დღის ამბებირეგიონი

ირაკლი შიოშვილი: კორონავირუსის ინფექციის ზრდის მიუხედავად, კახეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება ამ დრომდე სტაბილური და მართვადია

„კორონავირუსის ინფექციის ზრდის მიუხედავად, რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება ამ დრომდე სტაბილური და მართვადია. მოქალაქეები მინდა დავამშვიდო და ვუთხრა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს“, – ამის შესახებ კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი შიოშვილის განმარტებით, რეგიონის მასშტაბით 4 კოვიდკლინიკას დედოფლისწყაროს საავადმყოფოც შეურთდა, ამიტომ სპეციალისტები არსებულ ვითარებას ჯერჯერობით კარგად უმკლავდებიან.

შიოშვილი მოქალაქეებს ჯანდაცვის უწყებების მიერ გაცემული რეკომენდაციების, წესებისა და რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
კახეთში, კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 5,900-მდე გაიზარდა.

რეგიონის მასშტაბით, სექტემბრიდან ამ დრომდე სულ 2,802 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 169,649 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 141,392-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1,576 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close