კულტურამთავარი ამბები

15 აპრილს სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის კოლექციის გამოფენა გაიხსნება

0

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, 15 აპრილს სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის კოლექციის გამოფენა გაიხსნება.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება კოლექციაში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის 14 სურათი, პაბლო პიკასოს ცნობილი ოფორტი ნიკო ფიროსმანაშვილის გრაფიკული პორტრეტის გამოსახულებით და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან 2 ნამუშევარი – „რთველი“ და „ერეკლე მეორე“. აღნიშნულ გამოფენას სიღნაღის მუზეუმი 2022 წლის 15 ოქტომბრამდე უმასპინძლებს.

„ინფორმაციისთვის, მირზაანის სახლ-მუზეუმში დაცულ ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატების კოლექციას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მის მხატვრულ მემკვიდრეობაში. ადრე დაობლებულმა მხატვარმა დაახლოებით 8-10 წლისამ დატოვა მშობლიური მირზაანი და მას შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე, თბილისში ცხოვრობდა. მირზაანში კი მისი და დაფუძნდა ოჯახთან ერთად.

გადმოცემით, 1898 წელს ნიკო ფიროსმანაშვილს მამისეული კარმიდამოს ადგილზე დისთვის ახალი სახლი აუშენებია. სწორედ იქაა განთავსებული ჯერ კიდევ 1960 წელს შექმნილი მხატვრის სახლ-მუზეუმი. ამ მემორიალურ მუზეუმს პირველი ექსპონატები საქართველოს მწერალთა კავშირმა და სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა გადასცა, რითაც ჩაეყარა საფუძველი ცნობილ მირზაანულ კოლექციას. დღეს აქ ნიკო ფიროსმანაშვილის 14 ნამუშევარია დაცული.

ცალკე უნდა აღინიშნოს პაბლო პიკასოს მიერ ილიაზდის (ილია ზდანევიჩის) წიგნისთვის – „ნიკო ფიროსმანაშვილი-1914“ საგანგებოდ, 1972 წელს შექმნილი ნიკო ფიროსმანაშვილის გრაფიკული პორტრეტი, რომლის ორიგინალი მირზაანის მემორიალურ მუზეუმს 1985 წელს საჩუქრად გადასცა ილია ზდანევიჩის მეუღლემ ელენ დუარმა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close