დღის ამბებიერთი დღე

დათო მოსიაშვილის ერთი დღე

დათო მოსიაშვილი – ფინანსისტი, „დემეს და მარიამის მამა“.


მიუხედავად იმისა რომ წერა კარგად მეხერხება, როდესაც საქმე ჩემს თავს ეხება, ეს არც ისე კომფორტულია, უფრო მეტიც, მიჭირს კიდეც. სწორედ ამიტომ ჩემი ერთი დღის გადმოსაცემად ის მონახაზი დავიხმარე, რასაც მთელი დღის განმავლობაში ვინიშნავდი.  

ზოგადად მე ვარ ადამიანი, რომელიც ყველაფერს გეგმავს, არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, თუმცა ასე მივეჩვიე. როცა ზუსტად ვიცი მეორე დღეს რა უნდა გავაკეთო მშვიდად ვარ. უმეტესად კი ჩემი დაწყობილი გეგმები იცვლება, რაც განწყობაზე პირდაპირპროპორციულად მოქმედებს. მე ვფიქრობ რომ ჩვენი განწყობები მართავენ ცხოვრებას, აძლევენ მას მიმართულებას და ამიტომ ნეგატივშიც კი პოზიტივების პოვნას ვცდილობ.

ყოველი დილა ჩემსა და მაღვიძარას შორის ჩვეული კონფლიქტით იწყება, ამ უკანასკნელის მუდმივი გამარჯვებით. როგორც წესი ის მჯობნის ხოლმე. მაღვიძარის ხმის გაგონებისას ჩემი გონება და სხეულიც მყისიერად იღვიძებს და მთელი დატვირთვით იწყებს მუშობას. პირველი რასაც ვაკეთებ, ბავშვების დილის “ტრადიციული კოცნებია”, თან ეს ისე უნდა მოვახერხო, რომ მათი მყუდროება არ დავარღვიო, თუმცა პატარები ხომ ყველაფერს გრძნობენ. განსაკუთრებული ემოცია მაშინ მეუფლება, როცა დილის კოცნის შეგრძნებებზე საღამოობით მესაუბრებიან.

“დილის კოცნების“ შემდეგ თავის მოწესრიგების პროცედურები იწყება, ამ ყველაფრისთვის ნახევარი საათი მაქვს. ვთვლი რომ როცა ადამიანი, საზოგადოების გარკვეულ ნაწილთან ურთიერთობს და მეტ-ნაკლებად ქუჩაშიც ცნობენ, შესაბამისადაც უნდა გამოიყურებოდეს.

დილით არასდროს ვსაუზმობ, ვერაფრით მივეჩვიე. არა და კარგად მაქვს გააზრებული, რომ ეს ჯანმრთელობისთვის ცუდი და საზიანოა. ჩემი დილის მასპინძლები მხოლოდ ყავა და სიგარეტი არიან, ისინი საღამოს 7 საათამდე ლაიტმოტივად გასდევენ ჩემს დღეს. ბავშვების გაიღვიძების შემდეგ, მე და დედაჩემი მათ მოწესრიგებასა და კვებაზე ვზრუნავთ. (ზოგადად რაც არ მომწონს, ისაა რომ სადღაც ჩემს ქვეცნობიერს უნდა ბავშვებშიც იგივე არ განმეორდეს. სწორედ ამიტომ მეც მთელი გულმოდგინებით ვცდილობ დილით აუცილებლად იკვებონ.) შემდეგი ეტაპი ბავშვების სკოლასა და ბაღში მიყვანაა. ტრადიციად ჩამოგვიყალიბდა ავტომობილში რომელიმე ამოჩემებული სიმღერის გულმოდგინედ მღერა. ტრადიციად ჩამოგვიყალიბდა “მშობლის დარიგებებიც”. (მაქსიმალირად ვცდილობ, პატარებს ისეთი რჩევები მივცე, რომელიც მათ ასაკს შეეფერება და ცხოვრებაშიც გამოადგება)

დემეტრეს ბაღიდან ჩემს სამსახურამდე 15 წუთის გზაა. ჩემთვის ეს ყველაზე ოპტიმალური დროა გონებაში დღის გეგმებს კიდევ ერთხელ გადავავლო თვალი და მცირედი კორექტირებებიც შევიტანო.

სამუშაოს 9 საათზე ვიწყებ. ჩემი სამსახური ძალიან მიყვარს, დღის უმეტეს ნაწილს იქ ვატარებ, მეგობრული გარემო და გუნდურობა კი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა 6 თვის ფინანსურ ანგარიშგებაზე ვმუშაობ და დატვირთული პერიოდი მაქვს. პარალელურად აქტიურად ვკონსულტანტობ სხვადასხვა საკითხებზეც.

ადამიანების დახმარება ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა. რატომღაც ისე ხდება, რომ ბევრი მეკითხება რჩევას, ბევრიც სხვადასხვა პრობლემის (როგორც სამსახურეობრივი, ასევე პირადი) შესახებ მიყვება. ვფიქრობ, ასე ალბათ იმიტომ ხდება, რომ მათი მონათხრობები ჩემიდან არასოდეს არსად მიდის.

სამსახურის გარდა აქტიურად ვარ ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების პრობლემების მოგვარების დაგეგმილ და განხორციელებულ კამპანიაში. მუნიციპალიტეტის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის სამუშაო შეხვედრას დავესწარი და ძალიან მიხარია, როცა ამ კუთხით თუნდაც პატარა, მაგრამ სასიკეთო ნაბიჯებს ვხედავ.

სამუშაო დღე 6 საათზე მთავრდება. სახლში მისასვლელად 20 წუთია საჭირო, ეს დრო კი ჩემი დასვენების დროცაა. ოჯახში დაბრუნებულს, ბავშვები სახლში მხვდებიან, ისინი სკოლიდან და ბაღიდან დედაჩემს გამოჰყავს და ჩემს მისვლას მოუთმენლად ელოდებიან. მე მათ პირველ რიგში დილის “თავანებს” ვაბარებ, ყოველ დილით სხვადასხვა “შეკვეთები” ხომ აქვთ? ზოგჯერ რაღაცებზე უარსაც ვეუბნები, რადგან ვფიქრობ, რომ ეს მათ საჭიროებების პრიორიტულად დალაგების შესწავლაში დაეხმარება. ტრადიციულად გამოვიკითხავ ორივეს როგორ გაატარეს დღე, რა ხდებოდა მათთან, როგორ ჩაიარა სასწავლო პროცესმა, მარიამის საშინაო დავალებების შესრულებისას გაჩენილ შეკითხვებსაც ვპასუხობ. დროის გარკვეულ მონაკვეთს საოჯახო საქმეებსა და მეურნეობას ვანდომებ, ეს ერთის მხრივ ოჯახისათვის საჭიროა და მეორეს მხრივ განტვირთვის ერთ-ერთი საშუალება.

შემდეგ კი ჩვენი ბრენდის, “DEMA”-ს ნაკეთობებისთვისაც ვიცლი. ჩვენ მას ერთ საათს ვუთმობთ. (აი დღევანდელი შედეგიც)

ძილის წინ შვილებთან გულახდილი საუბრები მაქვს, ეს ის მომენტია როდესაც უამრავ შეკითხვას ვპასუხობ. დამეთანხმებით ალბათ არც ისე ადვილია ბავშვების კითხვებს უპასუხო და შეძლო ერთდროულად სწორი ინფორმაციის მიწოდება და თან ამ ყველაფრის მათთვის გასაგებ ენაზე ახსნა. დღეს მარიამმა სიტყვა “ადაპტირებულის“ მნიშვნელობა მკითხა, ხოლო დემეტრე, იმით დაინტერესდა თუ რატომ აქვს წყალს ორი სახელი, წყალი და H2O.

შვილებს ზღაპრებს ხშირად ვუყვები, მათი დიდი ნაწილი ჩემივე გამოგონილია, რომლებშიც ძირითადად სწორსა და არასწორს შორის არსებულ სხვაობებზე და არჩევანის მნიშვნელობზე ვამახვილებ ყურადღებას. ბავშვები დაახლოებით 12 საათზე იძინებენ და სწორედ მაშინ იწყება დროის ის მონაკვეთიც რომელიც მხოლოდ ჩემია. პირველი რასაც ვაკეთებ მეგობრების მოკითხვაა (მათ ძირითად ნაწილთან ყოველდღიურ ურთიერთობას ვერ ვახერხებ). ვცდილობ დრო ჩემი ბლოგისთვის დავიტოვო, რომელიც ძირითადად შშმ პირების პრობლემებს ეხმაურება. დაღლილობის მიუხედავად “message requests”-ებისთვისაც ვიცლი.

ყოველდღიურად სხვადასხვა შინაარსის ათობით წერილს ვიღებ. ძირითადად, ისეთი მესიჯებია, რომელიც მაძლიერებს და სტიმულს მმატებს. რამდენიმე მათგანს, კონფინდენციალურობის დაცვით გაგაცნობთ კიდეც. ასეთი ადამიანების დამოკიდებულებები ძალიან მახარებს და თქვენი საშუალებითაც მათ დიდ მადლობას გადავუხდი.

შემდეგ კი ვრჩებით მხოლოდ მე და მე, ვსაუბრობთ, ვკამათობთ, ვაანალიზებთ, ვგეგმავთ….
დრო უცებ გადის და მეც დაძინებას ძირითადად ღამის სამი საათისთვის ვახერხებ. მანამდე კი ჩვეულებისამებრ მომავალი დღის გეგმებს ვაწყობ და ვემზადები მორიგი კონფლიქტისთვის მაღვიძარასთან. დანადგართან, რომელიც სხვათაშორის ერთადერთია დედამიწაზე, რასთანაც ბრძოლაშიც ვმარცხდები…


დაგვიმეგობრდით ფეისბუქზე :  მთავარი ამბები კახეთში

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close