საქართველოს თავდაცვის ძალებს, 12 ახალი სატრანსპორტო საშუალება შეემატა

ავტოტექნიკის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიალზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა,  ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა  და გერმანულ მხარეს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ კნირშმა კი, სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე  ისაუბრა.

საქართველოს თავდაცვის ძალების სატვირთო ავტომობილების პარკის განახლების მიზნით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს „შესაძლებლობების გაფართოებისა და გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში 1.5 მილიონი ევრო გამოიყო. გრანტის ფარგლებში 8 ერთეული წყალმზიდისა და 4 ერთეული კონტეინერმზიდის შესყიდვა განხორციელდა.