დღის ამბები

პანკისელები ილია მეორეს შეხვდნენ

პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

ისინი პატრიარქს ხელისუფლებასთან შუამდგომლობას სთხოვენ. საქმე ეხება 21 აპრილს ხეობაში განვითარებულ მოვლენებს.

პანკისელები მიიჩნევენ, რომ პოლიციაზე თავდასხმაში ბრალდებულების წინააღმდეგ გამოძიება მძიმე მუხლით მიმდინარეობს და მის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ.

„პატრიარქი ღრმა წუხილს გამოთქვამდა მომხდარის გამო და აღნიშნა, რომ ჩვენ ძმები ვართ და არ შეიძლება, ჩვენ შორის მსგავსი რამე მოხდეს. ეს არ უნდა დავუშვათ, რომ ხელი აღვმართოთ ერთმანეთზე. მან გვითხრა, რომ მისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სიტუაცია დარეგულირდეს.” – განაცხადა ჟურნალისტმა და სამოქალაქო აქტივისტმა ისლამ გორგიშვილმა

21 აპრილს პანკისის ხეობაში მოქალაქეებმა ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. პროტესტს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

ხეობაში მომხდარი დაპირისპირების გამო სამედიცინო დახმარება 55 ადამიანს გაეწია, მათ შორის 38 პოლიციელსა და 17 ადგილობრივს. შსს-მ პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

Photo: Osman Gorgishvili

Photo: Osman Gorgishvili
Photo: Osman Gorgishvili

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close