როდესაც საქმე ჯანმრთელობაზე რჩევებს ეხება, შესაძლოა დაიბნე და გაგიჭირდეს ინფორმაციულ ნაკადში ამოარჩიო შენთვის ოპტიმალური.
არც თუ ისე იშვიათად თავად ექიმების მოსაზრებებიც კი არაერთგვაროვანია, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რომლებზეც სამედიცინო სამყარო შეთანხმებულია. გთავაზობთ სამეცნიერო დასკვნებზე დაფუძნებულ რჩევებს ჯანმრთელობისთვის.
- შეამცირეთ შაქრიანი სასმელები – წვენები, გაზიანი სასმელები – შაქრის დამატებითი წყაროა. კვლევებმა დაადგინა, რომ შაქრიანი სასმელები გულის დაავადებების და დიაბეტის რისკს ზრდის. მავნეა არამარტო მოზრდილებისთვის, არამედ ბავშვებისთვისაც. შაქრით გაჯერებული სასმელები მათთვის წარმოადგენს დიაბეტისა და სიმსუქნის განვითარების რისკს. ასევე, ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის განვითარებას და ღვიძლის გაცხიმოვნებას.
ჯანსაღი ალტერნატივა:
წყალი/მინერალური წყალი;
დაუმტკბარი ჩაი;
ყავა
- მიირთვით თხილეული და მარცვლეულ ი- ზოგიერთი ადამიანი ერიდება თხილეულის მიღებას მისი ცხიმიანობის გამო. სინამდვილეში კი ამ ტიპის პროდუქტებს დიდი ნუტრიციული სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის. ისინი მდიდარია პროტეინებით, ვიტამინებით და მინერალებით. თხილეული ხელს უწყობს წონის კლებას. მეცნიერულმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანებში, რომელთა რაციონშიც ნაკლები რაოდენობით აღმოჩნდა ეს პროდუქტები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან გარდაცვალების შემთხვევები გაცილებით მეტი იყო. აქედან გამომდინარე, მარცვლეული და თხილეული ეხმარება ამ ტიპის დაავადებების პრევენციას
- მოერიდეთ მზა საკვების მიღებას – გადამუშავებული საკვები შეიცავს ისეთ ინგრედიენტებს, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება მათი საწყისი ფორმისგან. ამ ტიპის დანამატებია: შაქარი, მარილი, კონსერვანტები, ხელოვნური დამატკბობლები, საღებავები.
მზა/გადამუშავებული პროდუქტებია:
ნამცხვრები/ტორტები;
სწრაფი კვების;
გაყინული საკვები;
კონსერვები;
ჩიფსები
- ნუ შეგეშინდებათ ყავის – ყავა კარგ ანტიოქსიდანტად მიიჩნევა. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, მისი რეგულარული მოხმარება ზრდის ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობას, ამცირებს ალცჰაიმერის და პარკინსონის დაავადების განვითარების რისკს. თუმცა, ყავის მოხმარებისას აუცილებელია ზომიერების დაცვა, რადგან მისმა ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს უძილობა, აფორიაქება, არტერიული ჰიპერტენზია. ორსულობის პერიოდში კი რაციონიდან სრულად უნდა იყოს ამოღებული, ვინაიდან კვლევების მიხედვით ორსულობის პერიოდში ყავის მოხმარებასა და მცირე წონით დაბადებულ ნაყოფს შორის დადგენილია კორელაცია.
- მიირთვით თევზი – ის პროტეინებისა და ჯანსაღი ცხიმების საუკეთესო წყაროა. შეიცავს ორგანიზმისთვის სასარგებლო, შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს, როგორებიცაა ომეგა 3, 6, 9. თევზი მიჩნეული ისეთ პროდუქტად, რომლის ყოველდღიური მიღებაც კი რეკომენდებულია.
- გაუფრთხილდით ნაწლავურ ფლორას – ნაწლავის მიკრობიომი უმნიშვნელოვანესია ჯანმრთელობისთვის. მისი დისბალანსის შემთხვევაში ვითარდება მონელების პრობლემები, იმუნური სისტემის დასუსტება, არ ხდება სხვადასხვა მინერალის შეწოვა, ხდება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (მედიატორების-სეროტონინის) სინთეზის დაქვეითება. საუკეთესო გზა ბუნებრივად ნაწლავის მიკროფლორის გაუმჯობესებისთვის არის პრე და პრობიოტიკებით მდიდარი პროდუქტების მიღება, როგორებიცაა:
იოგურტი;
კეფირი;
მაწონი;
ხაჭო;
ფერმენტირებული ყველი
- მიიღეთ წყალი – ჰიდრატაციის ნორმალური მაჩვენებელი, ორგანიზმის ჯანმრთელობის განმსაზღვრელადაა მიჩნეული. ჩვენი ორგანიზმის უდიდესი ნაწილი არის წყალი. მისი მიღება საუკეთესო გზაა ჰიდრატაციისთვის. იგი თავისუფალია კალორიებისგან, შაქრისგან და დანამატებისგან. ორგანიზმში მიმდინარე ურთულესი ბიოქიმიური პროცესების წარმართვისთვის წყალი აუცილებელი და შეუცვლელი ნივთიერებაა.
- გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი – იგი წარმოადგენს ყველაზე ჯანსაღ მცენარეულ ცხიმს. წარმოადგენს ანტიოქსიდანტს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ის მატებს სისხლძარღვებს ელასტიკურობას. მისი ამ თვისების წყალობით კი ხელს უწყობს ათეროსკლეროზის პრევენციას.
- მოერიდეთ მკაცრ დიეტებს – და არამარტო მკაცრს, ნებისმიერს. მათი უმეტესობა ჰორმონულ და მეტაბოლურ პროცესებში იწვევს ცვლილებას, რითაც აიხსნება დიეტის დასრულებიდან წონის უმიზეზო მატება. უმჯობესია იზრუნოთ ჯანსაღი ცხოვრების წესზე, ვიდრე შეზღუდვებზე, ვინაიდან არ არსებობს ჯანსაღი ცხოვრების წესზე (დაბალანსებული კვება, ზომიერი ფიზიკური აქტივობა, ნაკლები სტრესი, მავნე ჩვევებისგან-ალკოჰოლის თამბაქოსა და ნარკოტიკების მოხმარებისაგან თავის შეკავება) უკეთესი დიეტა.
- მიირთვით კვერცხი – მოსაზრება, რომ კვერცხში არსებული ქოლესტერინი მავნეა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, არ შეესაბამება რეალობას. კვლევებმა აჩვენა, რომ მას მინიმალური ეფექტი აქვს სისხლში ქოლესტერინის მომატებაზე და რომ არანაირი კავშირი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარებასა და კვერცხის მიღებას შორის არ არსებობს.
- დაარეგულირეთ ძილის რეჟიმი – უდავოა, რომ არამხოლოდ ძილის ხანგრძლივობას, არამედ მის ხარისხსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. არასაკმარისი და არასრულფასოვანი ძილი იწვევს ჰორმონალურ დისბალანსს, ინსულინის მიმართ უჯრედების რეზისტენტობას, აუარესებს ფიზიკურ და მეტალურ შესაძლებლობებს, იწვევს გამოფიტვას, ასთენიას (დაღლილობას), გაღიზიანებადობას, ყურადღების, კონცენტრაციის დაქვეითებას და საბოლოო ჯამში, ცხოვრების ხარისხის გაუარესებას. ადამიანებს, რომლებსაც არასაკმარისად სძინავთ უჩნდებათ მაღალკალორიული საკვების მოთხოვნილება და წონის მატების მაღალი რისკის ქვეშ არიან.