82 წელი შეუსრულდა , საქართველოს დამსახურებულ მხატვრს, თელავის საპატიო მოქალაქეს – ჯემალ ხუციშვილს.
,,მთავარი ამბები კახეთიდან”, ულოცავს იუბილეს და უსურვებს დიდხანს სიცოცხლეს და უამრავ შემოქმედებით წარმატებას!
ჯემალ ნიკოლოზის ძე ხუციშვილი ფერმწერი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი, დაიბადა 1938 წლის 18 აპრილს ქალაქ თელავში. ჯერ კიდევ მეხუთე კლასელი მოწაფე ხელოვნებას ეზიარა თელავის კულტურის სახლთან არსებულ სახვითი ხელოვნების წრეზე, რომლის ხელმძღვანელი და ამავე დროს პედაგოგი გახლდათ თელაველი მხატვარი, სერგო ასლანიშვილი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა მის მხატვრად ჩამოყალიბებაში.
ბატონი ჯემალი დღესაც დიდი სითბოთი და სიყვარულით იხსენებს მას. სამი წლის შემდეგ სწავლა გააგრძელა ნ. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში. 1966 წლიდან გახდა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. 1967 წლიდან არის რუსეთის მხატვართა კავშირის წევრი. 1977 წელს თბილისში გახსნილმა პირველმა პერსონალურმა გამოფენამ დიდი აღიარება მოუტანა და მუდმივი ადგილი დაუმკვიდრა ქართულ სახვით ხელოვნებაში.
„მისი მხატვრული ხედვა, ხატვის ძალდაუტანებელი მანერა, თავისი ტექნიკური საშუალებები, ძლიერ და მოულოდნელ მხატვრულ-ემოციურ ეფექტს ახდენდა მაყურებელზე. ამ გამოფენამ კიდევ ერთხელ გაგვახსენა დიდი ნიკო ფიროსმანასვილი.’‘- წერდა ელგუჯა ამაშუკელი.
1969 წელს მიენიჭა საქართველოს წლის საუკეთესო მხატვრის წოდება და დაჯილდოვდა მედლით, ხოლო1986 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება. დღეისათვის მხატვარს 13 პერსონალური გამოფენა აქვს მოწყობილი: ოთხი თბილისში, ხუთი მოსკოვში, ორი თელავში, ერთი ტალინში და ერთი სოფელ მირზაანში. ხოლო პარიზის თანამედროვე მხატვრების გალერეაში მოწყობილმა მისმა პერსონალურმა გამოფენამ უდიდუსი გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა, რომელიც გაშუქდა მისი ერთ-ერთი წამყვანი ტელე არხით. ჯგუფურ გამოფენებსაც ამშვენებდნენ მისი ნამუშევრები: იაპონიაში, აშშ-ში, კანადაში, ინგლისში, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში, აგრეთვე უნგრეთსა და რუმინეთში, პოლონეთში…და ყველგან აღიარება!..
ლადო გუდიაშვილი წერდა:
“ძალიან მიყვარს ახალგაზრდა მხატვარი ჯემალ ხუციშვილი, ადამიანი, რომელიც არ შეუშინდა სიძნელეებს და იპოვა საკუთარი ”მე”, მხატვარი, რომელსაც ჭეშმარიტი თავისებური სახე აქვს”.
მისი ნამუშევრები შესულია უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნის კატალოგებში. სამჯერ გამოიცა მისი ალბომი. მან მხატვრულად გააფორმა რამოდენიმე ლიტერატურული და სასკოლო წიგნი. 2014 წელს მიენიჭა ქალაქ თელავის საპატიო მოქალაქის წოდება. ძნელია ამოწურო ჯ. ხუციშვილის შემოქმედებაზე სათქმელი. ძნელია გადმოალაგო ის, რაც მის მრავალფეროვან, მომაჯადოებელ ფერწერულ თუ გრაფიკულ ნამუშევრებშია გადმოცემული.
მწერალმა გ. ლეონიძე ყოველივე ეს სათქმელი ორიოდე სიტყვით გამოხატა, როცა ჯემალის შემოქმედებით აღფრთოვანებულმა, ახალგაზრდა მხატვარს უთხრა:
”აი, შენ რაცა გაქვს შენს ნახატებში, მეც ისა მაქვს ოღონდ პროზაშიო.” ეს კომპლიმენტი არ იყო. ეს იყო დიდი მწერლის ჭეშმარიტად ობიექტური შეფასება და შემოქმედის აღიარება. მხატვრის ნამუშევვები ფერწერის თაყვანისმცემელი კოლექციონერთა გარდა დაცულია საქართველოს სხვადასხვა კუთხის მუზეუმებში.
ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეაში მხატვრის ათი სურათია ექსპონირებული . დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ მისი ორი ნამუშევარი სახელწოდებით – ,,არქეოლოგი“ და აღმართ – დაღმართი“.
ხუციშვილი ღრმად ეროვნული მხატვარია. ეროვნული სიმდიდრისადმი თავისებური დამოკიდებულება გამოხატა სურათში – ”არქეოლოგი.” ნაწარმოების იდეა კი არის სიმდიდრის უკვდავება. ამავე დროს მნახველს განაცდევინებს ეროვნულობას.
მხატვრის შემოქმედების დიდი ნაწილი მშობლიური კახეთის ბუნებასა და მის მკვიდრთა ყოფას გვიხატავს. ასეთს მიეკუთვნება ერთ – ერთი ნამუშევარი – ”აღმართ- დაღმართი”. მას დიდი შინაარსობრივი დატვირთვა აქვს. ფართო ფორმატის ტილოზე გამოსახულია გზა. მის ერთ მხარეს დაღმართზე მომავალი ჯაფისაგან დაღლილნი მოხუცებული ცოლ-ქმარია გამოსახული, რომელდაც წინ მიუძღვის მათთან ერთად ასევე უკვე დაბერებული ძაღლი, გზის მეორე მხარეს კი ახალგაზრდა, ჯანღონით სავსე წყვილი მიუყვება ცხოვრების აღმართს. გზის ბოლოს, გორაზე ცხოვრების იმედი და გაცისკროვნება ეკლესიის სახითაა წარმოდგენილი. ძალიან სიმბოლური დატვირთა აქვს მხატვარს ნახატში გადმოცემული.
საერთოდ მხატვრის შემოქმედება უაღრესად ხალხურია, თვითმყობადია, ეროვნულია. ლაღი და თავისუფალია. ღრმად უდგას ფესვები კახეთის მადლიან და ბარაქიან მიწაში.