ისტორია

თელავის თეთრი სახლის ისტორია

,,ბ-ნ გიორგი ბარძიმოვის ინიციატივით, გადაწყდა ერეკლე II-ის გამზირის დასაწყისშივე აშენებულიყო ერთ-ერთი ულამაზესი შენობა, რომელიც გამოყენებული იქნებოდა არამარტო სახელმწიფო დაწესებულებებისათვის, არამედ თელაველი მოქალაქეებისთვის საცხოვრებლად. ამ მიზნით, ყოფილი ხუციშვილების და პაპუნაშვილების სახლის გვერდზე არსებული, ორსართულიანი სახლში მცხოვრებთა: არევაძეების, ლეკიშვილის, ჯავარაშვილის, ა. გორგოძის, ნაცარაშვილის და სხვები ბინები დანგრეულ იქნა. მის ადგილზე XX საუკუნის 70-80-იან წლებში აშენდა 5-6 სართულნახევრიანი კორპუსი, რომელიც თავისი მხატვრული და არქიტექტურული გადაწყვეტით ერთ-ერთი ულამაზესი შენობა ამშვენებს ერეკლეს ქალაქს. ქუჩის მარცხენა მხარეს ამ სახლის პირველი სართული კაფეს, სავაჭრო ჯიხურებს, მათ შორის საუველირო, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ე.წ. ბრენდულ მაღაზიებს, საკონდიტრო საცხობს და სხვ. უკავია. ამ შენობის მეორე სართულზე თელავის საქალაქო ცენტრალური ბიბლიოთეკაა განთავსებული, ხოლო ზედა სართულები საცხოვრებელ ბინებს უკავია.
ბ-ნ გიორგი ბარძიმოვის სახელს უკავშირდება ასევე, თელავში სამი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. ორი მათგანი რუსთაველის გამზირზეა აგებული, ხოლო ერთი ალაზნის გამზირზე. აი, ასეთი პიროვნება იყო ბ-ნი გიორგი ბარძიმოვი, რომელმაც დიდი და ღრმა შინაარსიან ცხოვრებასთან ერთად, დაამშვენა თელავი. გადის წლები, ადამიანები ივიწყებენ წარსულის ამბებს. დღეს თელავის საზოგადოებამ ნაკლებად იცის გ. ბარძიმოვის მიერ გაკეთებული კეთილი საქმეების შესახებ. იქნებ ქალაქის მომავალმა ხელმძღვანელობამ მაინც გაიხსენოს მისი ღვაწლი და ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი მიაკუთვნოს.”
(მასალა წიგნიდან ,,თელავი – წარსული და თანამედროვეობა”, თ. ვახტანგიშვილი, თ. სიმაშვილი, 2020)
ფოტოები ინტერნეტიდან

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close