დღის ამბები

პანკისში მესამე ჰესის მშენებლობა დაიწყო, ალაზანს 4.5 კმ-ზე მილებში მოაქცევენ

ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მესამე ჰესის, „ხადორი 3“-ის მშენებლობა დაიწყო. პროექტის მიხედვით, ჰესის შენობა სოფელ ბირკიანში, დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში განთავსდება. ჰესისთვის წყლის მიწოდება კიხადორი 2“-ის გამყვანი არხიდან მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბირკიანს ზემოთ ხადორამდე, დაახლოებით 4.5 კილომეტრზე, მდინარე ალაზანს მილსადენში მოაქცევენ.

სოფელ ბირკიანში, მდინარე ალაზანზე 5.4 მგვტ. დადგმული სიმძლავრის „ხადორი 3“ ჰესის ასაშენებლად, სატვირთო მანქანებს უკვე გადააქვთ 2 მეტრი დიამეტრის უზარმაზარი მილები.

„ხადორი 3“ ჰესი საცხოვრებელი სახლებიდან 90 მეტრშია. მოსახლეობა სოფელთან ასე ახლოს ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია.

„ჩვენი ერთადერთი შემოსავალი საქონელია. ბირკიანს ისედაც პატარა საძოვარი აქვს. ნაკრძალში საქონელს არ უშვებენ. რიყეზე კი, მდინარის პირას, ზაფხულში გვალვის დროს ისედაც ბალახის პრობლემა გვქონდა და ახლა, წყალი რომ აღარ იქნება მდინარის კალაპოტში, ეს პრობლემა უფრო გამწვავდება.

ალაზანს ამხელა მილებში რომ მოაქცევენ, შეიძლება ჭაში სასმელი წყალიც დაგვიწყდეს. ალაზნის წყლით საზრდოობს ჩვენი სოფელი და ალაზანი რომ აღარ იქნება, ჭაც დაშრება.

არცერთხელ არ მოსულან და ხალხთან საუბარი არ ჰქონიათ. პირდაპირ მილების მოტანა რომ დაიწყეს, ხალხს ხომ უნდა აგვიხსნან, ამ საფრთხეების თავიდან აცილებას რით აპირებენ. ამ ყველაფრის გარეშე ხალხი წინააღმდეგია და კიდევ ერთი ჰესის აშენებას არ დავუშვებთ“, 

„წყალი თუ აღარ იქნება, საძოვარი თუ აღარ იქნება, როგორ უნდა ვიარსებოთ აქ? სოფლიდან ცოტა მოშორებით გაეკეთებინათ ჰესი, მაგრამ არავის უკითხავს ჩვენი აზრი. ამ ადგილას და ამ რისკებით ჰესის მშენებლობის წინააღმდეგნი ვართ“, – ამბობს რამაზ მარგოშვილმა .

მოსახლეობა უახლოეს დღეებში საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს.

 

ჰიდროელექტროსადგურს „ხადორი 3“ კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჰესისთვის წყალაღება „ხადორი 2“ ჰესის გამყვანი არხიდან მოხდება. ამისათვის კი ხადორის ხეობაში 4.5 კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობაა დაგეგმილი. მდინარის კალაპოტში ალაზნის წყალი თითქმის აღარ დარჩება და ხადორის ხეობა ხოროჯოსწყლის, ბაწარას, ქვაჩადალას და რამდენიმე მცირე შენაკადის იმედზე რჩება.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მიხედვით, მდინარეში წყლის დონის მკვეთრი შემცირების გამო მოსალოდნელია ტყის გამეჩხერება, წავის და სხვა ცხოველების პოპულაციის, ასევე წითელ ნუსხაში შეტანილი ნაკადულის კალმახის და თევზის სხვა სახეობების მნიშვნელოვანი შემცირება. წავის პოპულაციის კლების მიზეზი შემცირებული საკვები ბაზაა, რასაც მდინარის ჩამონადენის კლება გამოიწვევს. ხელფრთიანებისთვის კი გარკვეულწილად თავშესაფარი ადგილები განადგურდება.

ხადორის ხეობა დამსვენებლებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილია პანკისის ხეობაში. მდინარეში წყლის დონის მკვეთრი შემცირების გამო, ბირკიანს ზემოთ სავარაუდოდ აღარ დარჩება საბანაო და სათევზაო ადგილები.

ჰესის მშენებელი კომპანიის, „ალაზანი ენერჯის“ წარმომადგენლის, გიორგი გოგავას განცხადებით, „ხადორი 3“-ის მშენებლობა 2019 წლის დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. „ხადორი 3“ ენერგოსისტემას მიუერთდება „ხადორიჰესი“- ახმეტის 110 კვ უკვე არსებული ხაზის საშუალებით. ამ მიზნით „ხადორი 3“-თან 110/6.3 ძაბვის ქვესადგური მოეწყობა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close