დღის ამბებიეკონომიკა

“2 კვირაში გამოჩნდება პურის ფასთან დაკავშირებით რა სახის სუბსიდირება იქნება საჭირო” – სილაგავა

"2 კვირაში გამოჩნდება პურის ფასთან დაკავშირებით რა სახის სუბსიდირება იქნება საჭირო" - სილაგავა

საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასი ბოლო პერიოდის მაქსიმუმზეა. იმის გამო, რომ საქართველო ძირითადად იმპორტზეა დამოკიდებული, არსებობს რისკი, გაძვირებული ხორბლის პირობებში, ფქვილი, რაც რამდენიმე ლარით უკვე გაძვირდა, კიდევ გაძვირდეს. გაძვირებული ნედლეულის ფონზე კი მოსალოდნელია ფასები პურზეც გაიზარდოს.

იმის გამო, რომ ქვეყანაში პური არ გაძვირდეს, საქართველოს მთავრობა სუბსიდირების მექანიზმის გამოყენებას კიდევ ერთხელ განიხილავს. ამ საკითხზე სამუშაო შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში კერძო სექტორთან მიმდინარე კვირაშიც შედგა. მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ პურის ფასი და მისი მიწოდება სტაბილური უნდა იყოს.

ამ შეხვედრას მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავაც ესწრებოდა. როგორც ის Bm.ge-თან საუბარში ამბობს, დაახლოებით 2 კვირაში- 20 დღეში გამოჩნდება, თუ რა სახის სუბსიდირება შეიძლება გახდეს საჭირო პურთან მიმართებაში, ან საერთოდ დადგება თუ არა დღის წესრიგში ეს საკითხი.

„ჯერჯერობით გარდამავალი ფასით ვუშვებთ ფქვილს ჩვეულებრივ, თუმცა შესაძლოა საჭირო გახდეს სუბსიდირებაც, რაც აპრობირებული მეთოდია მსოფლიოში. მაგალითად აზერბაიჯანმა დღგ მოხსნა ხორბლის იმპორტზე, თურქეთმა 42%-იანი გადასახადი გააუქმა და ა.შ.
მსოფლიოში მსგავსი მაგალითები არის და რას აირჩევს საქართველოს სახელმწიფო, ეს მთავრობის ნებაა. შეიძლება განხორციელდეს სუბსიდირება ხორბალზე, ფქვილზე, რომელიც მიეწოდება პურის ქარხნებს, ან პურზე, რომელიც მიეწოდება მოსახლეობას და შესაძლოა სოციალურად დაუცველებზე 5-10 თეთრიანი გადაანგარიშებით გაიყიდოს. ბევრი მექანიზმია“, – განაცხადა ლევან სილაგავამ და დასძინა, რომ აღნიშნული სამივე მიმართულება განხილულია.

სილაგავა ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ ხარჯების დათვლის შემდეგ უნდა გადაწყვიტოს, რომელი მექანიზმია მისაღები საქართველოსთვის.

როგორც ის განმარტავს, ბაზარზე აღინიშნება სპეკულაციური ქცევებიც, რაც გამოიხატება იმაში, რომ პურის ქარხნები ყიდულობენ იმაზე მეტ ფქვილს, ვიდრე სჭირდებათ.

მისივე თქმით, ამ შემთხვევის თავიდან არიდების მიზნით, ჩამოყალიბდა თვითრეგულაცია და პურის ქარხნებს, ან საწყობებს, რომლებიც მარაგებს იკეთებენ შემდგომი გადაყიდვისთვის, მიეწოდებათ იმდენი ფქვილი, რამდენსაც მანამდე, სტაბილურად შეიძენდნენ.

„ქარხნები, რომლებიც პირდაპირ პურს აცხობენ, ესენი არიან ორიენტირებული ყოველდღიურ მოხმარებაზე და მათ ფქვილი უნდა მიიღონ. არიან სხვა პურის მცხობელები, რომელთა პური ღირს 2-3 ლარი, ან თონეები – მათ ჩვენ პირველი რიგის მისაწოდებლად არ განვიხილავთ. ყველაზე დიდი პრობლემა არის დიდი საწყობები, რომლებიც დღეს ცდილობენ, რომ წისქვილ-კობინატებიდან მეტი ფქვილი წაიღონ. პირველი კატეგორიის წისქვილებს არც უწყდებათ და არც შეუწყდებათ ფქვილის მიწოდება, მაგრამ პურის ქარხნებს და პურის ფქვილის საწყობებს ვაძლევთ მხოლოდ იმდენ ფქვილს, რამდენსაც მანამდე მოიხმარდა“, – ამბობს სილაგავა.

წყარო : BM.GE

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close