დღის ამბებიპოლიტიკარეგიონისამართალი

პარლამენტის მსგავსად, უმრავლესობისა და ოპოზიციის ცნებები საკრებულოებშიც იქნება

პარლამენტის მსგავსად, უმრავლესობისა და ოპოზიციის ცნებები საკრებულოებშიც იქნება

საქართველოს პარლამენტის მსგავსად, უმრავლესობისა და ოპოზიციის ცნებები მუნიციპალიტეტების საკრებულოებშიც იქნება. შესაბამისი ცვლილებები „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შედის, რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

ცვლილებების მიხედვით, ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებიდან არაუგვიანეს 35-ე დღისა, ბიუროს წარედგინება სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხელმოწერით დადასტურებული საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში გაატარებს.

პროექტით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ის წევრი, რომელიც არ შედის საკრებულოს უმრავლესობაში, განეკუთვნება საკრებულოს – ოპოზიციას.

ცვლილებები ეხება საკრებულოს თავმჯდომარესაც. კერძოდ, თავმჯდომარეს უფლებამოსილება ექნება, საკუთარი შეხედულების შესაბამისად, უარი თქვას საკრებულოს კომისიის წევრობაზე. ასევე მას შეეძლება, გაწევრდეს საკრებულოს ერთი ან მაქსიმუმ ორი კომისიის შემადგენლობაში. „ზემოაღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს საკრებულოს თავმჯდომარეებს საკუთარი ფუნქცია-მოვალეობათა უკეთ განხორციელებაში, შესაბამისად, დაიხვეწება მენეჯმენტი, ხოლო საქმიანობა გახდება – უფრო ეფექტური“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

ცვლილებების ინიციატორები უმრავლესობის წევრები – სოზარ სუბარი, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ ჯაფარიძე, ბექა დავითულიანი, ანზორ ბოლქვაძე და დიმიტრი სამხარაძე არიან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close