Home რჩევები 5 ყველაზე საშიში, უჩვეულო და მოულოდნელი გვერდითი ეფექტი

5 ყველაზე საშიში, უჩვეულო და მოულოდნელი გვერდითი ეფექტი

წამლებმა, შესაძლებელია, ესა თუ ის გვერდითი ეფექტი გამოიწვიოს.

მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: თავის ტკივილი, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ჩივილები, ძილიანობა, თავბრუსხვევა. ზოგიერთი გვერდითი მოვლენა კი იმდენად უჩვეულო და უცნაურია, ძნელად დასაჯერებელია, რომ სწორედ სამკურნალო საშუალების მიღებამ გამოიწვია მათი განვითარება.

ორგაზმი მთქნარებისას

კლომიპრამინი – ანტიდეპრესანტი, რომლის მიღებამ, ამ კლასის პრეპარატებისთვის დამახასიათებელი სრულიად სტანდარტული გვერდითი ეფექტების გარდა, როგორებიცაა თავბრუსხვევა, ძილიანობა, დეპერსონალიზაცია და ლიბიდოს დაქვეითება, შეიძლება გამოიწვიოს უცნაური შედეგები.

ადამიანთა დაახლოებით 5%, ვინც კლომიპრამინით ან სხვა ანტიდეპრესანტით მკურნალობს, განიცდის ორგაზმს მთქნარებისას, რომელიც შეიძლება აღინიშნოს სრულიად მოულოდნელ ადგილებსა და სიტუაციებში. მაგალითად, ცნობილია ქალი, რომელმაც უეცარი, სამსაათიანი ორგაზმი განიცადა შოპინგის დროს დამთქნარებისას. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი გვერდითი ეფექტები ლეგენდის სფეროდანაა, თუმცა სამეცნიერო პუბლიკაციები და კვლევები ამ ფენომენის არსებობას ადასტურებს.

სხვადასხვა ფერის შარდი

ცნობილია, რომ შარდის ფერი შეიძლება სხვადასხვა მედიკამენტის მიღების დროს შეიცვალოს. ხშირად მას უფრო მუქი ან ღია ელფერი აქვს. თუმცა ზოგჯერ ფერის შეცვლამ შეიძლება გააოცოს და შეაშინოს პაციენტი.

მაგალითად, ფენაზოპირიდინის ანალგეტიკის მიღება, რომელიც აფთიაქებში ურეცეპტოდ იყიდება და ხშირად ინიშნება შარდგამომყოფი გზების ინფექციების სამკურნალოდ, ტკივილისა და წვის შეგრძნების საწინააღმდეგოდ იწვევს შარდის ფერის შეცვლას მკვეთრად სტაფილოსფრად.

მალარიის სამკურნალო პრეპარატების ქლოროქინისა და პრომაკინის მიღებისას შარდის ფერი თითქმის შავია. მსგავსი ეფექტი შეიძლება განვითარდეს მეტრონიდაზოლის მიღების შემდეგაც.

ანტიდეპრესანტი ამიტრიპტილინი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი ინდომეტაცინი ზოგიერთ პაციენტში შარდს მოლურჯო ელფერს აძლევს.

თითების ანაბეჭდის გაქრობა

ეს ისტორია შეემთხვა აშშ-ში 62 წლის მამაკაცს, რომელიც მიემგზავრებოდა ნათესავების მოსანახულებლად. თუმცა მამაკაცი იმიგრაციული სამსახურის ოფიცერმა დააკავა, რადგანაც მოგზაურმა ვერ შეძლო თითების ანაბეჭდის ჩაბარება – თითების დაბოლოებებზე პაპილარული ხაზები უბრალოდ არ იყო.

მამაკაცი მკურნალობდა მეტასტაზური ნაზოფარენგეალური კარცინომის გამო და გადიოდა კაპეციტაბინით მკურნალობას. წამლის ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი არის ე. წ. ხელისგულ-ტერფის სინდრომი, რომელსაც ახასიათებს კანის აქერცვლა ხელისგულებსა და ტერფებზე.

კანის ძლიერი აქერცვლის გამო თითების ანაბეჭდი მამაკაცის ხელებზე ფაქტობრივად გაქრა.

შემდგომში ის აშშ-ში კიდევ რამდენჯერმე იყო, მაგრამ დაზღვევისთვის მუდამ თან ჰქონდა ექიმის მიერ გაცემული დოკუმენტი, სადაც მითითებული იყო, რომ ის გადიოდა ონკომკურნალობას, რაც იწვევდა ამგვარ გვერდით ეფექტს.

აზარტული თამაშებისადმი ლტოლვა

პრამიპექსოლის შემცველი წამალი ინიშნება პარკინსონის დაავადებისა და დაღლილი ფეხების სინდრომის დროს. უჩვეულო გვერდითი ეფექტის გამო მწარმოებელმა კომპანიამ რამდენიმე სარჩელიც მიიღო. საქმე ისაა, რომ ზოგიერთ პაციენტს შორის წამალი იწვევდა ლუდომანიის შეტევას და აზარტული თამაშებისადმი მომატებულ ინტერესს. მსგავსი გვერდითი ეფექტი აღინიშნა პაციენტთა 1,5%-ში.

სწორედ ეს მოხდა მინესოტის ერთ-ერთი ყოფილი პოლიციელის შემთხვევაში, რომელიც ამტკიცებდა, რომ პრამიპექსოლის მიღების გამო წააგო 260 000 დოლარი. მამაკაცმა მიმართა სასამართლოს, რომელმაც დააკმაყოფილა მამაკაცის მოთხოვნა და მწარმოებელს დააკისრა წაგებული თანხის დაბრუნება და მორალური ზარალის ანაზღაურება.

სხეულის მთელი ზედაპირის ანთება

მილიონიდან 5 შემთხვევაში პაციენტებს იბუპროფენის მიღების შემდეგ შეიძლება აღენიშნოთ ეს საშინელი გვერდითი ეფექტი. ამ მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს სტივენს ჯონსის სინდრომის განვითარება. ეს არის იშვიათი დაავადება, რომელიც იწვევს ზოგად ალერგიულ რეაქციას და აზიანებს მთელ სხეულს. თუ არ შეწყდება წამლის მიღება და შესაბამისი ღონისძიებები არ ჩატარდება, პაციენტს უვითარდება კანზე სისხლმდენი წყლულები და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი, რომელიც იწვევს მესამე ხარისხის დამწვრობის ანალოგიურ დაზიანებებს.