ამ დროისთვის რეფერენტული ფასი დაახლოებით 5 000 მედიკამენტზე მოქმედებს, რაც ფარმაცევტული ბაზრის ნახევარზე მეტია. დარჩენილია კიდევ 2000 მედიკამენტი, რომელზეც რეფერენტული ფასები უნდა გავრცელდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მინისტრის თქმით, აღნიშნული რეფორმა, სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველ კვარტალში დასრულდება.
„ზოგადად, რეფერენტული ფასის დაწესების მიზანი ის არის, რომ არასამართლიანი ფასები არ იყოს ფარმაცევტულ ბაზარზე და შეგვეძლოს სამართლიანი ფასებით მედიკამენტების ფასების კონტროლი. გუშინ გავრცელდა კიდევ მედიკამენტების ერთ ნაწილზე და ჯამში 5 000-ზე მეტ მედიკამენტზე გავრცელდება რეფერენტული ფასები. ეტაპობრივად სხვადასხვა ე.წ. სიურპრიზებს ვაქვეყნებთ, რასაც სამწუხაროდ ფარმაცევტული ქსელები, დისტრიბუტორები, თუ იმპორტიორები, მაგრამ ამ ყველა სხვადასხვა ღონისძიებით ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში მოწესრიგდება ფარმაცევტული ბაზარი, ხელმისაწვდომობა გაიზრდება ჩვენი მოქალაქეებისთვის. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი რეფორმები მიმართულია იმისკენ, რომ შემცირდეს მოქალაქეების მხრიდან ჯიბიდან გადახდები“, – აღნიშნა აზარაშვილმა.
მისი თქმით, რეფერენტული ფასი კიდევ 2 000 მედიკამენტზე იმოქმედებს.
„ამ დროისთვის რეფერენტული ფასი დაახლოებით 5 000 მედიკამენტზე მოქმედებს, რაც ფარმაცევტული ბაზრის ნახევარზე მეტია. დარჩენილია კიდევ 2000 მედიკამენტი, რომელზეც რეფერენტული ფასები უნდა გავრცელდეს და ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის პირველ კვარტალში დავასრულებთ ყველაფერს“, – აღნიშნა აზარაშვილმა.