მთავარი ამბებიპოლიტიკა

რომელი სფეროების გახსნაზე იმუშავებს მთავრობა

0

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ, საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას, ნინო წილოსანის კითხვის საპასუხოდ, ის სფეროები დაასახელა, რომელთან დაკავშირებითაც, მთავრობა არსებული შეზღუდვების შემსუბუქებაზე იმუშავებს.

„მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდი, განსაკუთრებით, პანდემიის მეორე ტალღის კვალობაზე, ვახორციელებდით არა ზედმეტად მკაცრ, არამედ – უფრო წერტილოვან და სექტორულ შეზღუდვებს, რადგან დარწმუნებულები ვიყავით და ვართ, რომ ჩვენი ეკონომიკა, რომელიც ისედაც ძალიან დაზარალდა პანდემიის შედეგად, უფრო მკაცრ შეზღუდვას ვერ გადაიტანს.

მოხარული ვარ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების უკეთ გაკონტროლების კვალდაკვალ, მოგვეცა შესაძლებლობა, თებერვალი შემსუბუქებასთან ყოფილიყო ასოცირებული. პრაქტიკულად, თითო კვირა გარკვეული შემსუბუქებით იწყებოდა. ჯერ კიდევ, მნიშვნელოვანი სექტორები რჩება შეზღუდვის ქვეშ. ჩვენ, ეკონომიკური ბლოკის მინისტრები, ინსტიტუციურად, მიდრეკილნი ვართ გახსნისკენ, ვიდრე – შეზღუდვისკენ. ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში, კვლავ დავსვათ განსახილველად დარჩენილი ინდუსტრიების გახსნის საკითხი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ფრთხილად მოხდება. რაც შეეხება პრიორიტეტებს – ჩემი მოკრძალებული აზრით, პირველი პრიორიტეტია საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. ეს ეხება უამრავ ადამიანს, ბევრი სირთულე შეიქმნა, თუმცა თავისი დატვირთვა და შედეგი ჰქონდა ამ მობილობის შეზღუდვას. ვფიქრობ, რომ ნომერი პირველი ეს საკითხი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია რესტორნების შიდა სივრცეების საკითხი; მიმდინარეობს აქტიური მუშაობა რესტორნებთან, რომელშიც ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია. ახალ რეგულაციებსაც ვიხილავთ და ალბათ, ერთ-ერთი შემდგომი სფერო ეს იქნება. ასევე, სასტუმროების შემთხვევაში, საკმაოდ კარგ მოდელამდე და მექანიზმებამდე მივედით, თუ როგორ შეიძლება გავხსნათ და დავუშვათ კონფერენციების ჩატარება. ფიტნესცენრები და კერძო საბავშვო ბაღები კვლავაც დახურულია. ეს ის სფეროა, რომელსაც მართალია, ვეხმარებით „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, მაგრამ ყველაზე მეტად დაიჩაგრა. ვფიქრობ, შემდეგი ერთ-ერთი ეტაპი, ალბათ მარტში, უნდა ვიმსჯელოთ ამ დარჩენილი დარგების გახსნაზე. ყველაზე მტკივნეული საკითხია ზამთრის კურორტები, რადგან აქ ბუნებრივი „დედლაინიც“ არსებობს – იწურება ამ კურორტების გახსნის შესაძლებლობა და პერიოდი.

ჩემი აზრით, კვლავაც შეიძლება, მივუბრუნდეთ და განვიხილოთ მხოლოდ სასტუმროების გახსნის ნაწილი, თუნდაც – საბაგიროების გახსნის გარეშე, თუ ეს ყველა ეპიდემიოლოგიური ნორმის დაცვით მოხდება. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც მე განსახილველად დავაყენებ, ეს იქნება“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, ეს მისი, როგორც ეკონომიკის მინისტრის მოსაზრებაა, თუმცა, აუცილებლად გასათვალისწინებელი იქნება ეპიდემიოლოგიური ასპექტი.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close