გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევები კახეთის რეგიონში

გასული კვირის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების 1109 მსუბუქი შემთხვევა დაფიქსირდა, ჰოსპოტალიზაცია კი 207 ადამიანს დასჭირდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადეობრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი აცხადებს, რომ :

„ვახდენთ ყოველკვირეულ მონიტორინგს, ინფორმაციას ვიღებთ ყველა სამედიცინო დაწესებულებიდან. ისინი ვალდებულნი არიან ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადეობრივი ჯანდაცვის რაიონულ ცენტრს, ისინი კი მონაცემებს ჩვენთან გზავნიან. აღრიცხვას ვახდენთ მეორმოცე კვირიდან, თუმცა გრიპის შემთხვევების მატება როგორც წესი, 50-ე კვირიდან იწყება, ანუ დეკემბრის მეორე ნახევრიდან. წლევანდელი მაჩვენებელი წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 100-200 ერთეულით უფრო ნაკლებია. მთელ საქართველოში დაავადებული მოქალაქეების 80%-ს აქვს B ტიპის ვირუსი, დანარჩენს კი A ტიპის. გართულება ორივეს აქვს, თუმცა B უფრო ნაკლებად რთულდება დროულად მიხედვის შემთხვევაში. ახლა ველოდებით შემთხვევების კლებას, მეორე პიკი კი როგორც წესი თებერვლის დასაწყისშია ხოლმე,“-ამბობს ხიზანიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ანტივირუსული პრეპარატი – ტამიფლუ სოციალურად დაუცველებისა და ორსულებისთვის ექიმის შესაბამისი ცნობის საფუძველზე, საზოგადეობრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრიდან უფასოდ გაიცემა. მათ კი ვისაც შეძენა სურთ, აფთიაქებს უნდა მიაკითხონ.