მთავრობამ განათლების ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. როგორც განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პრეზენტაციის მსვლელობისას აღნიშნა, დღევანდელი მოცემულობა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმში ჩატარდეს. თუმცა შესაძლოა ეპიდსიტუაციის გამო ვადები შეიცვალოს.
„ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღები როგორც გამოცხადდება ივნისში. მთელ საზოგადოებას ვაცნობებთ დეტალებს და წელს ამას რასაკვირველია დამატებითი განზომილება გააჩნია, რადგან ივნისში გვექნება უფრო მკაფიო და დეტალური სურათი ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით. ერთადერთი რაც შეიძლება ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით შეიძლება შეიცვალოს ეს არის თარიღი და აგვისტოსკენ გადატანა, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეპიდსიტუაცია შეიცვლება და იქნება მკაფიო რეკომენდაცია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისგან“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ისინი ზედმიწევნით დაიცავენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებულ პროტოკოლებს, რომელზე დაყრდნობითაც უკვე შეიძლება ითქვას, რომ ერთ სივრცეში 10 აბიტურიენტზე მეტი არ განთავსდება.
მინისტრმა ასევე დააანონსა ცალკე პრეზენტაცია გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად, რომელიც ივნისში გაიმართება და ყველა დეტალი ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ამ პრეზენტაციის ფარგლებში გახდება ცნობილი.