ეკონომიკა

თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის ვალდებულების ამოქმედება შესაძლოა, გადავადდეს

თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის ვალდებულების ამოქმედება შესაძლოა, გადავადდეს

თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის ვალდებულების ამოქმედება შესაძლოა გადავადდეს. ამის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტის ავტორები დეპუტატები – დავით სონღულაშვილი, გოჩა ენუქიძე, გელა სამხარაული და ისკო დასენი არიან.

როგორც პროექტშია აღნიშნული, 2022 წლის 31 დეკემბრიდან აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია/განლაგება სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე. თუმცა, პროექტის ავტორების განმარტებით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო კომპანიებს მეტი დრო სჭირდებათ რომ გადაწყობა მოახერხონ. შესაბამისად, კანონპროექტი გულისხმობს რომ ვალდებულება 2022 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად 2024 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება.

„ხუთ წლიანი პერიოდის განმავლობაში თამბაქოს ნაწარმის ინდუსტრიაში ჩაბმული კომპანიების მიერ მუდმივად ხდებოდა პროდუქტის არსებულ კანონმდებლობასთან მორგება და დღეის მდგომარეობით დარჩენილია მხოლოდ თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია/განლაგების ვალდებულების ამოქმედება, რაც ითვალისწინებს თამბაქოს ნაწარმის – შეფუთვის, შეფუთვის ფერის, წარწერების და ნიშნების, ზედაპირის, ხმის სურნელის და ჩანართის, ჩასაფენისა და ფოლგის, გარსის, ფორმის, ზომისა და შეფუთვის გახსნის, სიგარეტისა და სიგარის ღერების სტანდარტიზებულ შეფუთვას.

კომპანიების განმარტებით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებამდე, საქართველოს ბაზრისთვის განკუთვნილი თამბაქოს პროდუქცია ძირითადად უკრაინის ქარხნებში იწარმოებოდა. მიმდინარე მოვლენების გამო, უკრაინაში პროდუქციის წარმოება შეუძლებელი გახდა კონფლიქტის პირველივე დღეებიდან და ამ ეტაპზე მიმდინარეობს წარმოების სხვადასხვა ქვეყნებში გადატანა, იმისათვის რომ მოხდეს საქართველოს ბაზარზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება, შესაბამისი რაოდენობისა და სახეობების თამბაქოს პროდუქტის იმპორტი.

ნორმალურ პირობებში, მსგავსს ახალ შეზღუდვასთან შესაბამისობის მიზნით, წარმოების გადაწყობა სექტორისთვის საკმაოდ გრძელვადიან მოსამზადებელ და გადაიარაღების პროცესს გულისხმობს, რომლის დასაწყებად აუცილებელი იყო ტექნიკური რეგლამენტის არსებობა. უკრაინაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე კი, ეს პროცესი უფრო ხანგრძლივი და კომპლექსური გახდა, რადგან ნაცვლად ერთ ქარხანაში სტანდარტიზებული შეფუთვის შესაბამისი პროცესების დანერგვისა, კომპანიებს უწევთ რამდენიმე ქვეყნის სხვადასხვა ქარხნებში შესაბამისი პროცესების გადაწყობა, რომელიც 2023 წლის 1 იანვრამდე შეუძლებელი იქნება.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ქარხნებში ამ მომენტისთვის წარმოება მიმდინარეობს ე.წ საგანგებო რეჟიმში, რადგან წარმოების მსგავსი დანაწევრება არ წარმოადგენს კომპანიების ნორმალურ პრაქტიკას და იმისათვის, რომ მოხდეს სტანდარტიზებულ შეფუთვაზე გადასვლა, პირველ რიგში უნდა მოხდეს წარმოების ნორმალიზება, რასაც საჭიროებს 12-24 თვემდე ვადას,“- ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close