დღის ამბებიინტერვიუსპორტი

ისტორიის კაცი – იმედა აშორტიასთან

ისტორიის კაცი - იმედა აშორტიასთან

    თელაველმა ქომაგმა, იმედა აშორტია კლუბის დაარსების დღიდან გაიცნო, როდესაც კაფანდარა და სხარტი ბიჭი “გივი ჩოხელზე” პანტა-პუნტით ყრიდა გოლებს მეტოქეთა კარში – ვისაც არ გახსოვთ, გეტყვით, რომ აშორტიას ერთ კონკრეტულ მატჩში ერთბაშად 7 ბურთი აქვს გატანილი და გოლების ინტერვალიც ისეთი ხანმოკლე იყო, სტადიონის დიქტორს მისი გვარის გამოცხადებისას ლამის ხმის ჩაწერაც დასჭირდა, იმდენჯერ მოუწია ხსენება…
… ხუმრობა იქით იყოს და 25 წლის აშორტიას “თელავში” ნაღდად აქვს დასაკვეხნი, რადგან:
–  იმედა, ჩვენი კლუბის ხანმოკლე ისტორიაში თქვენი ადგილი უკვე გიკავიათ – პირველივე სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი და გულშემატკივართა რჩეული გახდით…
–  ეგ დრო, მართლაც კარგად მახსენდება და ყოველთვის სასიამოვნო ემოციებს იწვევს ჩემში. მაშინ “თელავი” პირველ ნაბიჯებს დგამდა და მიხარია, რომ გუნდის იმდროინდელ წარმატებაში ჩემი მოკრძალებული წვლილიც შევიტანე – ბომბარდირი და გულშემატკივრების რჩეული გავხდი
–  მერე იყო ხანმოკლე განშორება, თუმცა შარშანდელი სეზონიდან ისევ ჩვენთან ხართ…
– მართალია, მერე გუნდი შევიცვალე და კარიერაც სხვაგან გავაგრძელე, თუმცა “თელავის” მიმართ ჩემი დამოკიდებულება არასდროს შეცვლილა – ყოველთვის ვინარჩუნებდი გუნდთან ახლო ურთიერთობას და დიახ, შარშან, სეზონის დასაწყისში გუნდში დავბრუნდი. ამისთვის კი დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გუნდის ხელმძღვანელობას და კერძოდ, სოსო გრიშიკაშვილს
– ახალი სეზონისთვის გუნდი თავდაუზოგავად ვარჯიშობს, მაქსიმალურად იხარჯებით…
– ახალ სეზონს რაც შეეხება, გუნდში ბევრი ცვლილებებია, ახალი მთავარი მწვრთნელი, ახალი სამწვრთნელო შტაბი და რა თქმა უნდა, ახალი ფეხბურთელები. ვარჯიშები საკმაოდ დატვირთულია და მთავარი ყურადღება ფიზიკური კონდიციების ამაღლებას ეთმობა
– ჩემპიონატის დაწყებას “თელავის” გულშემატკივრებიც მოუთმენლად ელიან…
– “თელავის” გულშემატკივრები ცალკე საკითხია. მინდა აღვნიშნო, რომ ისინი ერთგულებით გამოირჩევიან და როგორც წარმატების დროს, ასევე რთულ სიტუაციაში გუნდს გვერდში უდგანან. ამიტომაცაა, თელავში თამაში ყველა გუნდისთვის რთული – მართალია, წელს, ასე ვთქვათ, ახალი გუნდი ვართ, მაგრამ ერთში დარწმუნებული ვარ, როგორც აქამდე იყო, “თელავი” ახლაც ბრძოლისუნარიანი და ანგარიშგასაწევი იქნება

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close