მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე 8364 პირია რეგისტრირებული.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარე წელს, მარტოხელა დედის სტატუსის მქონე 8207 ქალია რეგისტრირებული, ხოლო მარტოხელა მამის სტატუსი 142 კაცს აქვს.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ბაზაში 14 მშვილებელი ქალი დარეგისტრირდა, ხოლო მშვილებელი კაცი – ერთი.
ცნობისთვის: საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, მარტოხელა დედის/მამის სტატუსი ენიჭება საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე იმ პირს, რომლის ბავშვის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში და დედა/მამა არ იმყოფება ქორწინებაში, ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი და გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ბავშვის მამის/დედის მონაცემები. ხოლო მშვილებელი ქალი/კაცის სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფება ქორწინებაში. სტატუსის დადგენის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს ბავშვის დაბადების აქტში მამის/დედის მონაცემების არსებობა, აგრეთვე მშვილებელი ჩაწერილია თუ არა მშობლად.
წყარო: ipn.ge