სიღნაღში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სიღნაღში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Views: 51 ქალაქ სიღნაღში აბრამიშვილის, ბეჟანიშვილის, მოსაშვილის და მოსულიშვილის ქუჩებზე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ამ ეტაპზე აბრამიშვილის და ბეჟანიშვილის ქუჩებზე მოასფალტება დასრულდა. მათივე ინფორმაციით, ასევე, ბეჟანიშვილის ვრცლად/More »

“ბორჯღალოსნების” 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია

“ბორჯღალოსნების” 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია

Views: 50 “ბორჯღალოსნების” სამწვრთნელო შტაბმა ის 43 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან. რაზმში 26 მორკინალი და 17 ხაზის მოთამაშეა. გაფართოებულ შემადგენლობაში 28 ლეგიონერია, 15 კი დიდი 10-ის კლუბებს წარმოადგენს. ვრცლად/More »

სოფელ ყარაჯალაში 40 წლამდე მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

სოფელ ყარაჯალაში 40 წლამდე მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

Views: 57 სამართალდამცველებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მომხდარი მკვლელობა გახსნეს. მკვლელობაში ბრალდებული ფ.მ. სამართალდამცველებმა უკვე დაკავეს. შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ, სოფელ ყარაჯალის ცენტრში თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლამდე მამაკაცი მოკლა. ადგილობრივები მომხდარს ვრცლად/More »

ტრამპი ირანს განადგურებით დაემუქრა

ტრამპი ირანს განადგურებით დაემუქრა

Views: 49 აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად იძაბება. თეთრი სახლის ლიდერი ამჯერად ირანს განადგურებით დაემუქრა. დონალდ ტრამპის განცხადებით, შტატები თავდასხმებს გაძლიერებული ძალებით უპასუხებს, რაც ზოგიერთ სფეროში სრული განადგურება იქნება. “ამერიკული სამიზნეების წინააღმდეგ ვრცლად/More »

ივანიშვილმა გახარიას გადასაყენებლად დრო ითხოვა (?)

ივანიშვილმა გახარიას გადასაყენებლად დრო ითხოვა (?)

Views: 58 “პირველი რადიოს” ინფორმაციით, გვიან ღამით, ბიძინა ივანიშვილთან გახარიას მონაწილეობით მმართველი რამდენიმე ლიდერის შეხვედრა გაიმართა. წყაროს ინფორმაციით, შეხვედრაზე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე მსჯელობდნენ. არსებული ინფორმაციით, მონაწილეთა ნაწილი გახარიას გადადგომას ითხოვდა, თუმცა მათ ივანიშვილის დარწმუნება ვრცლად/More »

თელავში ჯუმბერ სახეიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

თელავში ჯუმბერ სახეიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

Views: 65 თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის მუსიკალური სასწვლებლის წინ თელავის საპატიო მოქალაქის, კომპოზიტორ ჯუმბერ სახეიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნამდე თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე მუსიკოსის საავტორო საღამო გაიმართა. ვრცლად/More »

თელავის მუნიციპალიტეტში 15 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტში 15 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

Views: 764 2019 წელს თელავის მუნიციპალიტეტში  15 მილიონი  ლარი დაიხარჯება, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. თანხები  გადანაწილებულია როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასევე  რეგიონული განვითარების   ფონდიდან, სოფლის დახმარების პროგრამებიდან, სკოლებისა და ამბულატორიებისათვის მთავრობის მიერ გამოყოფილი სუფსიდიდან .  ვრცლად/More »

ვინ არიან კახელი მილიონერი პარლამენტარები

ვინ არიან კახელი მილიონერი პარლამენტარები

Views: 247 „მედიატორმა“ და პარტია „ახალმა საქართველომ“ ერთობლივი კვლევის შედეგების მიხედვით საქართველოს პარლამენტის წევრთა ქონების კვლევა ჩაატარა.  ვრცლად/More »

ირმა ინაშვილი – „ საჯარო სკოლებში ბავშვთა კვება იყოს უფასო “

ირმა ინაშვილი – „ საჯარო სკოლებში ბავშვთა კვება იყოს უფასო “

Views: 193 ირმა ინაშვილი – “ფაქტია, რომ სკოლის სასადილოებში არსებობს ე.წ. ნისიის რვეულები, სადაც ფიქსირდება,- თვის მანძილზე კონკრეტულმა მოსწავლემ რამდენი ცალი ფუნთუშა, თუ ღვეზელი აიღო. ვრცლად/More »

ირმა ინაშვილი – „პანკისის მოსახლეობა კი, რომელსაც ტყუილი არ უყვარს, უკმაყოფილოა“

ირმა ინაშვილი – „პანკისის მოსახლეობა კი, რომელსაც ტყუილი არ უყვარს, უკმაყოფილოა“

Views: 183 საქართველოს პარლამენტის წევრმა ვიცე სპკერმა, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პანკისის ირგვლივ არსებულ  მდგომარეობას გამოეხმაურა “მე არა ვარ ჰესების მოწინააღმდეგე, მაგრამ რომც ვიყო, ეს დანაშაული არ არის, ამიტომ ჩემს დამოკიდებულებას და ვრცლად/More »

 

„ბრენდ“ შეწირული მუზეუმი

„ბატონის ციხის“ ტერიტორიაზე არსებული ისტორიულ ძეგლებსა და ნაგებობებს რესტავრაცია–შეკეთება სულ ბოლოს გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1978–1983 წლებში ჩაუტარდა. შესაბამისად, ჩვენი დროისთვის აუცილებლად საჭიროებდა განახლებას. ამიტომ 2012 წლის მარტში, როდესაც საჯაროდ და ოფიციალურად გამოცხადდა, რომ თელავის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია–რესტავრაცია „ბატონის ციხის“ კომპლექსში შემავალ ძეგლებსაც ჩაუტარდებოდა, ყველა დიდი სიხარულით შეხვდა ამ გადაწყვეტილებას!
განსაკუთრებულად იმედის მომცემი იყო იმჟამინდელი კულტურის მინისტრის მოადგილის, დავით ცხადაძის („ამ რეაბილიტაციით და მუზეუმის ახალი შენობის აშენებით თელავი, შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ ხდება საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სამუზეუმო ბრენდის მფლობელი. ისეთი, როგორიც იქნება თელავი უახლოეს მომავალში და, საერთოდ, კახეთი, ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენ გვინდა, რომ ყველამ ვნახოთ. იქნება სრულიად განსხვავებული, სრულიად ის, რომ ვერავის ვერ შეადარებ! შეუდარებელი იქნება თელავი და კახეთი“(დ.ცხადაძე), კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ვაჩეიშვილისა („ეს არის ახალი კონცეპტუალური პროექტი. პროექტი, რომელიც გულისხმობს ძველის შენარჩუნებასა და სრულებით ახალ კონცეპციაში იმ ბრწყინვალების ჩვენებას, რომელიც კახეთში ხდებოდა ამ საუკუნეების მანძილზე და ეს საიტი გადაიქცევა იმ მიზიდულების ცენტრად, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან მაღალ რანგს მიანიჭებს ამ მთელ სამუზეუმო კომპლექსს!“) და იმჟამინდელი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, რამაზ ნიკოლაიშვილის, („ძალიან დიდხანს ვმუშაობდით ამ პროექტზე“. „მაქსიმალურად ვცდილობთ ამას (სასახლეს, თ.ა.) პირვანდელი სახე მივცეთ“ ხმამაღალი და დიდი იმედის მომცემი 22 მარტის განცხადებები, რომელიც „რუსთავი–2“–ის ეთერში გამოცხადდა, ხოლო დიქტორის თქმით, „გეგმა, რომლითაც XVII-XVIII საუკუნეების ძეგლი უნდა აღსდგეს, უკვე არსებობს!“, რომ რეაბილიტაცია პირველ რიგში სასახლეს ჩაუტარდება! „აღსდგება მუზეუმი, გალერეა“ დასრულდება 2012 წლის ბოლოსათვის”,

თუმცა, იმთავითვე ისიც ცხადდებოდა, რომ ბატონის ციხის რეაბილიტაცია რამდენიმე თვეში, სექტემბერ–ოქტომბერში დამთავრდებოდა!
ამ განცხადებებებამდე ინტერნეტში უკვე იდო ”ბატონის ციხის” ტერიტორიაზე არსებული თუ სამომავლოდ გათვალისწინებული შენობა–ნაგებობების რეაბილიტაციის ესკიზები და ირინა კოშორიძის წერილი “აღმოსავლური სტილიდან ორიენტალიზმამდე”, თელავის სამეფო სასახლე“, მაგრამ რეაბილიტაციის ერთიანი პროექტი დღესაც არ სჩანს (თუ არ ჩავთვლით ვიდეო რგოლს, რომელის მიხედვითაც პროექტის სრულად აღქმა საქმეში ჩახედულ ადამიანსაც გაუჭირდებოდა).
უპირველეს ყოვლისა კახთ მეფეთა თელავის სასახლის აშენების თარიღისა და ამშენებლის ვინაობის შესახებ, რადგანაც აღნიშნულ საკითხთა გარკვევის გარეშე შეუძლებელია ამ ძეგლის, მასზე ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოებისა და სარეაბილიტაციო პროექტების ობიექტური შეფასება!
საყოველთაოდ მიღებული აზრით, რომელიც პ.იოსელიანისაგან უნდა მომდინარეობდეს, თელავის სასახლე მეფე-პოეტმა, არჩილმა ააშენა, რომელიც კახეთში 1664-75 წლებში მეფობდა. ეს მოსაზრება ემყარება ვახუშტის ცნობას, რომ ”არჩილ ჰყო სასახლე თელავს” (ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბ. 1973, გვ. 548). თუმცა ვახუშტი თელავში სამეფო სასახლის შესახებ სხვა ცნობასაც გვაწვდის, რომლის მიხედვითაც არჩილმა ახალი სასახლე კი არ ააშენა, არამედ კვირიკეს მიერ აგებული სასახლე განაახლა:”თურდოს ხევის სამხრით, არს თელავი, რომელი ჰყო კვირიკემ, პირველ გამეფებულმან კახეთს და ჰერეთს, სასახლე დიდი, ვითარცა ქალაქი, ხოლო მისცვალა მცირედით მეფემან არჩილ და განაახლა აწცა არს სასახლე და ციხე და მაგრობენ მას შინა”(იქვე ).
თელავის სასახლის შესახებ ვახუშტის ამ ცნობებს გ. ჩუბინაშვილმა შემდეგი კომენტარი გაუკეთა: ”Царевич Вахушти в своей Географии приписывает первоначальную постройку этого дворца царю Арчилу (1664-1675 гг.), таким образом это позволяет отнести ее ко второй половине XVII века. Правда, Вахушти пишет не совсем ясно, а именно: «На юг от Турдосхеви находится Телави, который основан Квирике, замок большой, как город; но несколько изменил его и обновил его 9-ый цар Арчил; и теперь существует дворец и крепость и укрепляются в ней; но как было выше отмечено, тут нечеткость из-за понятного психологически смешения разных данных о Квирике и об Арчиле» (გვ. 577)



თელავის სასახლის სხვა მკვლევარები ვახუშტის ამ მეორე ცნობას არც შეხებიან. სამაგიეროდ აკონკრეტებენ არჩილის მიერ სასახლის აშენების შესაძლო თარიღს. მაგალითად, ლ. რჩეულიშვილის აზრით, არჩილს ”პირველ ხანებში მყარად ვერ ეპყრა კახეთის ტახტი, რადგან კახეთის დიდებულთა მხარდაჭერა არ ჰქონდა. მან იგი მოიპოვა 1667 წლის შემდეგ, როდესაც თანამემცხედრედ მოიყვანა პირდაპირი ხაზით კახთ-მეფეთა შტოს ერთ-ერთი შთამომავალი, თეიმურაზ I-ის შვილიშვილი, ლეგენდარული დიდი ბებიის, სპარსეთში წამებული დედოფლის, თანამოსახელე, დავითის ასული ქეთევანი… ამდენად არჩილის ქეთევანთან შეუღლების წელი შესაძლებელია პირობითად ახალი (არჩილის) სასახლის მშენებლობის თარიღის ქვედა ტერმინუსადაც მივიღოთ, ხოლო სასახლის მშენებლობის ზედა ზღვარი კი მისი კახეთიდან გაძევების წლით შემოიფარგლოს. ე. ი. თელავის არჩილისეული სასახლის მშენებლობა 1667-1675 წლებში უნდა ვივარაუდოთ” (ლ. რჩეულიშვილი, ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები”, თბ., 1994, გვ. 194-195). თუმცა ლ. რჩეულიშვილი არჩილს მიიჩნევს სასახლის ამშენებლად, თვითონვე ეწინააღმდეგება საკუთარ მოსაზრებას არჩილის პიროვნების შეფასებისას: ”თელავის სასახლე ქართველი პოეტის მეფე არჩილის დაკვეთაა, იმ პიროვნებისა, რომელმაც ერთ ერთი პოეტური ხატება გრემის სასახლესაც უძღვნა. აქედან ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის, მისი ბუნებისათვის არქიტექტურული გარემო, მისი რაობა. ამავე დრის, არჩილის პიროვნებისათვის ხომ დამახასიათებელია ყველაფერი ანტიირანული, თავის პოლიტიკაში იგი ხომ ანტისპარსული ტენდენციების გამტარებელია, ლიტერატურაში ხომ ეროვნული მიმდინარეობის მეთაურად არის გამოცხადებული… ის ფაქტიც, რომ ახლად დაარსებული კარის ეკლესიის სახელწოდება სპარსეთში წამებულ, წმინდანად შერაცხულ ქეთევან დედოფლისადმია მიძღვნილი, უკვე ბევრის მთქმელია. ამ ფაქტში სიმბოლურად ასახულია მიუღებლობა და პროტესტი ყოველი ირანულისადმი”(ძეგლის მეგობარი, 1982, #60, გვ. 61-64, აგრეთვე ლ. რჩეულიშვილი, ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები, თბ., 1994, გვ. 198-199).
რამდენად მართებულია მოსაზრება, რომ სასახლე არჩილმა ააშენა?
”არჩილმა ქართულ მწერლობაში ახალი ეტაპი დაიწყო, მთელი ”სკოლაც” შექმნა იმხანად საქართველოში მოძალებულ სპარსოფილურ ტენდენციათა აღსაკვეთად”(ქართული მწერლობა (ლექსიკონი ცნობარი), წ. I, თბ., 1984, გვ. 27). ვახუშტის ცნობითაც, არჩილი იყო ”მოძულე მაჰმადიანთა”. მან ”განაახლა ეკლესიანი ყოველნი კახეთისანი და დასხნა ეპისკოპოსნი, მატა სჯულსა და შენობასა ქუეყნისასა” (ვახუშტი, გვ.603). მეორეს მხრივ, კახთ მეფეთა თელავის სასახლე სპარსული ყაიდის არქიტექტურული ძეგლია. არც ის არის შემთხვევითი, რომ რესტავრაციის დროს სასახლის კარ-ფანჯრების ვიტრაჟები შექის სასახლის ანალოგიით გაკეთდა.
ლ. რჩეულიშვილის მოსაზრება არსებით შესწორებას საჭიროებს. კერძოდ, ზემოთ ნახსენები პატარა ეკლესია, რომელსაც ლ. რჩეულიშვილი არჩილის მიერ ქეთევან წამებულის სახელზე აშენებულად მიიჩნევს და ამიტომაც ”არჩილის კარის ეკლესიად” იხსენიებს, არის ”ბატონის ციხის” ტერიტორიაზე არსებული ყველაზე უძველესი ნაგებობა. უკანასკნელ წლებამდე ამ ეკლესიას რაიმე განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია. მაგალითად: 1963 წელს დასტამბულ წიგნში „თელავი“ ლ. რჩეულიშვილს ასე აქვს აღწერილი ეს ეკლესია: „არჩილის კარის ეკლესია „ბატონის ციხის“ ადრინდელი ეკლესიაა. იგი აშენებულია როგორც მცირე სამლოცველო სასახლესთან… ეკლესიამ ჩვენამდე შეკეთებულმა მოაღწია. იგი მცირე ზომის, ქვითკირის ერთნავიანი აფსიდიანი შენობაა. გეგმა სწორკუთხედშია ჩახაზული და გადახურულია კამარით. დღეს იგი ნალესობით არის დაფარული და არაფრით ღირსშესანიშნავი დეტალი არ უჩანს“ (ლ. რჩეულიშვილი, „თელავი“, თბ., 1963, გვ.41).
ეკლესია „მცირეა და არაფრით არ არის ღირსშესანიშნავი (იგი XVII საუკუნეში უნდა იყოს აგებული)“, – წერს პ. ზაქარაია (პ. ზაქარაია, „საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები“, თბ., 1973, გვ.40).
1982 წელს ლ. რჩეულიშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომელიც მას არ დაუსაბუთებია, რომ აღნიშნული ეკლესია წმ. ქეთევან წამებულის სახელზე უნდა იყოს აგებული (ლ. რჩეულიშვილი, თელავის „ბატონის ციხის“ არჩლისეული სასახლის რესტავრაციის ირგვლივ – „ძეგლის მეგობარი“ #60, 1982 წ. გვ.64).
1983 წლის შემოდგომისათვის დამთავრდა ამ ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები _ მოიხსნა შელესილობა, შეკეთდა გადახურვა და კედლები, გაიწმინდა მიმდებარე ტერიტორია და ძეგლმა სრულიად განსხვავებული სახე მიიღო, მაგრამ მისი დათარიღების საკითხით ხელოვნებათმცოდნეთაგან აღარავინ დაინტერესებულა. აღმოჩნდა, რომ ეკლესია თავდაპირველად სამნავიანი ბაზილიკა ყოფილა და მისი არქიტექტურული დეტალების გათვალისწინებით, X-XI საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. ასე მიიჩნევენ არქიტექტორ-რესტავრატორები. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს აქ აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალაც_ „ბატონის ციხის“ ტერიტორიაზე არსებული ყველა ნაგებობა, გარდა ამ პატარა ეკლესიისა, საფლავებზე დგას. ქალბატონ ცისანა ჩიკოიძის აზრით, რომელიც დიდი ხანია არქეოლოგიურად იკვლევს თელავს, ინვენტარის მიხედვით, აღნიშნული საფლავები X-XI საუკუნეებს განეკუთვნებოდეს. გამოდის, რომ დღევანდელი „ბატონის ციხის“ ტერიტორიაზე X-XI საუკუნეებში სასაფლაო იყო საკუთარი ეკლესიით (დაწვრილებით იხ.: აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მოამბე #4, 2007). ამრიგად, „ბატონის ციხის“ ტერიტორიაზე არსებული პატარა ეკლესია აგებულია X-XI საუკუნებში და თელავის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია. შესაბამისად, ეს ეკლესია შეუძლებელია არჩილის მიერ და თანაც წმიდა ქეთევან დედოფლის სახელზე იყოს აშენებული.
გვაქვს პირდაპირი ცნობებიც, რომ ეს ეკლესია ქეთევანის სახელობისა არ ყოფილა–XIX საუკუნის დასაწყისში რუსი ტოპოგრაფის მიერ შედგენილ თელავის 1802 წლის გეგმაზე „ბატონის ციხის“ ტერიტორიაზე არსებული ეს პატარა ეკლესია პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიად არის მითითებული.
გვაქვს შედარებით უფრო გვიანი ცნობა, რომელიც ადასტურებს თელავის 1802 წლის გეგმის შემდგენლის ცნობის სისწორეს. მხედველობაში მაქვს თავისი დროის ცნობილი რუსი მოგზაურის, მურავიოვის, საქართველოში მოგზაურობის ჩანაწერები. იგი თელავში 1845 წლის სექტემბერში იმყოფებოდა და ასე იხსენიებს „ბატონის ციხის“ ტერიტორიაზე არსებულ პატარა ეკლესიას: „Подле собора (ერეკლე II-ის მიერ აშენებული ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, თ.ა.) существует малая церковь верховных апостолов, уже совершенно оставленная, хотя в ней есть ещё иконостас; она служила соборною церковью до сооружения Успенской“ (Грузия и Армения, ч. I, С.П.Б., გვ. 150).
ამრიგად, მე-19 საუკუნის დასაწყისიდან შუა წლებამდე „ბატონის ციხის“ ტერიტორიაზე არსებული მცირე ეკლესია წმიდა მოციქულების პეტრესა და პავლეს სახელობისა იყო. ჩანს, ასევე იწოდებოდა იგი საქართველოს რუსეთთან შეერთებამდეც, რადგან არც ერთი ჭკვათამყოფელი ქართველი ქეთევან წამებულის ეკლესიას სახელს არ შეუცვლიდა.
მოგვიანებით ეს ეკლესია წმ. ნინოს სახელობის ეკლესიად იხსენიება. საფიქრალია, კახთ მეფეთა სასახლეში 1867 წელს წმიდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით, ეს ეკლესია სასწავლებელს გადაეცა, იგი ხელახლა აკურთხეს და ახლა უკვე წმიდა ნინოს სახელზე. მაგალითად, ეკლესია პირდაპირ წმ. ნინოს სახელობისად არის მითითებული გეგმაზე, რომელიც „სობორომდე“ მისასვლელი ახალი სავალი ბილიკის გაჭრასთან დაკავშირებით არის შედგენილი 1903 წელს. ხოლო 1904 წელს ივერია იუწყებოდა: „14 იანვარს, წმ. ნინოობას დღესასწაულობს წმ. ნინოს სასწავლებელი. სასწავლებელთან წმ. ნინოს პატარა საყდარია, ყოფილა კარის ეკლესიად მეფე ირაკლი მეორისა, რომელსაც აქვე სასახლეში უცხოვრია.. და 11 იანვარს მიცვალებულა. 14 იანვარს ამ ეკლესიაში წირვა შეასრულეს. შემდეგ სასწავლებლის დარბაზში გადაიხადეს პარაკლისი“.(ივერია, 1904, #28).
ამრიგად, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს გასაბჭოებამდე „ბატონის ციხის“ ტერიტორიაზე არსებული პატარა ეკლესია წმ. ნინოს სახელობისა იყო. შესაბამისად, ლ. რჩეულიშვილისა მოსაზრება ამ ეკლესიის დათარიღებისა და სახელწოდების შესახებ დიდი ხნის მოძველებულია. (აქვე შევნიშნავ, მცდარი აზრი, რომ „ბატონის ციხის“ ტერიტორიაზე არსებული პატარა ეკლესია შეიძლება წმიდა ქეთევანის სახელობისა ყოფილიყო, პირადად მე მეკუთვნის და სწორედ მე მივაწოდე იგი ბატონ ლევანს 1977-78 წლებში ამ ეკლესიის რესტავრაციის დაწყებამდე მისი თელავში ყოფნის დროს. მანაც იგი გაახმოვანა 1982 წელს).
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გამოდის, რომ დღევანდელი ”ბატონის ციხის” ტერიტორიაზე X-XI საუკუნეებში ქრისტიანული სასაფლაო იყო საკუთარი ეკლესიით. მოგვიანებით, ჩანს, გავერანებული სასაფლაოს ადგილას აშენდა სასახლე, შემდეგ კი აქ სხვა ნაგებობებიც აღიმართა. არჩილი კი თავისი შემოქმედებით ქრისტიანული მორალის დიდი მქადაგებელი იყო. ამიტომ წარმოუდგენელია, რომ მას, მაჰმადიანთა მოძულე კაცს, რომელმაც ”განაახლა ეკლესიანი ყოველნი კახეთისანი და დასხნა ეპისკოპოსნი, მატა სჯულსა და შენობასა ქუეყნისასა”, კახთ მეფეთა სპარსული ყაიდის სასახლე თუნდაც გავერანებულ ქრისტიანთა საფლავებზე აეშენებინა.
ამასთან, ლ. რჩეულიშვილის დამოწმებულ მოსაზრებიდან არჩილის მიერ ქეთევანის სახელობის ეკლესიის მშენებლობას თუ გამოვრიცხავთ გამოდის, რომ სპარსთმოძულე არჩილმა თავის სამყოფელად მხოლოდ ”არქიტექტურული გარემოს” სიყვარულით ააშენა სპარსული ყაიდის სასახლე, რაც დაუჯერებელია!
ამიტომ ვახუშტის ცნობა, რომ არჩილმა ”მისცვალა მცირედ… და განაახლა” კვირიკესეული სასახლე თელავში, რომელსაც გ. ჩუბინაშვილი კვირიკესა და არჩილის შესახებ არსებული ცნობების აღრევად მიიჩნევდა, პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ-არჩილმა თელავში ახალი სასახლე კი არ ააშენა, არამედ უკვე არსებული კვირიკესეული ძველი სასახლე შეაკეთა-განაახლა!
მართლაც, კვირიკესეული სასახლის ნაშთის არქეოლოგიური შესწავლისას აღმოჩნდა, რომ სასახლე გვიან არის აღდგენილი: ”საფიქრალია, რომ ნაგებობა (კვირიკესეული სასახლე, თ.ა.) ორსართულიანი იყო და ჰქონდა თაღოვანი გადახურვა. მეორე სართულში სავარაუდებელია საცხოვრებელი ნაწილი, რომელსაც ჩრდილო-დასავლეთ მხარეზე ღია აივანი უნდა ჰქონოდა, რომლითაც გადაჰყურებდა იგი ალაზნის ველს… ამრიგად სავარაუდოა, რომ აღნიშნული ნაგებობა არის ციხე-გალავნის პირველი მეპატრონის სასახლის ნაშთი… განათხარი კომპლექსის ანალიზი გვიჩვენებს, რომ კახეთის ქორეპისკოპოსთა დანგრეულ ციხე გალავანში პირველი ნგრევის შემდეგ იწყება მისი ხელახალი აღდგენა-აშენება. რა თქმა უნდა, სასახლის აღდგენა ხდება არა ძველი გეგმით, არამედ მისი ახალი მეპატრონის ძალებითა და მოთხოვნილებებით… ციხე-გალავანში ცხოვრების აღორძინება უნდა დამთხვეოდა კახეთის სამეფოს მეორე თვალსაჩინო გაძლიერების პერიოდს” (ც. ჩიკოიძე, თელავი, თბ., 1979, გვ. 40-41). თელავის მეორედ აღორძინების პერიოდი კი არჩილის კახეთში გამეფებითა და სამეფო რეზიდენციის თელავში გადმოტანით იწყება და კვირიკესეული სასახლის განახლებაც სწორედ ამ მოვლენამ განაპირობა.
ამრიგად, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენამდე მოღწეული კახთ მეფეთა თელავის სასახლე არჩილის აშენებული არ არის, მან მხოლოდ განაახლა კვირიკესეული ძველი სასახლე, რაზეც ვახუშტი პირდაპირ გვამცნობს და ეს დასკვნა არქეოლოგიური მონაცემებითაც დასტურდება.
მაშ, ვისი აშენებულია თელავის სასახლე?
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, თელავის სასახლე კახეთის რომელიღაც მუსულმანი მმართველის მიერ უნდა იყოს აშენებული და ასეთად დავით იმამყულიხანი გვესახება, რომელიც კახეთის გამგებლობას 1703 წლიდან შეუდგა და თავის რეზიდენციად ჯერ ყარაღაჯი აირჩია, მაგრამ ლეკთა გააქტიურების გამო იგი მალევე მიატოვა. ვახუშტის თქმით, ”არამედ ლეკთა ოდესმე ზავ-ჰყვიან და ოდესმე იწყიან მტრობა. გარნა შემდგომად დაიპყრეს ელისენი და იწყეს ლაშქრობა და მოაოხრნეს მრავალნი დაბნებნი, ესრეთ რამეთუ დაუტევა იმამ-ყულიხან ყარაღაჯი და ჰყო სასახლე თვისი თელავს და მანავს” (ვახუშტი, გვ. 612). ვფიქრობ, ვახუშტის ეს ცნობა დავით იმამყულიხანის მიერ სწორედ ჩვენამდე მოღწეული კახთ მეფეთა სასახლის აშენებას გულისხმობს.
ეს დასკვნა სრულებითაც არ ეწინააღმდეგება მოსაზრებას, რომ ვახუშტის ცნობა ”არჩილ ჰყო სასახლე თელავს” არჩილის მიერ კვირიკესეული სასახლის შეკეთება-განახლებას გულისხმობს, მაგრამ ასახსნელი რჩება რატომღა დასჭირდა დავით იმამყული ხანს თელავში სხვა, ახალი სასახლის აშენება, თუკი აქ არჩილის მიერ შეკეთებულ-განახლებული კვირიკესეული ძველი სასახლე ისევ ფუნქცინერებდა. ”აწცა არს სასახლე და ციხედ. და მაგრობენ მას შინა” თელაველებიო, -წერს ვახუშტი.
კვირიკესეული ციხე-სასახლე არჩილის დროინდელი თელავის შუაგულში იდგა, მისი მიმდებარე ტერიტორია მჭიდროდ იყო დასახლებული ქრისტიანი მოსახლეობით და ეს მას შეუვალობას მატებდა. სავარაუდოდ, არჩილმა სწორედ ამიტომ აირჩია ეს ადგილი თავის სამყოფლად.
მაგრამ ის, რაც მისაღები იყო სულით ხორცამდე ქრისტიანი არჩილისათვის, ჩანს, კატეგორიულად მიუღებელი იყო დავით იმამყულიხანისათვის. საქმე ისაა, რომ იგი, არჩილისაგან განსხვავებით, სპარსოფილი იყო. სპარსეთში დაიბადა და გაიზარდა: ”იმამ ყული და მაჰმად ყული (დავით იმამყული ხანის ძმა, თ. ა.) იყვნენ საჭურისთა თანა ყეენისათა და მუნ იზრდებოდნენ”(ვახუშტი, გვ. 611). ვახუშტი საკმაოდ უარყოფითად ახასიათებს მას: ”მოვიდა დავით იმამ-ყულიხან წლისა 25, დაჯდა ყარაღაჯს მეფედ და დაიპყრა სრულიად კახეთი. არამედ იყო ესე დავით პირშუენიერ-ჰაეროვანი, ტანმცირე, არა ძლიერი და მოქცეული სრულიად წესსა ზედა და სჯულსა მაჰმადისასა, რამეთუ არარაი სწამდა ქრისტიანეთა, უმეცარ ზნეთა და სამხედროთა საქართველოჲსათა. არამედ წიგნნი და ენანი უწყოდა ორნივე ჩინებულად… გარნა იწყო ზნეთა ქართლისათა, სწავლა, რამეთუ მოღობა ასპარეზი და მას შინა ასპარეზობდა უხილაობისათჳს კაცთა და ნადიმობდა კახთა თანა, არამედ თჳთ არა სმიდა ღვინოს მაჰმადიანობისათჳს, რამეთუ იყო, ვითარცა სჯულისთავი მათი… და ცოლიცა ესუა შამხალი გუარისა ისპაანს მამა-პაპით აღზრდილი ტომითაც მაჰმადიანი” (ვახუშტი, გვ. 610-611). ჩანს, ამიტომაც, დავით იმამყულიხანმა არჩილის მიერ შეკეთებულ-განახლებულ კვირიკესეულ ძველ სასახლეს, ახალი სასახლის აშენება არჩია, უსაფრთხოების მიზნით კი ასაშენებელ ადგილად თავისი დროის თელავის გარეთ, უკიდურესი აღმოსავლეთით დაუსახლებელი ადგილი, გავერანებული სასაფლაო აირჩია!
ამრიგად, კახთ მეფეთა თელავის სასახლე დავით იმამყულიხანის აშენებული უნდა იყოს 1707 წლის ახლო ხანებში! სასახლის თანადროულია აბანო და აღმოსავლეთის კარიბჭე კოშკით.
აქვე ხაზგასმით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არჩილს მივიჩნევთ თელავის სამეფო სასახლის აღმშენებლად, თუ დავით იმამ–ყული ხანს, კახეთის ამ ორი მეფის დროინდელ კახეთის ცხოვრებას ბრწყინვალედ ვერ მივიჩნევთ, როგორც ეს ნ. ვაჩეიშვილს წარმოუდგენია!
ახლა კი იმის შესახებ, თუ რა ცვლილებები განიცადა სასახლემ, სანამ ჩვენამდე მოაღწევდა.
მკვლევარები კახთ მეფეთა სასახლის ისტორიაში ორ ეტაპს გამოყოფენ:1. დაარსებიდან XIX საუკუნემდე. 2. რუსეთის ბატონობის პერიოდი.
პირველ ეტაპზე ვარაუდობენ იმ ცვლილებებს, რომელიც სასახლის არქიტექტურაში ერეკლე მეორეს უნდა განეხორციელებინა. ლ. რჩეულიშვილის მოსაზრებით, „ერეკლე მეფეს ამოუვსია XVII საუკუნის შენობის ლივანები და ოთახებად უქცევია ისინი. ამ სადგომების გადახურვა ბრტყელია, სარკმელები –არქიტრავული , მაშინ, როდესაც ძირითადი კომპოზიციის ნაწილებში კამარები გვაქვს და ყველა ღიობი თაღოვანია“. ლ. რჩეულიშვილი სრულიად სამართლიანად ერეკლეს მიერ განხორციელებულ აღნიშნულ გადაკეთებას „გაზრდილი საჭიროების დასაკმაყოფილებელ“ ღონისძიებად მიიჩნევს. მართლაც, ერეკლეს მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავდა და ეს გადაკეთებაც ბუნებრივად გამოიყურება!
ერეკლეს მიერ სასახლის გადაკეთებაზე საუბრობს ი. კოშორიძეც, მაგრამ უფრო საფუძვლიანზე და მეტი კატეგორიულობით: „თავდაპირველმა კომპოზიციამ დროთა განმავლობაში საგრძნობი ცვლილებები განიცადა… შემორჩენილია არჩილის დროინდელი სასახლის მხოლოდ გეგმა და ცალკეული ნაშთები. ნაგებობის საფუძვლიანი რეკონსტრუქცია კი, მოგვიანებით, მეფე ერეკლე II-ის დროს, განხორციელდა…ერეკლეს ამოუშენებია შენობის XVII საუკუნის აივნები და ასევე კამაროვანი გადახურვები ძელურით შეუცვლია“, „სამწუხაროდ, ერეკლე II-ის სასახლის ინტერიერებმა დეკორირების გარეშე მოაღწია ჩვენამდე მათი მრავალჯერი გადაკეთების გამო“, „მეფე ერეკლემ სასახლე მნიშვნელოვნად გადააკეთა“! ერეკლემ „თელავის სასახლე იმდროინდელი ირანული გემოვნებით, მხატვრული ფორმებისა და გეგმების გათვალისწინებით გადაკეთდა“, „როდის უნდა განეხორციელებინა მეფე ერეკლეს თელავის არჩილისეული სასახლის გადაკეთება-რეკონსტრუქცია?“

უნდა შევნიშნოთ, რომ ერეკლეს მიერ განხორციელებული ცვლილება კონკრეტულად სასახლის არქიტექტურაში უმნიშვნელოა და რაიმე „საფუძვლიან რეკონსტრუქციაზე“ საუბარი გადაჭარბებულია–ძნელი წარმოსადგენია, რომ სასახლის ლივანებს თავდაპირველად თაღური გადახურვა ჰქონოდა. სავარაუდოდ, უფრო დამაჯერებელია ვივარაუდოთ, რომ ერეკლემ ლივნების არსებული სივრცეები ფასადების მხრიდან ამოაშენებინა, ხოლი შიდა სივრცე გადატიხვრის გზით რამდენიმე საცავად გადააკეთა. „მრავალჯერად გადაკეთებაზე“ ლაპარაკი ხომ ზედმეტია–არავითარი ცნობა არ არსებობს და არც რესტავრაციის დროს აღმოჩენილა რაიმე მიმნიშნებელი კვალი, რომელიც ერეკლეს მიერ „მრავალჯერად გადაკეთებას“ მიუთითებდა!

ლ. რჩეულიშვილი საქართველოში რუსეთის ბატონობის პერიოდის სასახლის ისტორიაზეც საუბრობს. საქმე ისაა, რომ 1860 წლიდან კახთ მეფეთა სასახლე წმიდა ნინოს საქველმოქმედო საზოგადოების მფლობელობაში გადავიდა, ამასთან, მიღებულ იქნა ნებართვა სასახლის შეკეთების (რემონტის) შესახებ, რომლის პროექტიც არქიტექტორმა ზალცმანმა შეიმუშავა. სამუშაოები დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც აღმოჩნდა, რომ იგი ვერ დააკმაყოფილებდა სასწავლებლის მოთხოვნებს. ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სასახლის შენობა გაეფართოებინათ სართულის დაშენების ხარჯზე, რაც 1867 წლის სექტემრისთვის დასრულდა კიდეც. სასახლემ ჩვენამდე სწორედ სართულდაშენებულმა მოაღწია.

ნ. ვაჩეიშვილი მეტად დრამატულად აღწერს სიტუაციას: „ეს დღეს უცხომ რომ გაიგოს წმინდა ნინოს სასწავლებელი დაინგრა, თელავის მუზეუმი გაიხიზნა, ნუ, გაგაჟრიალებს მართლაც, მაგრამ თუ ეხლა ნახავ, რა ხდებოდა 60–იან წლებში როდესაც ერეკლეს სასახლეს, რომელიც იქვე დგას იყო ინტეგრირებული და, უფრო სწორედ, გადაფარულ–ჩაკარგული ამ XIX-XX საუკუნეების დასაწყისის თეთრ უსახო შენობებში. და მაშინ ჩვენმა წამყვანმა სიძველეთმცოდნეებმა თქვეს, რომ ჩვენ უნდა გავრისკოთ და იმისათვის, რომ გამოვაჩინოთ ეს ძველი. არ ვიცით, როგორი დაგვხვდება ერეკლე ბატონიშვილის სასახლე, მაგრამ ეს უსახური ნაგებობები უნდა რაღაცნაირად მოვხსნათ, მოვხსნათ, მოვხსნათ, რომ რისკი ღირს. არ ვიცით რა დაგვხვდება, მაგრამ ამ უსახურს რაღაც სიძველე მაინც აჯობებსო.”
სინამდვილეში ვითარება არც ისე მძიმე იყო–მართალია, სასახლეს დაშენებული კი ჰქონდა უსახური სართული, მაგრამ ეს „უსახურობა“, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, შეგნებულად იყო ხასგასმული, რაც არქიტექტორის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე მეტყველებს. გარდა იმისა, რომ დაშენებული სართული თვალშისაცემად ბევრად დაბალი იყო სასახლის სართულზე, მას ფანჯრები სწორკუთხედი ჰქონდა მაშინ, როცა სასახლის სართულის შეისრული ფანჯრები შენარჩუნებული იყო. დანაშენი სართულის იატაკის აყრის შემდეგ გამოჩნდა სასახლის შენობის ხელშეუხებელი გუმბათები. ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ დაშენებული სართულის არქიტექტორს გაცნობიერებული ჰქონდა სასახლის მნიშვნელობა და მაქსიმალურად სცადა მისი შენარჩუნება. ამიტომ იყო, რომ სასახლე კარგად „იკითხებოდა“ შენობის შიგნითაც. საილუსტრაციოდ მომაქვს სასახლის ლ. რჩეულიშვილისეული აღწერილობა, რომელიც რესტავრაციამდე დიდი ხნით ადრე, 1963 წელს გამოქვეყნდა: „ს ა ს ა ხ ლ ე–კახთ მეფეთა სასახლის თავდაპირველი კომპოზიციის ძირითადი ბირთვი დღეს შემორჩენილია პედინსტიტუტის შენობის მასივში და ნაწილობრივ გამოყენებულია მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზებად.
ოდნავ წაგრძელებულ სწორკუთხედი ფორმის მისაღებ დარბაზს (ახლა პედინსტიტუტის სააქტო დარბაზი) სამი მხრიდან კორიდორი აკრავს. კორიდორის კუთხეებში მცირე კვადრატული სადგომებია აგებული (ერთ–ერთ კვადრატულ სადგომში, სახელდობრ სამხრეთ-აღმოსავლეთისაში, გადმოცემით ერეკლე მეფე გარდაიცვალა. იგი დღეს მუზეუმის შენობაშია მოხვედრილი)
კუთხის სადგომები განლაგებულია ისე, რომ მათ შორის, შენობის ოთხივე მხარეს, ჩნდება ღრმა ლივნები. ეს ლივნები დღეს გარე კედლითაა შემოშენებული (გარდა დასავლეტის მხარისა), მისაღები დარბაზი და სასახლის სადგომებიდან შემორჩენილი ხუთი კვადრატული ოთახი კამარითაა გადახურული. კამარა ეყრდნობა ისრისებური მოხაზულობის საბჯენ თაღებს.
როგორც დარბაზს, ისე კვადრატულ ოთახებს უხვად აქვთ დაყოლებული სარკმელები, მხატვარ გაგარინის 1837 წლის ჩანახატიდან ჩანს, რომ სარკმელები ორსინათლიანი იყო.
სასახლე აგებულია XVII საუკუნეში, არჩილ მეფის დროს. მცირედად გადაკეთებულია XVIII საუკუნეში ერეკლე II დროს. ეს გადაკეთებანი შეეხო ღრმა დერეფან–ლივნებს (გარე კედლების ჩაშენებით უკანასკნელნი გადაკეთდნენ დახურულ სადგომებად“ (რჩეულიშვილი, თელავი, გვ. 43).
რესტავრაციის პერიოდში გადაწყდა დაშენებული სართულის მოხსნა, თუმცა ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო პროფესორი ლევან რჩეულიშვილი. სასახლის ნაშთს მოეხსნა შელესილობა და დაიწყო მისი სკრუპულოზური შესწავლა. ყოველი ახალი არქიტექტურული დეტალის გამოჩენისთანავე თბილისიდან ჩამოდიოდა კომისია და ამოწმებდა-აფიქსირებდა-აფასებდა მის მნიშვნელობას. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ლ. რჩეულიშვილის აქტიურობა. შეიძლება ითქვას, რომ წარმოშობით თელაველი პროფესორის შეუნელებელი მეთვალყურეობისა და კონტროლის ქვეშ მიმდინარეობდა სასახლის კვლევა-ძიება და რესტავრაცია! შედეგიც შესაბამისი იყო-რესტავრაციის პროცესში გათვალისწინებული და რეალიზებული იქნა კვლევისას აღმოჩენილი ყველა დეტალი, სასახლემ მიიღო ის სახე, რაც დღეს მას აქვს და სხვანაირს ვერც მიიღებდა!
აი, ლ. რჩეულიშვილის შეფასება 1978–1983 წლებისკახთ მეფეთა სასახლის რესტავრაციის შედეგების შესახებ: “რესტავრატორებმა დიდი გულისყურით და მონდომებით, ზოგჯერ რიგ დაბრკოლებათა გადალახვითაც კი, შეასრულეს აღნიშნული სამუშაოები. დღეისათვის ძეგლის პირველი ფენა გამოვლენილი გვაქვს-არაა დარჩენილი ყურადღების გარეშე არც ერთი დეტალი, ჩამარხული და გამოუვლენელი სასახლის ნაშთებში… როგორც კვლევამ გვიჩვენა, პირველი ფენა შემონახულია მხოლოდ ძირითადი კომპოზიციის სახით, მისი სივრცითი ორგანიზაციით და სამშენებლო კონსტრუქციების სახით, მაგრამ ხის კონსტრუქციების გარეშე. მართალია, პირველი ფენის შესწავლის პროცესში რესტავრატორებმა აღმოაჩინეს ზოგი ისეთი დეტალი თუ ანაბეჭდი ხის კონსტრუქციისა, რომელთაც გარკვეულად დააზუსტეს ზოგი რამ, მაგრამ, ამავე დროს, არ შეიძლება არ აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ამ ”აღმოჩენებმა” ერთგვარად გაურთულეს კიდეც რესტავრატორებს საბოლოო პროექტის შემუშავება, რადგანაც საჭირო შეიქმნა ამ დაკარგული ნაწილებისათვის მხატვრული ხორცის შესხმა, მათი არქიტექტურული ”ხატის” წარმოსახვა (კარნიზები, სარკმელთა ალათები კედლის გაფორმება, კარები, იატაკი და სხვა). ასეთ შემთხვევაში რესტავრატორებს აქვთ ერთადერთი გზა-სტილისტიკური ანალოგიების გამოყენება.” (ძეგლის მეგობარი, 1982, #60,1982, გვ. 61 და 62).ესაა რეალური სურათი ჩვენამდე მოღწეული სასახლისა!

პირველი ნაწილის დასასრული


თენგის ალდამიძე – თელავის მუზეულმის ყოფილი დირექტორი


Facebook Comments