანი კონტაქტებისას, მაგალითად, ჩახუტება, გადაკოცნა, ხელის ჩამორთმევა, თუ ადამიანს არ აქვს გამონაყარი, ასეთ დროს ალბათობა, რომ დავინფიცირდეთ, ძალიან დაბალია. თუმცა, სჯობია, რომ დავიცვათ ჰიგიენური ნორმები და ხელები შესაბამისი წესით დავიმუშაოთ. ამ წესების დაცვა მაიმუნის ყვავილის გარეშეც აუცილებელია. მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, თუ ადამიანს აქვს გამონაყარი და ჩვენ შევეხებით ამ გამონაყარს, ახლო კონტაქტი გვექნება, დაინფიცირების რისკები, რა თქმა უნდა არსებობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close