ბლოგები

,,დედის გული და დედის თვალები, ხომ შეუდარებელ სითბოს გამოსცემს…”-დილის ფიქრებიდან

0

გუშინდელის არ იყოს და.. ისევ დეკემბრის სუსხიანი დილა გათენდა.. აიი ისეთი, აუცილებლად ფინჯანი ყავით ან ცხელი ჩაით რომ უნდა დაიწყო.

ოჯახის წევრებსაც გაუღვიძიათ.. ზიხარ, შენთვის და ფიქრებში ერევი და ამ დროს, რაღაც ტკბილი ხმა გატრიალებს უკან, ნელი ნაბიჯების ხმით, თმააწეწილ, ბრიალათვალებიან და ბუნჩულა ლოყებიან, თეთრ პატარა სამყაროს ხედავ, რომელიც მართლაც და პატარა კი არ არის, ის შენს მთელ სამყაროს რომ ამთლიანებს, გაძლიერებს და ამაყს გხდის…

ერთხელ მკითხეს.. რას ნიშნავს შენთვის დედაშვილობაო? მაშინ ეს კითხვა ძალიან მარტივად მომეჩვენა, რას ჰქვია რას ნიშნავს დედაშვილობათქო? ჩემი შვილის სიყვარული როგორ უნდა აღვწერო სიტყვებითთქო? ეხლა? ეხლა კი ვხვდები, რომ რაც დროს გადის, ამ კითხვაზე უფრო და უფრო ღრმა პასუხებში შევდივარ…
დედაშვილობას, რომ დიდი ძალა აქვს ეს ახალი არავისთვისაა, ბავშვობიდანვე გვესმის და გვწამს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, გულის სიღრმეში ვიცით რომ ეს ასეა, თუმცა ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცდით “დედაშვილობის” მაგიურ ძალას.

ეს მომენტი ჩემთან სწორედ იმ წამს დადგა, როდესაც ჩვენ ორნი, უმკაცრესი და თეთრი, ცივი კედლების მიღმა მარტო დავრჩით… მაშინ, როდესაც ხვდები, რომ ერთმანეთს უნდა ვუშველოთ… მის პაწაწინა ხელის თითებს, ხელისგულზე რომ ათამაშებ და თავს აიძულებ, გჯეროდეს მხოლოდ კარგის… რომ ყველაფერი კარგად იქნება და მალე… სუულ მალეე… ისევ, თქვენს პატარა სამყაროში დაბრუნდებით…
თუმცა, ალბათ რომ არა ,,იქ” გათენებული ღამეები… თეთრხალათიანი იმედების კორიანტელი საავადმყოფოს დერეფნებში, უფლის რწმენა და გარშემომყოფების თანადგომა… ალბათ, აქ სიტყვები უკვე ზედმეტია… და გაგრძელებასაც აზრი არ აქვს…
უბრალოდ, მინდა გითხრათ, რომ მოეფერეთ, ჩაეხუტეთ და გაუფრთხილდით შვილებს და პირიქით შვილები დედებს…
იყო დედა ნიშნავს, იყო შვილებისთვის კარგი მეგობარი და სამაგალითო აღმზრდელი. დედის გული და დედის თვალები, ხომ შეუდარებელ სითბოს გამოსცემს…უბრალოდ გაათბეთ ერთმანეთი და ყველაფერი კარგად იქნება…

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close