ტვინი წარმოადგენს უმთავრეს ორგანოს ადამიანისთვის. ის არეგულირებს ყველა უმთავრეს სასიცოცხლო ფუნქციას. როდესაც ჩვენ არ ვიღებთ საკმარისი რაოდენობით მკვებავ ნივთიერებებს – ვიტამინებს და მინერალებს, რომელიც აუცილებელია ჩვენი ტვინისათვის, ხშირად ვგრძნობთ ენერგიის და პროდუქტიულობის დაქვეითებას, გაღიზიანებას… გაინტერესებთ რომელი პროდუქტები ესაჭიროება ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისათვის?
ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ კარგმა დიეტამ შეიძლება დაიცვას ტვინი ნეიროდეგენერაციული დაავადებებისგან. მაგალითად, როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება. გთავაზობთ ფსიქოლოგ მაირენ ბასკესის სტატიას, რომელშიც ის გვაძლევს რეკომენდაციებს იმ ვიტამინების შესახებ, რაც აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობას, ასევე იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რაშიც შედის ტვინის
ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო ვიტამინები.
“თუ ცუდად ვიკვებებით, წამალი არ მოქმედებს. თუ კარგად ვიკვებებით – წამალი აღარ გვესაჭიროება”. – აიურვედის მიმდევრების შეგონება. საკვები პროდუქტები და ვიტამინები, რომლებსაც მოვიხმართ, უშუალო ზემოქმედებას ახდენს (როგორც პოზიტიურს, ასევე ნეგატიურს) როგორც მთელ ორგანიზმზე, ასევე ტვინის მუშაობაზე. ტვინის ფუნქცია შეიძლება დაირღვეს სხვადასხვა ფაქტორით, გენეტიკით, კვებით და თქვენი ყოველდღიური ჩვევებით.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ “ჩვენ ვართ ის, რასაც მივირთმევთ”. ” თუ თქვენ სწორად იკვებებით დღეს, თქვენი სხეული მადლობას გადაგიხდით ხვალ”.
9 ვიტამინი ტვინისთვის. რომელ პროდუქტებში შეიძლება ვიპოვოთ ისინი?
- პროვიტამინი А, ანუ ბეტა-კაროტინი
А ვიტამინი აუმჯობესებს მეხსიერებას, იცავს ტვინის უჯრედებს . ბეტა-კაროტინი წარმოადგენს წითელ პიგმენტს, რომელიც გადაიქცევა А ვიტამინად – თუ მას საკვებში გამოვიყენებთ. დადგენილია, რომ ამ ვიტამინის ნაკლებობა ორგანიზმში იწვევს მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ასევე მისი ნაკლებობა იწვევს ბავშვებში სიმაღლეში ჩამორჩენას.
რომელ პროდუქტებშია А ვიტამინი? ეს პროდუქტებია: გოგრა, პაპაია, მანგო, ნესვი და სტაფილო.
2. B1 ვიტამინი
ამ ვიტამინის ძირითადი ფუნქციაა მეხსიერების გაუარესების პროფილაქტიკა. ძლიერი “პრეპარატია” დეპრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, აფერხებს ტვინის დაბერების პროცესს. აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას და აჩქარებს უჯრედში ჟანგბადის მიწოდებას.
ასევე B1 ვიტამინი თიამინის სახელითაა ცნობილი. იგი მონაწილეობს გულის მუშაობაში, მოქმედებს მხედველობაზე. კვლევების თანახმად, B1 ვიტამინის ნაკლებობა იწვევს კორსაკოვის სინდრომს (კორსაკოვის ფსიქოზი, რომელიც ძირითადად გვხვდება ალკოჰოლიკებში და შიდსით დაავადებულებში).
რომელ პროდუქტებშია B1? ქათმის, ძროხის და ღორის ხორცში, ასევე თევზში, კაკალში, ხილსა და ბოსტნეულში.
3. B6 ვიტამინი
ეს ვიტამინი ხელს უწყობს ისეთი ნივთიერებების წარმოქმნას, როგორიცაა: დოფამინი, ადრენალინი, ნორადრენალინი, გამა – ამინომჟავა და აცეტილქოლინი. ხელს უშლის დეპრესიის განვითარებას. ვიტამინ B6-ის დეფიციტმა შეიძლება მეხსიერების დაკარგვა, დაღლილობა, დეპრესია, უძილობა და თავის ტვინის ნაადრევი დაბერება გამოიწვიოს.
რომელ პროდუქტებში ვხვდებით B6 ვიტამინს? – კვერცხი, ყავისფერი ბრინჯი, კარტოფილი, ინდაურის, საქონლის, ქათმის ხორცი, ზღვის პროდუქტები, წიწაკა, არაქისი, კაკალი, ისპანახი, სტაფილო, ბროკოლი, ფარელი…
4. В9 ვიტამინი
ეს ვიტამინი ცნობილია ფოლიუმის მჟავის სახელწოდებით. ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე მისი თავის ტვინის სწორი განვითარებისთვის აუცილებელია დედისთვის ამ ვიტამინის მიღება. ფოლიუმის მჟავა ეხმარება უჯრედს გამრავლებაში და ახალი უჯრედების წარმოქმნაში. ვიტამინ В9-ის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი. ასევე ბავშვებში ამ ვიტამინის ნაკლებობამ შეიძლება განვითარების შეფერხება გამოიწვიოს. რომელ პროდუქტებშია ვიტამინ В9? – ეს პროდუქტებია: ხილი (ბანანი, ფორთოხალი, ნესვი, ავოკადო), მარცვლეული, ისპანახი, ყავისფერი ბრინჯი, ბოსტნეული, და არაქისი.
5. B12 ვიტამინი
ვიტამინი B12 წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. თუ ამ ვიტამინის დონე ნორმაზე ქვევითაა, ეს შეიძლება გახდეს მიზეზი შემდეგი პრობლემების განვითარებისა: გაფანტულობა და მეხსიერების დაკარგვა, ხასიათის ხშირი ცვალებადობა, აზროვნების შეფერხება და ალცჰაიმერის დაავადების განვითარება. B12-ს შეიცავს შემდეგი პროდუქტები: ხორცი (ქათამი, ინდაური, საქონლის ხორცი) წითელი თევზი და ზღვის პროდუქტები, კვერცხი, მარცვლეული, რძის პროდუქტები მათ შორის ყველი, იოგურტი, ხაჭო და სხვა.
6. С ვიტამინი
С ვიტამინი ცნობილია როგორც ასკორბინის მჟავა. იგი წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს, რომელიც იცავს ტვინს სტრესისა და დეგენერაციისაგან. С ვიტამინი Е ვიტამინთან კომბინაციაში ხელს უშლის დემენციის ისეთი ტიპის დაავადებებს, როგორიცაა პარკინსონი და ალცჰაიმერი. ასევე იცავს რესპირატორული, გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარებისგან. გამოკვლევებით დადგინდა, რომ С ვიტამინი აქვეითებს ბავშვებში თავის ტვინის სიმსივნის განვითარების რისკს. ასევე ეს ვიტამინი ეხმარება ორგანიზმს რკინის შეთვისებაში.
С ვიტამინს ხალხში “ბუნებრივ ანტიდეპრესანტს” უძახიან, რადგან ის ამაღლებს სეროტონინის დონეს, ანუ ამაღლებს ჩვენს გუნება- განწყობას და ამაღლებს მოტივაციას. С ვიტამინით მდიდარი პროდუქტებია: ფორთოხალი, გრეიფრუტი, მანდარინი, ლიმონი, ნესვი, ანანასი, ყვავილოვანი კომბოსტო, მარწყვი, პომიდორი, ისპანახი, ბროკოლი… ანუ ძირითადად ამ ვიტამინით მდიდარია ციტრუსები და მწვანე ბოსტნეული.
7. D ვიტამინი
D ვიტამინი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. კვლევების თანახმად, D ვიტამინის ნაკლებობა შეიძლება გახდეს მიზეზი კოგნიტური დარღვევების გამოვლინებისა. აღმოჩნდა, რომ ამ ვიტამინის გამოყენებამ შეიძლება გააუმჯობესოს იმ ავადმყოფების მდგომარეობა, რომლებსაც აქვთ გაფანტული სკლეროზი ან სხვადასხვა ნერვული აშლილობა. D ვიტამინი უხვადაა მზის სხივებში (ამიტომ რუჯის მიღება რეკომენდებულია, ოღონდ საჭიროა ზომიერების დაცვა). D ვიტამინით მდიდარი პროდუქტებია: თევზის ზოგიერთი სახეობა (სარდინი, ორაგული, თინუსი), ასევე ქამა სოკო და რძის პროდუქტების ზოგიერი სახეობა.
8. K ვიტამინი
K ვიტამინი ამაღლებს ტვინის მუშაობას, აუმჯობესებს მეხსიერებას. აღმოჩნდა, რომ ალცჰაიმერით დაავადებულ პაციენტებს აღმოაჩნდათ ამ ვიტამინის ნაკლებობა ორგანიზმში. დაბალანსირებული დიეტის მეშვეობით, რომელიც მდიდარია K ვიტამინით, შეიძლება შევაჩეროთ ტვინის ნაადრევი დაბერება და ალცჰაიმერის დაავადება. რომელი პროდუქტები შეიცავს K ვიტამინს? ამ ვიტამინით მდიდარია ბრიუსელის კომბოსტო, ოხრახუში, ნიახური, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, რძემჟავა პროდუქტები. K ვიტამინის იდეალურ წყაროდ ბროკოლი ითვლება, რომელიც სასარგებლო მინერალებისა და ვიტამინების საბადოა.
9. ომეგა-3
ცხიმოვანი მჟავეები “ომეგა 3″-ის ცხიმოვანი მჟავებისადმი ინტერესი მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ რაც, დანიელმა მეცნიერებმა მრავალწლოვანი მეცნიერული დაკვირვებებით დაადგინეს, რომ გრელანდიის მოსახლეობის გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების გავრცელების (ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, გულის იშემიური დაავადება და სხვ.) უაღრესად დაბალი მაჩვენებელი განპირობებულია იმით, რომ ისინი საკვებად ძირითადად იყენებენ ზღვის პროდუქტებს. ალბათ გახსოვთ ფრაზა ბავშვობიდან: ” ჭამე თევზი, ტვინისთვის სასარგებლოაო”. ასევე ომეგა-3 აუმჯობესებს მეხსიერებას; აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ და საყრდენ მამოძრავებელი სისტემების ფუნქციებს; – არეგულირებს გულის რითმს და ამცირებს გულის უკმარისობის და იშემიური დაავადების განვითარების რისკს; – ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას და არეგულირებს არტერიულ წნევას; – აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს და აუმჯობესებს მათ ელასტიურობას; – ამაღლებს შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს; – ახასიათებთ გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება;
რომელ პროდუქტებშია ომეგა-3? თევზი – საუკეთესო წყაროა ცხიმოვანი მჟავების. პარკოსნები, თხილეული…
სამწუხაროდ, არ არსებობს საკვები, რომელიც შეიცავს ყველა ვიტამინს, რომელიც საჭიროა ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სწორად კვება, რათა ყველა ვიტამინის დონე ორგანიზმში იყოს ნორმაში. ყურადღება მიაქციეთ ხილსა და ბოსტნეულს. რაციონში შეიტანეთ თევზი, მარცვლეული და რძის პროდუქტები. ასევე დიდი ყურადღება მიაქციეთ წყლის რაოდენობის მიღებას დღის განმავლობაში. “კვება აუცილებელია, მაგრამ ჭკვიანურად კვება – ხელოვნებაა”. (ლაროშფუკო)