საზოგადოება

10 ოქტომბერი მეტყევის დღეა

10 ოქტომბერი მეტყევის დღეა

10 ოქტომბერი მეტყევის დღეა. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის, ნათია იორდანიშვილის განცხადებით, წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზეიმო ღონისძიებები არ გაიმართება, თუმცა ყველა მეტყევე, წლის განმავლობაში გაწეული შრომისთვის, დამსახურებულ მადლობას მიიღებს.

„ეს ძალიან საჭირო პროფესიაა. განსაკუთრებით – ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის 40% ტყიაა დაფარული. ჩვენ გვაქვს ბუნებრივი ტყე, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ევროპისთვის უკვე ფუფუნებაა. ძალიან ხშირად ჰგონიათ, რომ მეტყევის პროფესია ხის მოჭრით ან ნერგის დარგვით შემოიფარგლება. ეს ასე არაა. ეს გახლავთ პროფესია და მეცნიერება, რომელიც სამყაროს შემსწავლელია“ – აცხადებს ნათია იორდანიშვილი.

„მეტყევის პროფესიას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს და ყველა პერიოდში ითვლებოდა ერთ-ერთ საპასუხისმგებლო და ამავდროულად რთულ პროფესიად. შეიძლება ვთქვათ, რომ უმნიშვნელოვანესი პროფესიაა ჩვენი ქვეყნისთვის, მისი განვითარებისთვის და იმ სიმდიდრის შენარჩუნებისთვის, რაც ბუნებრივად გვერგო და რომლის სწორი მართვა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ერთ-ერთი საფუძველია“ – აღნიშნულია ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებაში.

10 ოქტომბერი მეტყევის დღედ 1999 წელს დაწესდა. როგორც პრეზიდენტის ბრძანებულებაშია აღნიშნული, ამ დღის დაწესების მიზანი „საქართველოს სატყეო მეურნეობის სისტემის მუშაკთა პროფესიული დონისა და პასუხისმგებლობის ამაღლება, შრომითი სულისკვეთების გაძლიერება, სატყეო მეურნეობის დარგის აღორძინება და სახელმ­წიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში მათი როლის შემდგომი ამაღლებაა“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close