ტყის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 21 მარტს ტყის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2024 წელს, ტყის საერთაშორისო დღის აღნიშვნის დევიზია „ტყეები და ინოვაციები: ახალი გადაწყვეტილებები უკეთესი სამყაროსთვის“.
კამპანიის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე ნერგების დარგვის აქციაში, ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობა სხვადასხვა უნივერსიტეტის სატყეო მიმართულების სტუდენტებმა მიიღეს. აგროსატყეო კულტურების კოლექციას შეემატა: იშვიათი სახეობის ბერყენები, ამპურა, მეიერის კუნელი, ასევე კოწახური, თუთუბო, იალღუნი, მაღალმთის ნეკერჩხალი, ხოლო სექციას, სადაც შემოტანილი და დეკორატიული სახეობებია, დაემატა ცხენისწაბლი და მარადმწვანე მუხა.
„საქართველოს ტერიტორიის 44% ტყით არის დაფარული, რომელიც გამორჩეულია მცენარეთა ბიომრავალფეროვნებით. ჩვენი მიზანი ამ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაა. საქართველოს ტყეებში ბუნებრივად იზრდება 400-მდე სახეობის მერქნიანი მცენარე. არის სახეობები, რომლებიც გადაშენების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ყოველწლიურად ეხმაურება ტყის საერთაშორისო დღის აღნიშვნის კამპანიას და აგროსატყეო კოლექციას ახალი სახეობებით ამდიდრებს. თითოეული ხის დარგვა ნიშნავს გარემოს გაუმჯობესებას, მეტ ჟანგბადს, ნახშირბადის სექვესტრირებასა და, შედეგად, კლიმატის გლობალური ცვლილების შერბილებას“, – აღნიშნა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.
აღსანიშნავია, რომ ჯიღაურას აგროსატყეო კულტურების კოლექცია 2015 წელს, სატყეო კულტურების კონსერვაციისა და დაცვის მიზნით გაშენდა. სახეობების უდიდესი ნაწილი ენდემურია. კოლექცია 4 სექციისგან შედგება, სადაც იზრდება 100-მდე სახეობის ტყის მცენარე, მათ შორის, აღმოსავლეთ საქართველოს ტყის შემქმნელი ძირითადი სახეობები, ხეხილის ველური წინაპრები, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობები და სხვ.
ტყეებს უდიდესი როლი და ფუნქცია აქვს როგორც გლობალურად კაცობრიობისთვის, ასევე ცალკეული ქვეყნისთვის. მიუხედავად ამისა ტყეების კარგვის და დეგრადაციის სტატისტიკა შემაშფოთებელია. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, 10 მლნ/ჰა ტყე იჩეხება. ამ გამოწვევის ფონზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 2012 წელს 21 მარტი ტყეების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა, რათა აღნიშნონ და გაზარდონ ცნობიერება ყველა სახის ტყეების მნიშვნელობის შესახებ.