ბლოგებიერთი დღემთავარი ამბები

ლეილა ლეგაშვილის ,, ერთი დღე”…

0
,,ჩემი დილაც იწყება ჭიქა ყავით, შემდეგ ყვავილების მოვლით…
ყვავილების მოვლა ჩემთვის რელაქსია, მომდევენ, ხარობენ, ყვავიან…
აივნიდან პატარა სალოცავი მოჩანს, სულ ერთმანეთს ვუყურებთ, სარკმლიდან იყალთოს აკადემია, გულში ვლოცულობ, შევთხოვ შვილებისა და ახლობლების ჯამრთელობას, კეთილდღეობას…
შემდეგ სამსახურში მივდივარ, ვმუშაობ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, კულტურის მიმართულებით. სამსახური ჩემი მეორე ოჯახია, სადაც დიდ დროს ვატარებ…მიყვარს ჩემი სამსახური, თანამშრომლები…დიდ პატივს ვცემ ხელმძღვანელებს და თვითონაც ვგრძნობ მათ პატივისცემას…ძალიან შეხმატკბილებული ვარ თანამშრომლებთან, საოცრად თბილი გარემოა, კოლეგიალური…მიუხედავად პანდემიისა, რეგიონში მაინც ტარდება მაღალი დონის

 ღონისძიებები, ფესტივალები, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ჩემს საქმიანობა
ს…
სულ ახლახან გვქონდა ,,აღდგომის ფესტივალი”, რომელიც ყოველწლიურად ტარდება საქართველოს დიდ ქალაქებში, ხოლო
დასკვნითი საღამო კახეთში, თელავის პროფესიულ თეატრში…ფესტივალის ორგანიზატორები არიან კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, იტალიის საელჩო და ჩვენი რწმუნებულის ადმინისტრაცია.სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ასეთი სახის ფესტივალებზე მუშაობა მიწევს რეგიონის მერიებთან, მერებთან, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელებთან, რაც ძალიან სასიამოვნოა. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, რომელიც თანაბრად ინაწილებს წარმატებით გამოწვეულ სიამოვნებას…
გარდა დიდი ფესტივალების, ხშირად გვაქვს კულტურის სამინისტროს პროექტები, სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები, კონცერტები, გამოფენები, სადაც ჩართული ვარ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში.
მიწევს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გასვლა, კოლეგებთან მჭიდრო ურთიერთობა, რამაც ჩვენ შორის მეგობრული დამოკიდებულება ჩამოაყალიბა…
არ დაგიმალავთ და ხშირად მიწვევენ დედაქალაქში ღონისძიებებზე, როგორც ხელოვანი, პოეტი, ავტორ-შემსრულებელი… ვიღებ სასიამოვნო ჯილდოებს, რაც მიზრდის მოტივაციას, ერთგულად ვემსახურო ჩემ ხალხს, ქვეყანას.
ცოტა დრო საკუთარი შემოქმედებისთვისაც მრჩება…ვქმნი სიმღერებს, ვწერ ლექსებს…
დატვირთული ვარ საზოგადოებრივი საქმიანობით. ვარ საქართველოს ქალთა საბჭოს კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელიც.
ვარ გამარჯვებულ ქალთა საბჭოს რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი….ცოტა ექსკურსი, რომ გავაკეთო, ეს არის იმ ქალბატონების ორგანიზაცია, ვინც ვერაგ დაავადებაზე გაიმარჯვა…ანუ ვინც დაანახა სამყაროს რომ ,,კიბო განაჩენი არ არის”…ხშირად ვიკრიბებით ერთად და ვუხალისებთ ცხოვრებას ერთმანეთს.
გარდა ამისა მყავს ორი შვილი და სამი შვილიშვილი…შვილიშვილების თვის კი ,,თინეიჯერი ბებია” ვარ… ვმეგობრობ მათთან.
როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, მეც მყავს საუკეთესო მეგობრები…ჩემ სახლს ,,მეგობრობის სახლს” ვეძახით…ხშირად ვიკრიბებით და ერთად ლამაზ დღეებს ვატარებთ….
ჩემი კიდევ ერთი დიდი ჰობი, ჩემი ეზოს მოვლაა, მიდგას სხვადასხვა სახის ხეხილი, ყურძენი, კენკროვანი კულტურები…ბევრი ყვავილი,ძალიან მიყვარს შრომა, თითქმის ყველა შრომის იარაღს ვხმარობ ,,ყველას უკვირს ჩემი ,,ხელმარჯვე ოსტატობა”…
ბუნებით რომანტიკოსი ვარ, ხასიათით -ძლიერი…სულიერად -მგრძნობიარე…ფიზიკურად კი მებრძოლი და ძლიერი…
ვერ ვიტან ტყუილს, პირდაპირი ვარ, მაგრამ გულში არ ვიტოვებ წყენას…
ბევრჯერ პატიება შემიძლია, მაგრამ არა უსასრულოდ ,პატარა მწყინს და პატარა მახარებს…მხოლოდ ჩემ თავთან ვარ მაქსიმალისტი.

 

მიყვარს თეთრი ფერი, რადგან თეთრზე ერთი უმნიშვნელო ჭუჭყიანი წერტილიც კი ჩანს, რომელმაც შეიძლება სულის მსხვრევაც კი გამოიწვიოს…
მიყვარს ღიმილი, რომლის მიღმაც ერთი მარტოხელა, უამრავი ქარტეხილებ გადავლილი, აუარება ტკივილით დაღლილი და დაფლეთილი სულის, სიცოცხლისათვის მებრძოლი ქალის სახე იმალება…”
ვბრუნდები
მეძახის მთები და მეც მთებში მოვდივარ,
თან მომაქვს უბეში ნაგროვი ფიქრები,
ჭრელ-ჭრულა მინდვრებო, უპირო როდი ვარ?!
ამ მონატრებაში, ბოლო არ ვიქნები!
მოვდივარ, გზა-სავალს მიკვალავს რიჟრაჟი,
ჯერ ჩრდილი არ მახლავს, სრულიად მარტო ვარ,
თან მომაქვს ქალწულთა ღიმილი გიჟმაჟი,
ვინც ნაკადულებთან ბავშობა დატოვა…
მოვდივარ, მეძახის ხევების გრიალი
ხმა კლდიდან ქარაფში ჩავარდნილ ჩანჩქერის,
თმებს მიწეწს მთის ქიმზე ნაშობი ნიავი,
მზე ამოწვერილი თვალებში ჩამცქერის.
მოვდივარ, სურვილი მახელებს ზრუნვაზე,
მზე -ჭაბუკ ბიჭების უხედნელ რაშების,
და ყვავილთ ყანაში ფუტკრების ზურნაზე
ფარფატა პეპლების დასს ვეთამაშები.
მოვდივარ , მაგიჟებს სითეთრე გვირილის
და მთებზე ნარჩენი ყინულის ხუნდები,
საცაა მომწვდება ირმების ყვირილი
და ისევ ჯადოსნურ ბგერებთან ვმუნჯდები.
ცა ისე ლურჯია და ისე უბელო ,
ჩიტები ხატავენ უფერო ფუნჯებით
სად ჩამოიმუხლე ავყია ღრუბელო,
გზა გადამინამე, ხომ ხედავ ვბრუნდები?!
მეძახის მთები და მეძახის მზეწნული
ბუნების განგებავ, მომეცი წყალობა,
თან მომაქვს გვირგვინი ნაწნავზე შეწნული
საკინძე უხსნელი მთის ყმაწვილ-ქალობა.
                                               ლ.ლეგაშვილი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close