პატარა მეწარმე თელავიდან-მეგი დენტოშვილი
პატარა მეწარმე თელავიდან-მეგი დენტოშვილი

,,მთავარი ამბები კახეთიდან”, აგრძელებს ჩვენს რეგიონში, ნიჭიერი, მიზანდასახული და წარმატებისკენ მსწრაფველი თანაქალაქელების გაცნობას. დღეს, გიყვებით და გაცნობთ, თელავში ყველაზე პატარა მეწარმე გოგონას. მეგი დენტოშვილი 12 წლისაა. სწავლობს, თელავის ერთ-ერთ სკოლაში.
მნიშვნელოვანია, რომ დღეს უკვე სკოლის ასაკის ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი გენიალური იდეები და მათ მიერვე შექმნილი ორიგინალური ნივთები ფართო აუდიტორიას წარუდგინონ. არაერთხელ შეგვხვედრია სადღესასწაულო თუ პერსონალურ გამოფენა-გაყიდვებზე, მოზარდების მიერ შექმნილი ,,Handmade”-ები.
მეგიც ერთ-ერთი მათგანია. პატარა მეწარმე, წელსაც ყურადღების ცენტრში მოექცა, როდესაც თელავი საახალწლო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობდა.
,,მთავარი ამბები კახეთიდან”/Mak.ge-პირველად მეგის დედას ესაუბრა. როგორც ის ამბობს, პატარა გოგონა ბავშვობიდან მშვიდი ხასიათით გამოირჩეოდა, თუმცა ხელსაქმე ყოველთვის აინტერესებდა.
,,პანდემიის პერიოდში დავინახეთ, რომ მოზარდები ტელეფონებს და კომპიუტერებს ძალიან მიეჯაჭვნენ. მოაკლდნენ სკოლას, გართობას, რეალურ ურთიერთობებს… თუმცა ამასთან, ძალიან ბევრმა მშობელმა იზრუნა, რომ დროის გაყვანის მიზნით შვილს რაიმე ხელსაქმე ესწავლა, შემოქმედებითი საღამოები მოეწყოთ შვილებთან ერთად, ეს ნამდვილად იყო ერთგვარი განტვირთვა და თერაპია. მეგიც, ყოველთვის იყო გამორჩეული თავისი იდეებით. პატარაობიდანვე ცდილობდა, საკუთარი ხელით რამე ახალი ნივთი შეექმნა და ოჯახის წევრებს გვიზიარებდა. ძალიან მიხარია, რომ დღეს მისი მონდომებით და თავდაუზოგავი ენერგიით, მოტივაცია მეტად უღრმავდება და თავისი ბავშვური ჰობი, მის ყოველდღიურობად აქცია.“-გვიყვება, მეწარმე გოგონას დედა.
მეგი, მოგვიყევი შენს შესახებ…
– ყოველთვის ვცდილობდი შემექმნა საკუთარი სამყარო, სადაც თავს ვიგრძნობდი ბედნიერად. უკვე ერთი წელია, ჩემი ჰობი ყოველდღიურ მუშაობად იქცა. ნატურალური ქვებით ვქმნი, სხვადასხვა სახის აქსესუარებს. სულს და გულს ვდებ, თითოეულ ნივთის შექმნაში. წელს, თელავში საშობაო გამოფენა – გაყიდვაში მიღებულმა მონაწილეობამ, მოტივაცია უფრო ამიმაღლა და უფრო მეტის გაკეთება მსურს. -გვიამბობს, მეგი დენტოშვილი.
-მეგი, რაზე ოცნებობ?
– ვოცნებობ, მქონდეს საკუთარი კუთხე, სადაც ჩემი ხელით შექმნილ ნივთებს წარმოვადგენ. ასევე, ძალიან მინდა მინანქარზე მუშაობა.
მეგი, საკუთარ ხელნაკეთებს ონლაინ მაღაზიის საშუალებით ყიდის. ასევე, გამოფენა-გაყიდვებშიც მონაწილეობს. მისი სამომავლო გეგემები კი, სკოლის წარმატებით დამთავრებაა, განათლების მიღება და საყვარელი საქმის, მაქსიმალური განვითარებაა.
ამ პატარა ისტორიით, ჩვენ გვინდა ბავშვებს დავანახოთ, რომ შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით ყველაფერი შესაძლებელია. გვსურს, წარმოსახვის გაფართოებაში დავეხმაროთ და თანატოლები ერთმანეთისთვის მაგალითები გახდნენ. ვფიქრობთ, ეს გამოცდილება ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ. რაც უფრო პატარა ასაკიდან დაიწყებენ შესაძლებლობების გამოყენებაზე ზრუნვას, მით მეტი საინტერესო რამ შეიქმნება.