ზაზა მზექალაშვილი

„გვეშველება რამე?!“

(ამ ბლოგის ინსპირაცია mak.ge-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვა გახდა)

საზოგადოების რაღაც ნაწილთან ურთიერთობისას არაერთხელ შეგვხვდება ეს მარადიული, პესიმისტური და მითის დონემდე დაყვანილი რიტორიკული შეკითხვა. ცოტა არ იყოს დამაბნეველია, ვის დახმარებას ველოდით, ველით ან დაველოდებით. ვის მოვიაზრებთ „ზეკაცში“ და რატომ ვცდილობთ მიზეზების სხვაგან ძიებას, როდესაც პრობლემის საწყისი სწორედ ამ კითხვაშია.

ალბათ, უცნაური არ იქნება, თუკი ამ ყველაფერს განათლებისა და მისი რეალიზაციის პრობლემას დავუკავშირებ. რატომღაც, მოქალაქეებს წარსულში ქექვა უფრო იზიდავს და იმდენად არიან მომავლის ლოდინში გართულები, რომ აწმყოსა და მასში არსებულ ჩავარდნებს მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ. უმაღლესი განათლება ჯერ კიდევ სისტემურად, სტერეოტიპული მიდგომებით ფასდება და იმ „ჩემი შვილი დოქტორია / პროფესორია / იურისტია“ პრინციპებს ვერ სცდება.

სწორედ ამიტომ ახალგაზრდები, იმ მომენტში, როდესაც რადიკალური გადაწყვეტილების მიღება უწევთ, ხშირად ექცევიან ასეთი გავლენის ქვეშ და საბოლოოდ, მათთვის უპერსპექტივო, უინტერესო არჩევანს აკეთებენ. ამ ყველაფერს თან ერთვის სკეპტიკური სოციალური განწყობა, ქალაქში არსებული დაწესებულებების მიმართ, რაც ხშირ შემთხვევაში სამართლიანია. თითქოს, ყველას ჰგონია, რომ ვინც რჩება ქალაქში, განვითარებას არ საჭიროებს და ყველა, ვისაც ჭირდებოდა თუ არ ჭირდებოდა – დედაქალაქში გაიქცა. სტანდარტები დაბლა იწევს, ძირითადი აქცენტი მცირე ბიზნესზეა გადატანილი და კაფეებისა და რესტორნების ქალაქად ქცევას აღარაფერი უკლია.

რა არის თელავის ძირითადი პრობლემა? – ჩემი აზრით ტვინების, მომავალი თაობის, ადამიანური რესურსის გადინება, რაც გინდათ ის დაარქვით. ფაქტია თელავს ინიციატივა, ახალი სისხლი აკლია. ამ დროს კი ისინი, რომლებმაც ეს დანაკლისი უნდა აანაზღაურონ, წინა თაობის შეცდომები გამოასწორონ და ბოლოს და ბოლოს ჩვენც გაგვასინჯონ ინტელექტულური პროგრესის გემო, ჯერ კიდევ ელემენტარულ საწყისებზე ზრუნავენ და ქალაქის მთავარ პრობლემად გასართობი ადგილების არქონას ასახელებენ. ამასთან მეორე ნაწილს, რომელსაც მართლა სურს საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება, გაჩანაგებული და არასათანადოდ მომზადებული ნიადაგი ხვდება ამისთვის…
(დასასრული და დასკვნა მკითხველისთვის მიმინდვია)

მეტი
Close