მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ ა(ა)იპ-ების რაოდენობა შემცირდა დაფინანსება კი გაიზარდა

0

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 2017 წლის 19 მაისს, 7 ხმით 5-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ინიცირებულ საკითხს ქალაქ თელავისა და თელავის თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ. თელავის თემის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კი, მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხი 18 ხმით 10-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ამ საკითხზე საზოგადოებრვი პროტესტის მიუხედავად, თვითმმართველობებში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიურომ 2017 წლის 5 ივნისს დაარეგისტრირა. მოგვიანებით, პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტი დაამტკიცა. ცვლილების შედეგად, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე შემცირდა, აღნიშნული სტატუსი თელავმაც დაკარგა. ამჟამად, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მხოლოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთს და ბათუმს აქვთ. აღნიშნული ცვლილება ძალაში 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შევიდა.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რა ცვლილებები მოხდა ა(ა)იპ-ების რაოდენობასა და დაფინანსებაში ქალაქ თელავის და თელავის თემის გაერთიანების შემდეგ.

როგორც ცხრილებიდან ჩანს, მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად, ა(ა)იპ-ების რიცხვი შემცირდა, ასევე, უმნიშვნელოდ შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობაც, თუმცა გაიზარდა ა(ა)იპ-ების დაფინანსება.

რეორგანიზაციის შედეგად, გაერთიანდა ქალაქ თელავის და თელავის თემის ბაგა-ბაღების გაერთიანება და ჩამოყალიბდა ა(ა)იპ – თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო. ორი ა(ა)იპ-ის დაფინანსება გაერთიანებამდე ჯამში 3 323 980 ლარს შეადგენდა, ახლა კი 4 017 000 ლარია. გაერთიანებამდე, ორივეში ერთად, 583 თანამშრომელი მუშაობდა, ახლა კი – 590 მუშაობს.

როგორც ფაქტ-მეტრს ა(ა)იპ – თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, 2016-2017 წლებში ბაღებში თელავის მუნიციპალიტეტის 22 სოფლის ბაღში ირიცხებოდა 1 000 აღსაზრდელი, ხოლო ქალაქის 9 ბაღში – 1 519. 2018 წელს მთლიანი მუნიციპალიტეტის 31 ბაღში ირიცხება 3 100 აღსაზრდელი.

2016-2017 წლებში აღსაზრდელთა კვებაზე ჯამურად დაიხარჯა – 825 096 ლარი (ქალაქი თელავი – 491 240 ლარი; თემი – 333 856 ლარი). ერთ ბავშვზე კვებისთვის გამოყოფილმა თანხამ, ჯამურად, 31 ბაღისთვის შეადგინა დღეში საშუალოდ 1.57 ლარი (აქედან, ცალკე ქალაქში – 1.62 ლარი აღსაზრდელზე და სოფლებში 1.52 ლარი აღსაზრდელზე). ა(ა)იპ – თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის, თინიკო ხანჯალიაშვილის განმარტებით, კვებაზე გამოყოფილი თანხა 2018 წელს 174 904 ლარით გაიზარდა და ჯამში 1 მილიონს შეადგენს.

მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ, 31 ბაგა-ბაღში და ადმინისტრაციაში დასაქმებულია 612 ადამიანი. 2018 წლიდან სახელფასო ანაზღაურება 20%-ით გაეზარდა 612 თანამშრომელს. შრომის ანაზღაურების 2018 წლის ბიუჯეტში გაწერილია 2 219 855 ლარი.

ქალაქის და თემის გაერთიანების შემდეგ შეერთდა ქალაქ თელავის და თელავის თემის კულტურის ცენტრები და ჩამოყალიბდა ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი. მათი დაფინანსება გაერთიანებამდე 629 130 ლარი იყო, ახლა 725 160 ლარია. რაც შეეხება თანამშრომლების რაოდენობას – 156 კაციდან, 152-მდე შემცირდა.

ოპტიმიზაცია მოხდა ორივე მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებებში და ჩამოყალიბდა ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანება. გაერთიანებამდე მათი დაფინანსება 698 390 ლარს შეადგენდა, გაერთიანების შემდეგ კი 236 330 ლარია.

ასევე, შეერთდა საბიბლიოთეკო გაერთიანებები. გაერთიანებამდე ორივე ა(ა)იპ-ის დაფინანსებისთვის ჯამში 228 680 ლარი იყო განსაზღვრული, გაერთიანების შემდეგ კი დაფინანსება 234 000 ლარამდე გაიზარდა. თანმაშრომლების რაოდენობა 66-დან 64-მდე შემცირდა.

უცვლელი დარჩა
„მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი“ – მუნიციპალიტეტების გაერთიანებამდე მისი დაფინანსება 75 000 იყო, ახლა 85 000 ლარია. თანამშრომლების რაოდებობა ერთით, 22-დან 21-მდე შემცირდა.

„თელავის საფეხბურთო სკოლა კახეთი“ – გაერთიანებამდე მისი დაფინანსება 100 000 იყო, ახლა 194 880 ლარია. თანამშრომლების რაოდნობა 14-დან 29-მდე გაიზარდა.

„სპორტულ კლუბთა გაერთიანება თელავი“ – გაერთიანებამდე მისი დაფინანსება 313 690 ლარი იყო, ახლა 662 440 ლარია. თანამშროლების რაოდენობა 34-დან 49-მდე გაიზარდა. გააგრძელე კითხვა აქ

Facebook Comments

Don`t copy text!