ეკონომიკა

უმოკლესი და ყველაზე ეკონომიური მარშრუტი – კასპია-შავი ზღვის პროექტი მზადაა

უმოკლესი და ყველაზე ეკონომიური მარშრუტი - კასპია-შავი ზღვის პროექტი მზადაა

კასპია-შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პროექტი, რომლის მონაწილე მხარეები საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და თურქმენეთი არიან, უკვე მზადაა. ამის შესახებ აზერბაიჯან-რუმინეთის სამთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე ქვეყნის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე სამირ მამედოვმა განაცხადა.

ამჟამად პროექტი მხარეთა განსახილველად არის წარდგენილი.

საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პროექტი, კასპია-შავი ზღვა 2018 წლის 24-25 ოქტომბერს, აშხაბადში გამართულ ექსპერტთა შეხვედრაზე იქნა ინიცირებული, რომელშიც ამ ოთხი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მარშრუტი კასპიის ზღვის გავლით თურქმენეთიდან აზერბაიჯანამდე გადის, შემდეგ კი რკინიგზით საქართველოს შავი ზღვის პორტების მიმართულებით და იქიდან რუმინეთამდე გრძელდება.

პროექტის შემუშავება შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესახებ ბუქარესტის დეკლარაციით იქნა გათვალისწინებული, რომელსაც საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში მოაწერეს ხელი. დეკელარაციაში ხაზგასმულია ამ მარშრუტის „მნიშვნელობა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ სატრანზიტო სქემაში და რომ ცენტრალურ აზიასთან ევროპის ორი ზღვით დაკავშირება არის უმოკლესი და ყველაზე ეკონომიური მარშრუტი არსებულ სატრანსპორტო ქსელებში.“

ამასთან, დეკრალაციის თანახმად, „პროექტში ევროკავშირის წევრი ქვეყნის, რუმინეთის ჩართვა ხელს შეუწყობს ამ სატრანსპორტო მარშრუტში ევროკავშირის შემდგომ აქტიურ მონაწილეობას.“

მარშრუტის განვითარების მიზნით შეიქმნება ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ტექნიკურ ასპექტებზე შეთანხმდება, ასევე, პროცედურების ოპტიმიზაციას, ტარიფების ჰარმონიზაციასა და საბაჟო პროცედურების გამარტივებას შეუწყობს ხელს.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანა შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე რეგიონებში, ანუ შავი ზღვის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით კავშირს გააღრმავებს, რაც აზიასთან ევროპის დასაკავშირებლად მეტად მნიშვნელოვანია.

„მათი გეოგრაფიული პოზიციიდან გამომდინარე, რუმინეთის პორტი კონსტანცა და საქართველოს პორტები, ბათუმი და ფოთი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეგიონული კავშირის თვალსაზრისით, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში, ასევე, ორ სანაპირო სახელმწიფოს შორის ვაჭრობის განვითარებაში,“- განაცხადეს  უწყებაში.

სამინისტროში, ასევე, ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზის მშენებლობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი, რომელიც ერთმანეთთან რუმინეთსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს დააკავშირებს. უწყების შეფასებით, „ეს საკაბელო ხაზი დადებითად აისახება რუმინეთსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის მონაცემთა გაცვლის განვითარებაზე.“

სამინისტროში დარწმუნებული არიან, რომ ვაჭრობის, მობილობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების გაფართოება ხელს შეუწყობს რეგიონულ ეკონომიკურ სტაბილურობას, სოციალურ კეთილდღეობასა და რეალური ბიზნესშესაძლებლობების გახსნას.“

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close