გიორგი გახარია – ხვალიდან, ჩვენ გავცემთ შესაბამის ნებართვებს, რომ მუშაობა განაახლოს სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიამ და ყველა კომპანიამ, რომელიც არის სამშენებლო მასალების წარმოებაზე, აგრეთვე, ნებადართული იქნება ავტოსარემონტო სამუშაოები
მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 5 მაისიდან, ხვალიდან, ჩვენ გავცემთ შესაბამის ნებართვებს, რომ მუშაობა განაახლოს სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიამ და ყველა კომპანიამ, რომელიც არის სამშენებლო მასალების წარმოებაზე. ასევე, ის კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა სახით დაკავშირებულები არიან სამშენებლო ბიზნესთან, შეძლებენ მუშაობის განახლებას 5 მაისიდან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი ჯგუფები განაგრძობენ ყოველდღიურ შემოწმებას, თუ რამდენად იცავენ კომპანიები ეპიდემიის პირობებში დაწესებულ ვალდებულებებს.
„შემოწმებები, რომელსაც ახორციელებს ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების ბაზაზე შექმნილი გუნდი, გააგრძელებს ყოველდღიურ შემოწმებებს და მინდა, მოვუწოდო თითოეული კომპანიის მფლობელსა და ხელმძღვანელს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ყოველდღიურ საქმიანობას და იმ ვალდებულებებს, რომლებიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ,“ – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
გიორგი გახარიას განცხადებით, ხვალიდან ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც.
„ეს მნიშვნელოვანია როგორც ლოგისტიკური ბიზნესისთვის, ისე გადაზიდვებისთვის და ეს ის ნაბიჯია, რომლის გადადგმის შესაძლებლობაც ჩვენ დღეს გვაქვს,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.