სასწავლო წელი — ყოველთვის სტრესია, როგორც ბავშვებისთვის, ისე მათი მშობლებისთვის. განსაკუთრებით, თუ ბავშვი პირველად მიდის სკოლაში, ან ერთი სკოლიდან მეორეში გადადის. ამ შემთხვევაში, მშობლის განცდა და მღელვარება სავსებით გასაგებია, – ახალი მასწავლებლები, განსხვავებული მიდგომები, ახალი მოთხოვნები… იმისთვის, რომ ბავშვის უცხო გარემოში ადაპტირება სწრაფად მოხდეს, აუცილებელია რომ მასწავლებელი გულისხმიერი იყოს. ხოლო, ასეთი პედაგოგის შერჩევა — ადვილი არ არის.
აქ კითხვებია მოცემული და მათზე პასუხის გაცემის შემთხვევაში მიხვდებით, გამოადგება თუ არა მასწავლებელი თქვენს შვილს.
ჰყავს, თუ არა მასწავლებელს კლასში ფავორიტები?
ერთი ბავშვის გამოყოფა — ძალიან არაჯანსაღი ტენდენციაა მასწავლებლებს შორის. ჯერ ერთი, ამ ერთი მოსწავლის ფონზე, სხვა მოსწავლეები თავს გარიყულად და დაზარალებულად გრძნობენ და შედეგად, კლასში ცოდნის დონე ეცემა. გარდა ამისა, მასწავლებლის რჩეულები ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის ქვეშ ექცევიან: ყურადღების ცენტრში ყოფნა ყველას არ სიამოვნებს, განსაკუთრებით სკოლის ასაკში. ასეთ სიტუაციაში, ბავშვები არაკომფორტულად გრძნობენ თავს. და კიდევ, სხვა ბავშვები არაკეთილგანწყობილები იქნებიან მასწავლებლის რჩეულთან.
ადარებს თუ არა, მასწავლებელი მოსწავლეებს ერთმანეთს?
მოსწავლეების ერთმანეთთან შედარება — არაპედაგოგიურია. მაგრამ, კიდევ უფრო უარესია, როდესაც მასწავლებელი მოსწავლეს მის უფროს დას ან ძმას ადარებს. მაგ., როდესაც მას ეუბნება: «შენი ძმა რა კარგად სწავლობდა, შენ რატომ არ შეგიძლია ამის გაკეთება?». ასეთი ფრაზები, ბავშვს ჩაკეტილს და საკუთარ თავში დაურწმუნებელს ხდის. მსგავსი შედარებები არც მოტივაციას იძლევა სწავლისთვის; უფრო პირიქით, – ბავშვის თვითშეფასების დონე კლებულობს, ის იმორცხვებს და ბრაზობს, როგორც საკუთარ თავზე, ისე მასწავლებლებზე და თანაკლასელებზე.
როგორ აგვარებს მასწავლებელი კონფლიქტს?
კონფლიქტი მოსწავლეებს შორის გარდაუვალია და მთავარი, მისი დროზე აღკვეთა არის. ყოველი სიტუაცია უნიკალურია და ამიტომ, თითოეული მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. კომპეტენტურმა მასწავლებელმა კონფლიქტი დაწყებისთანავე უნდა აღკვეთოს და მისი განვითარება არ დაუშვას. ასევე დაუშვებელია, მასწავლებლის მიერ, კონფლიქტში მონაწილე რომელიმე მხარის დაჭერა, კონფლიქტის გაღვივება ან მოსწავლისთვის, კლასის (სკოლის) წინაშე, საჯარო სასამართლო მოწყობა.
სჯის თუ არა, მასწავლებელი მოსწავლეს საჯაროდ?
მასწავლებელს უფლება არა აქვს, რომ ბავშვს სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს. შეიძლება მასწავლებელს მოსწავლეებმაც მიჰბაძონ და თანაკლასელს სიცოცხლე გაუმწარონ. ბავშვის ლოგიკა მარტივადაა მოწყობილი: «თუ მასწავლებლისთვის შეიძლება, ჩვენთვისაც შეიძლება» – ფიქრობენ ისინი. მსგავსი ქმედება, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება ბუნილგის მსხვერპლის ფსიქიკაზე. მისი აკადემიური მოსწრება დაეცემა, საკუთარ თავში ჩაიკეტება და აგრესიული გახდება.
აძლევს თუ არა, მასწავლებელი სუსტის დაჩაგვრის უფლებას?
თუ ბავშვი მუდმივად განიცდის თავდასხმას ან ნებისმიერი სახის შევიწროვებას სხვა მოსწავლეების ან მასწავლებლის მხრიდან, ის მშობელმა სხვა კლასში ან სკოლაში უნდა გადაიყვანოს. სკოლა — არის ადგილი, სადაც ბავშვმა აუცილებელი ცოდნა უნდა მიიღოს, ისწავლოს სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, შეიძინოს ზოგადი უნარ–ჩვევები. ძალადობის და დაშინების ატმოსფერო კი ნამდვილად არ მოქმედებს დადებითად სწავლის და ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესზე.
როგორი მოთხოვნები აქვს მასწავლებელს მოსწავლეებისადმი?
თუ ბავშვს ძლიერი პედაგოგი შეხვდა, ძალიან კარგია. მაგრამ ცუდია, თუ მას მეტისმეტად მაღალი მოთხოვნები ექნება (მაგ., ისეთ დავალებებს აძლევს, რომ ის დამოუკიდებლად ვერ ახერხებს მის შესრულებას) მოსწავლეებისადმი. მასწავლებლის ასეთ მიდგომას კონფლიქტამდე მიჰყავს ბავშვი და მას ცოდნის მიღებისადმი ინტერესი ეკარგება. მეტისმეტად მომთხოვნი მასწავლებელი ადექვატურად ვერ აფასებს მოსწავლის ცოდნას. ის ხშირად აკრიტიკებს ბავშვს და სიმორცხვის პროვოცირებას ახდენს მასში, რაც მოსწავლეს სკოლაში სწავლის პერიოდში, ბოლომდე გაჰყვება.
როგორი ატმოსფეროა კლასში?
ბავშვისთვის კლასი, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხო უნდა იყოს. ეს მხოლოდ ფიზიკურ კი არა, მის ემოციურ მდგომარეობასაც ეხება. ფსიქოლოგიური კომფორტი, თავის მხრივ, როგორც მასწავლებელზე, ისე მოსწავლეებზე არის დამოკიდებული. მასწავლებლის მოვალეობაა — ახსნას, თუ რა არის მოსწავლის კეთილსინდისიერი მიდგომა და მოტივირება სწავლისადმი.
ახასიათებს თუ არა, მასწავლებელს ემოცური აგრესიის უეცარი გამოვლენები?
თუ მასწავლებელი თავაზიანია მშობელთან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მოსწავლეებთანაც ასე იქცევა. ერთი შეხედვით, თავშეკავებული მასწავლებელი, სინამდვილეში, შეიძლება ტირანი აღმოჩნდეს. მასწავლებელს უფლება არა აქვს ბავშვებზე ფიზიკური ან მორალური ზეწოლა მახდინოს. მაგ., აიძულოს ისინი, გაკვეთილის მსვლელობისას გაუნძრევლად ისხდნენ და მცირე მოძრაობის გამო დასაჯოს.
შეუძლია თუ არა, მასწავლებელს კონტაქტის დამყარება ბავშვებთან?
ბავშვმა კლასში თავი კომფორტულად რომ იგრძნოს, მან უნდა იცოდეს, რომ იქ არსებობს ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია მასზე. მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია კლასის გაკონტროლება, მოსწავლეებში უსაფრთხოების გრძნობას იწვევს. ამისთვის საჭიროა, რომ მასწავლებელმა კლასთან საერთო ენა გამონახოს. ასე უფრო მარტივია ბავშვებს შორის კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირება-აღკვეთა, სხვადასხვა სახის ღონისძიებების ორგანიზება და გაკვეთილზე მოსწავლეების ქცევის გაკონტროლება.
რას ამბობენ მასწავლებლის შესახებ სხვა მშობლები?
ჩაატარეთ პატარა გამოძიება და შეაგროვეთ ინფორმაცია ბავშვის მასწავლებლის შესახებ. ესაუბრეთ ბავშვის თანაკლასელებს და მათ მშობლებს, გაიგეთ ინფორმაცია მასწავლებლის სწავლების მეთოდების და მისი მოსწავლეებისადმი დამოკიდებულების შესახებ.
შესაძლებელია თუ არა, გაკვეთილზე დასწრება?
გაარკვიეთ, შესაძლებელია თუ არა, გაკვეთილებზე დასწრება და ნახეთ, როგორ მიმდინარეობს ის. უკეთესია, თუ დასწრების შესახებ სკოლის ადმინისტრაციას მოელაპარაკებით და კლასში ყველასთვის მოულოდნელად არ მიხვალთ. გაარკვიეთ, ტარდება თუ არა სკოლაში ღია გაკვეთილები და შეეცადეთ, რომ ეს ღონისძიება არ გამოტოვოთ. გაკვეთილზე ყოფნისას, დააკვირდით საკუთარი შვილის ქცევას, საერთო ატმოსფეროს კლასში და საერთოდ, მასწავლებლის ბავშვებისადმი დამოკიდებულებას.
როგორია კლასის საერთო მოსწრება?
არ გამოტოვოთ მშობელთა კრება და როდესაც სკოლაში მიხვალთ, მხოლოდ საკუთარი შვილის ნიშნებით კი არა, კლასის აკადემიური მოსწრების დონითაც დაინტერესდით. თუ მოსწავლეების უმრავლესობას, რომელიმე საგანში, დაბალი შეფასება აქვს, ეს უკვე შეშფოთების მიზეზი უნდა გახდეს და ამ საკითხთან დაკავშირებით, საგნის მასწავლებელს ან კლასის დამრიგებელს უნდა ესაუბროთ.