განათლებალაგოდეხი

მოსწავლეების „დიდმა სიყვარულმა გამათამამა“-ლაგოდეხელი პედაგოგის წერილი

0
,,მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო,
მე გახლავართ სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლამარა ტაბატაძე. დასასრულს მიუახლოვდა ჩემი ამ სკოლაში მოღვაწეობის ექვსწლიანი ვადა და მსურს ამ წერილით ყველას მოვეფერო, იმათაც, ვინც გვერდით მიდგა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და იმათაც, ვინც თავიანთი კრიტიკით მაფხიზლებდა, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში მეხმარებოდა ან უბრალოდ შრომის და ბრძოლის სურვილს მიძლიერებდა.
სურვილი გამიჩნდა ჩემი ამ პერიოდის მოღვაწეობის ერთგვარი შეჯამება გამეკეთებინა და თქვენთვის მეჩვენებინა, რა მაგარ ხალხთან ერთად მომიწია მუშაობამ, და რა კარგი მოსწავლეების დირექტორი ვიყავი მთელი ამ ხნის განმავლობაში. მინდა ჩემი ამ სკოლაში მუშაობის პერიოდზე საუბარი, მაგრამ ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ საკუთარი მიღწევებით თავის მოწონება ჩემი სტილი არ არის.
ამ ერთგვარ „ანგარიშსაც“ ასე შეხედეთ:
ჩემი მოსწავლეების „დიდმა სიყვარულმა გამათამამა“ და კარგი კი არა კარგი ბავშვების სკოლის დირექტორი ვარ. ამ წლების განმავლობაში მე მხოლოდ ჩემი მოვალეობის შესრულებას ვცდილობდი და სახარების სიტყვებით რომ ვთქვათ, ამისთვის მუშაკი განსაკუთრებულ მადლობას არც იმსახურებს.
დიდ მგოსანს უთქვამს, „ერთ კაცის ნდობა ძნელია, თუნდაც გადიქცეს გონებად“-ო, ცხადია მეც ვერაფრის შევძლებდი ჩემი მოტივირებული კოლექტივის თანადგომის გარეშე. მადლობა მათ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მაძლიერებდნენ და ჩემთან ერთად ეწეოდნენ სკოლის მუშაკის მძიმე ტვირთს.
დავიწყებ იმით, რომ როდესაც სკოლაში მივედი, ჩვენი მაშინდელი კოლექტივი „რთულ“ კოლექტივად ითვლებოდა. კოლექტივი შეიმჩნეოდა დაპირისპირებულობა და არაგუნდურობა. ერთ წელიწადში რამოდენიმე დირექტორიც შეიცვალა. ჩემს მოსვლასაც „რევოლუციით“ შეხვდნენ. მახსოვს, ეზოში იდგნენ ცეცხლთან და სკოლის შენობაში არ შემოდიოდნენ, არ უნდოდათ ქალი დირექტორი, არც ქართველი დირექტორი, მე კი ქალიც ვიყავი და ქართველიც, ამიტომ ჩემი დანიშვნის ორმაგად წინააღმდეგნი იყვნენ. მაშინ სამინისტროდან დაწყებული, საგანმანათლებლო რესურსცენტრით და ადგილობრივი თვითმმართველობით დამთავრებული ყველა რგოლი აქტიურად იყო ჩართული პრობლემის გადაწყვეტაში.
სკოლაში შევედით და მადლობა ღმერთს, პრობლემებიც დავძლიეთ ერთობლივი მუშაობით. ამ წლების განმავლობაში კოლექტივი შედგა და მშვიდობამ დაისადგურა, რაც სკოლის აკადემიურ შედეგზეც აისახა. განსაკუთრებით ვცდილობდით სახელმწიფო ენის სწავლების გაუმჯობესებას, რადგან ვიცოდი, ქართული ენის კარგად ცოდნა ჩემი მოსწავლეების წარმატების საფუძველი გახდებოდა და ისინი შესძლებენ მომავალში თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში.

მაშ ასე, შევეცდები 2016 წლიდან მოყოლებული, მინდა თქვენთან ერთად თვალი გადავავლო, თუ როგორ ვცდილობდით ერთად სკოლის გაძლიერებას.

2015-2016 სასწავლო წელი
სკოლა თანამშრომლობდა „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდთან“. ეს ფონდი ნაყოფიერად მუშაობდა ჩვენს მოსწავლეებთან და ბევრი საინტერესო რამ
ასწავლეს სკოლის უფროსკლასელებს. მათგან ერთ-ერთი იყო საპრეზენტაციო პროგრამებში მუშაობა.
1) მოსწავლეები დაფიქრდნენ მათ გარშემო არსებულ პრობლემებზე და მოამზადეს პრეზენტაციები ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე მათი აზრით ყველაზე საჭირბოროტო თემებზე.
გთავაზობთ მოსწავლეების მიერ შექმნილი პრეზენტაციების თემების ჩამონათვალს:
1. გუნელ გასანოვა „გარემოს დაცვა“;
2. აიგუნ ისლამოვა „ტოლერანტობა“;
3. გუნელ ულუხანოვა „ოჯახური ძალადობა“;
4. რუგია ნაბიევა „გენდერული თანასწორობა“;
5. სონა ალიევა „გენდერული თანასწორობა“
6. ულვია ქოსაევა „ოჯახური ძალადობა“;
7. ჯავარათ ალმაზოვა „გარემოს დაცვა“;
8. აიგუნ ისლამოვა „დავიცათ დედამიწა“
9. არზუ მუსტაფაევა „ოჯახური ძალადობა“
გოგონებმა პრეზენტაციები მოაწყეს ვიწრო წრეში, საკუთარ მეგობრებთან და თანაკლასელებთან. უფრო გამბედავი და ამბიციური აღმოჩნდა გუნელ გასანოვა, რომელმაც პრეზენტაცია მოაწყო სკოლის სააქტო დარბაზში და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
1) ამავე პერიოდში გვქონდა აქციები ქუჩაში, სადაც მოსწავლეები ძალიან აქტიურად ერთვებოდნენ.
1. გარემოს დაცვის აქცია, რომლისთვისაც მოსწავლეებმა თვითონ დაამზადეს ფლაერები და პლაკატები სახელმწიფო და აზერბაიჯანულ ენებზე. გამოვიდნენ ქუჩაში პლაკატებით, დაარიგეს ფლაერები, ახლომდებარე მაღაზიებში, სოფლის სახლში და ბანკებში.
2. ადამიანის უფლებების დაცვის აქციისთვის დამზადდა პლაკატები. მოეწყო მსვლელობა
3. ყვავილების დარიგების აქცია სახელწოდებით „ყვავილები თოვდა, თოვდა“ რომელიც ტრადიციად დამკვიდრდა შემდგომ. მოსწავლეებს დედის და ქალთა დღეებისთვის სახლიდან მოაქვთ ყვავილები. შემდეგ ამ ყვავილებისგან პატარა თაიგულებს ამზადებენ და ქუჩაში გამოდიან. ყვავილებს ურიგებენ შემხვედრ ქალბატონებს, აჩერებენ მანქანებს ყვავილების გადაცემის მიზნით, შედიან დაწესებულებებში, მაღაზიებში ბაზრებში და ხალხმრავალ ადგილებში და ულოცავენ დედის დღეს ქალბატონებს.
4. მოეწყო გენდერული თანასწორობისადმი მიძღვნილი აქცია, გამოვფინეთ პლაკატები სააქტო დარბაზში, გავმართეთ კონცერტი.
2) გამოვეცით ჩვენი პირველი სასკოლო ჟურნალი სახელწოდებით „პირველი“. ეს სახელი მოდიოდა ჩვენი სკოლის ნომრიდან და თან გამოხატავდა ჩვენს ამბიციას ვყოფილიყავით პირველები ყველა კარგ საქმეში.
2016-2017 სასწავლო წელი:
1) სკოლა შეირჩა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID G-priEd) მონაწილეობის მისაღებად და ჩაერთო მასში. მასწავლებლები დაეუფლნენ ეფექტურ და ინოვაციურ სტრატეგიებს. სკოლა გამდიდრდა მრავალფეროვანი სასწავლო რესურსებით.
2) სკოლამ მონაწილეობა მიიღო CDI-ს (სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი) მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში „ახალგაზრდები უკეთესი განათლებისთვის“ და გაიმარჯვა. პროექტი განხორციელდა ქართულ სკოლასთან ერთად, რამაც ხელი შეუწყო ქართველი და აზერბაიჯანელი მოსწავლეების დაახლოებას. მასში მონაწილეობდნენ თემის წარმომადგენლები და მოსწავლეტა მშობლებიც. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
1. მოეწყო ქართული კედლის გაზეთების კონკურსი „სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ“;
2. გაიმართა შეჯიბრი „ერთიანი საქართველო“ (მოსწავლეთა ჯგუფები ეჯიბრებოდნენ ინტერნეტიდან ნაწილებად ამოღებული საქართველოს რუკის სწრაფად აწყობაში);
3. მოეწყო პრეზენტაცია „ეს საქართველოა“, სადაც მოსწავლეთა ჯგუფებმა წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ღირსშესანიშნაობები და გააცნეს მოწვეულ სტუმრებს;
4. მოეწყო ექსკურსიები;
5. გაიმართა კონცერტი ქართველი და აზერბაიჯანელი მოსწავლეების მონაწილეობით;
6. გამოიცა ორენოვანი ჟურნალი „მეგობრობა“;
2) განხორციელდა საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის N1233 ბრძანებით დამტკიცებული „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის“ პროგრამით გათვალისწინებული თავისუფალი გაკვეთილების პროექტები:
1. „ქართული თეატრი მომავალი წარმატებისთვის“ ხათუნა გოგობერიშვილის ხელმძღვანელობით დაიდგა სპექტაკლი „საშობაო ზღაპარი“.
2. „მუსიკა გვაერთიანებს“ მალაჰათ ალიევას ხელმძღვანელობით. მოსწავლეებმა შეისწავლეს ქართული პოპულარული სიმღერები და გამართეს კონცერტი
2017-2018 სასწავლო წელი
1) განხორციელდა „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის“ პროგრამით გათვალისწინებული თავისუფალი გაკვეთილების პროექტები:
1. „ვსწავლობთ ცხოვრებისთვის“, ბიოლოგიის მასწავლებლის კასუმ ალიევის ხელმძღვანელობით;
2. „მკითხველთა კლუბი“, ქართული როგორც მეორე ენის მასწავლებელი ელზა მუსალიევა;
3. „ქართული თეატრი“ ქართული როგორც მეორე ენის მასწავლებელი ნათია ლომიძე
4. დამოუკიდებელი პროექტი „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი, ისტორიის მასწავლებელი ბაქირ იუნუსოვი.
2) სკოლა ჩართული იყო სსიპ – მასწავლებელთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ ა(ა)იპსამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტში „საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლება“. განვახორციელეთ პროექტი „ერთობა მრავალფეროვან სამყაროში“ რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ქართული ენის სწავლის მოტივაციის ამაღლებას, თემის ჩართულობის გაზრდას.
3) მივაღწიეთ მოსწავლეების ფართო ჩართულობას ეროვნულ ოლიმპიადებში. მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებებს. კერძოდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „“დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად პროგრამის ფარგლებში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში ჩატარებული ოლიმპიადის მეორე ან/და მესამე ტურის შედეგების მიხედვით „სამეცნიერო საზაფხულო სკოლა საქართველოში“ მონაწილეობის უფლებით კახეთიდან დაჯილდოებულ 6 მოსწავლიდან ორი ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო: ისლამოვი ამირახ და ასგაროვი მურად. (MES 6 18 00660277)
4) იგივე დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად პროგრამის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადის შედეგების მიხედვით „ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში“ მონაწილეობის უფლებით დაჯილდოვდა კაბლის N1 საჯარო სკოლის 4 მოსწავლე: ისლამოვა ასია, მამედოვ ქამალ, შაბანოვა არზუ და ნზბიევ სარხან. (MES 5 18 00777457)
5) ამავე წელს ქართული ენის პოპულარიზაციისა კულტურათშორისი დიალოგის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა „ქართული ენის საზაფხულო სკოლა“. დაჯილდოებულთა შორის მოხვდა ჩვენი სკოლის 14 მოსწავლე, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კონკურსში „ჩემი პირველი ქართული როლი“ (MES 8 18 008 78584)
6) გამოცდა წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით მოხვდნენ ჩვენი სკოლის ორი მოსწავლე: გუნელ გასანოვა და გუნელ ნაბიევა
2018-2019 სასწავლო წელი:
1) მეთორმეტე კლასის მოსწავლემ სალეი სულიკოვამ მონაწილეობა მიიღო სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ კონკურსში „ჩემი პირველი ქართული ტექსტი“, რომელიც სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის გაიმართა და გავიდა საქართველოში მეორე ადგილზე;
2) საქართველოს განთლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში განახორციელა აქტივობა „ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში“. ეროვნულ ოლიმპიადაში მიღწეული შედეგების მიხედვით მონაწილეობის უფლებით დაჯილდოვდა ჩვენის სკოლის მეთერთმეტე კლასის ორი მოსწავლე: სოინოვ უმიდ და სულეიმანოვ შახინ.
3) გამოცდა წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით მოხვდნენ ჩვენი სკოლის ორი მოსწავლე: ქამალ მამედოვი და ჰუსეინ ხიდიროვი.
2019-2020 სასწავლო წელი:
ეს წელი ბევრი აქტივობის საშუალებას არ იძლეოდა, რადგან კორონა გვიტევდა, მაგრამ
1) ჩვენი სკოლის მე-7 კლასის მოსწავლემ ომარ სულეიმანოვმა მონაწილეობა მიიღო
TV 1- ის მიერ ორგანიზებულ ქართული ენის ოლიმპიადაში „ჩვენი ქართული ენა“ და საქართველოში პირველ ადგილზე გავიდა.
2) გამოცდა წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით მოხვდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა: აზიზ შაბანოვმა, მურად ასკაროვმა, მურად დუნიამალიევმა, ამირახ ისლამოვმა და უმიდ სოინოვმა.
ძალიან ბევრი ვეცადე, მაგრამ სკოლის სრულ რეაბილიტაციას ვერ მივაღწიე, თუმცა კარ-ფანჯრების და სახურავის შეცვლა წინგადადგმული ნაბიჯია. მჯერა სამომავლოდ ყველაფერი უკეთესად იქნება.”– წერს, პედაგოგი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close