2300 წლის წინ, ეგვიპტეში გარდაცვლილ თინეიჯერ ბიჭუნას მუმიფიცირება ჩაუტარდა და მისი სხეული 49 დამცავი ამულეტით იყო მორთული. მას სახეზე ოქროს ნიღაბი ეკეთა, პირში კი ოქროს ენა ჰქონდა მოთავსებული, რომელიც, როგორც ჩანს, საიქიოში უნდა გამოსდგომოდა.
ნეშტი 1916 წელს ნაგ ელ-ჰასეის სასაფლაოზე აღმოჩინეს, თუმცა მას კვლევები ახლახან ჩაუტარდა და იმდენად საინტერესო დეტალებია აღმოჩენილი, რომ ის კაიროს მუზეუმში გადაიტანეს. როგორც საფლავზე აღმოჩენილი სხვა გარდაცვლილები, ბიჭუნას მუმიაც დიდი ხნის განმავლობაში გამოუკვლეველი იყო და მუზეუმის სარდაფში ინახებოდა.
ბოლო წლებამდე, მუმიებისთვის სახვევების მოხსნა, დესტრუქციულ პროცესად რჩებოდა. მას შემდეგ, რაც კომპიუტერული ტომოგრაფიით სკანირება შესაძლებელი გახდა, სახვევებს შიგნით სხეულის დასათვალიერებლად აღარაა მათი მოხსნა საჭირო.
ბიჭის მუმია ორ სარკოფაგში ინახებოდა. გარე სათავსო სადა ვიზუალის იყო და მასზე წარწერა ბერძნული ასოებით იყო შესრულებული. რაც შეეხება შიდა ხის სარკოფაგს, დეკორაციები ჰქონდა და მასზე გამოსახული სახე მოოქროვილი იყო. მკვლევარებმა, დათვალიერების შემდეგ შენიშნეს, რომ მუმიას, სახვევებს შიგნით, 21 სხვადასხვა დიზაინის მქონე 49 ამულეტი ჰქონდა მოთავსებული.
სანდლები
აღსანიშნავია ისიც, რომ ბიჭუნას პირში ოქროს ენა აქვს მოთავსებული, რათა ძველი რწმენის მიხედვით, საიქიოში საუბარი შესძლებოდა. მუმიას, სხვა ორგანოებთან ერთად, გულიც ამოცლილი აქვს და მის ნაცვლად ოქროს გულის სკარაბი (წმინდა ხოჭო) აქვს მკერდში, რომელიც შემდეგ ცხოვრებაში გადასვლაში უნდა დახმარებოდა.
მეცნიერების ვარაუდით, ბიჭი 14-15 წლის უნდა ყოფილიყო. მისი მოოქროვილი ნიღაბი ძვირფასი ქვებით იყო გაწყობილი, მკერდზე კი, ე.წ. კარტონაჟი, დამცავი ფარი აქვს დამაგრებული. მისი ყველა ორგანო, წესისამებრ, ამოღებულია. ბიჭუნას ტვინი კი ფისითაა შეცვლილი. მუმიას ფეხზე თეთრი სანდლები აცვია, რათა “მკვდრების წიგნის” თანახმად, კუბოდან “სუფთა” ამოსულიყო.
სკანირების შედეგად დანახული 49 ამულეტი
ბიჭის გარდაცვალების მიზეზი სკანირებით ვერ დადგინდა, მაგრამ მისი სიმაღლე და სახის მოყვანილობა გამოჩნდა. ის სიმაღლეში 128 სმ იყო და ოვალური სახე, პატარა ცხვირი და ვიწრო ნიკაპი ჰქონდა. ასევე უცნობია მისი ვინაობაც, თუმცა სტომატოლოგიური ჰიგიენა, მუმიფიცირების მაღალი ხარისხი და ამულეტები გვაფიქრებინებს, რომ ის მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანი უნდა ყოფილიყო.
“ოქროს ბიჭი” ეგვიპტის მუზეუმის მთავარ საგამოფენო დარბაზში გადაიტანეს.