მთავარი ამბებიპოლიტიკასაზოგადოება

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ლაგოდეხში გასვლითი სხდომა გამართა

0

კახეთის რეგიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალიტეტების მიერ შესრულებულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე ლაგოდეხში იმსჯელეს, სადაც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა გასვლითი სხდომა გამართა.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების მოადგილეებმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, მუნიციპალიტეტის მერებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა კომიტეტის წევრებს რეგიონში გაწეულ სამუშაოებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა რეგიონსა და მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდებისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე ინფორმაცია წარადგინა.

„2021 წელს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, კახეთის რეგიონისთვის,ჯამში49,719,606 ლარი გამოიყო, რაც 161 პროექტის დაფინანსებას მოხმარდა. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან კი, 3 პროექტის დასაფინანსებლად რეგიონს 1,170,921.00 ლარი გამოეყო. 4 მლნ. 224 ათასი ლარი მიიმართა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რომელიც 352 პროექტის დაფინანსებას მოხმარდა.

რაც შეეხება 2022 წელს, მიმდინარე წელს უშუალოდ სამინისტრო კახეთის რეგიონში 112 პროექტს ახორციელებს, რომლისთვისაც 1.4 მლრდ. ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კახეთში 103 პროექტის დასაფინანსებლად 30 მლნ. ლარზე მეტის გამოყოფა იგეგმება. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან კი, მიმდინარე წელს 9 პროექტის, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კი 369 პროექტის დაფინანსება იგეგმება“, – განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონების შესრულების შესახებ და მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ ისაუბრა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ. მისი განცხადებით, კომიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან აქტიურად თანამშრომლობს და მზად არის მათ საჭიროებების შემთხვევაში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადოს და წარუდგინოს პარლამენტს. კომიტეტის სხდომის მონაწილეებს კახეთის რეგიონის დეპუტატებმა ირაკლი ქადაგიშვილმა, დავით სონღულაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა მიმართეს, რომლებმაც გასვლითი სხდომების მნიშვნელობასა და სხდომაზე განხილული საკითხები შეაფასეს.

„გაიმართა მეტად საინტერესო შეხვედრა, განვიხილეთ მუნიციპალიტეტების მიხედვით არსებული გამოწვევები, ვიმსჯელეთ პრობლემური საკითხების ერთობლივად გადაჭრის გზებზე, მივესალმები კახეთის რეგიონში მსგავსი ფორმატის შეხვედრებს”,- აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.

გასვლითი კომიტეტის სხდომაზე განხილული საკითხები და შესაბამისი სამსახურების მიერ წარდგენილი ინფორმაცია კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა შეაჯამა.

„კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რომელიც აღნიშნულ ფორმატში კახეთის რეგიონში პირველად იმართება, ადგილობრივი ხელისუფლების და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მოვისმინეთ თუ რა პროექტები ხორციელდება და რა იგეგმება, როგორც მიმდინარე, ისე უახლოესი წლების განმავლობაში. პროექტები არის ძალიან მასშტაბური და მხოლოდ წელს, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 3 მლრდ.ლარზე მეტი იხარჯება მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს არის მართლაც მოცულობითი და მასშტაბური სამუშაოები.

კახეთს რაც შეეხება, რეგიონში დაწყებულია ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, რომელსაც მომდევნო წლებში ახალი მონაკვეთები დაემატება. განსაკუთრებით მასშტაბური სამუშაოები წყლის პროექტების კუთხით კეთდება. კახეთი საქართველოში ყველაზე დაჩაგრული რეგიონი იყო, სადაც პრაქტიკულად დიდ ქალაქებშიც კი არ იყო 24 საათიანი წყლის მომარაგება და ამ მხრივ, 2012 წელთან შედარებით თითქმის 12-ჯერ გაიზარდა წყლის პროექტების დაფინანსება. 2025 წლისთვის მთელს საქართველოში და მათ შორის, კახეთის ყველა ქალაქში და მის მიმდებარე სოფლებში 24 საათიანი წყლის მომარაგება იქნება. გაზიფიცირების მიმართულებით შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, თუმცა აქაც გამოიკვეთა ის პრობლემები, რომელიც აწუხებს მთელ რიგ სოფლებს. ახმეტის,გურჯაანის,თელავის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში არის დარჩენილი სოფლები და აქაც ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება.

მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იმიტომ, რომ ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი სფეროა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმებს და რომელსაც საქართველოში ვალუტა შემოაქვს. სწორედ ამიტომ, შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close