ეთო შიუკაშვილი – გენდერის საკითხებში სახალხო დამცველის წარმომადგენელი კახეთში
რედაქტორის შენიშვნა: ეთომ ბლოგი ასე დაასათაურა – “ჩემი ერთი (არა) ჩვეულებრივი დღე”
გამოწვევა მივიღე და გადავწყვიტე დავწერო ჩემს ერთ დღეზე. ვწერ, რადგან მაინტერესებს ახალი აღმოჩენები საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე, რადგან არასდროს შემიხედავს ჩემი ყოველდღიურობისათვის გარედან.
მაღვიძარა არ მჭირდება, 7 საათზე უკვე გამოღვიძებული ვარ. ფრანც კაფკას „გოდოლს“ მივუბრუნდი დანაშაულის გრძნობით, მე-3 კვირაა ვერ ჩავიკითხე ჩემი მოუცლელობის გამო. სანდროს ჟრიამულმა მალევე დამაბრუნა რეალობაში და შევეშვი. ცოტა ვითამაშეთ.
სამსახურისკენ მიმავალ 10 წუთის სავალ გზაზე სულ ვნატრობ ფეხით მივდიოდე, სიარულისთვის მეტი დრო მქონდეს. მსგავსი ფიქრების მთავარი ინსპირატორი მანქანების ქაოტური მოძრაობაა. შეიძლება ეს მძღოლების შეგნებას დავაბრალო ან მართლაც მოუწესრიგებელია ქალაქში მოძრაობა. შუქნიშანზე „გასწრების“ შემდეგ, იმედია დაფიქრდება მაინც მძღოლი, სად ეჩქარება… ალბათ ტემპერატურის ბრალია.
სამსახურში წერილები მაქვს გასაგზავნი უწყებებისთვის. ამისთვის ორი საათი მაქვს, სანამ შეხვედრაზე გავიქცევი მეზობელ მუნიციპალიტეტში. აი იქ, ხეც რომ არ იზრდება სწორად 🙂 (საყოველთაოდ ცნობილი თელავურ-გურჯაანული იუმორიდან). გზად საბა მირეკავს, საზაფხულო სკოლის ამბებს მიყვება და აღფრთოვანებულია ახალი მეგობრებით, გარემოთი, აღმოჩენებით- იმის განცდით, რომ თავი დამოუკიდებლად შეიგრძნო (დავძლიე ეგოიზმი და პირველად გავუშვი სრულიად მარტო, უცხო გარემოცვაში).
გურჯაანის მერიაში შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრა განსხვავებული აღმოჩნდა, საზოგადოება – ჩართული და ცვლილებებზე ორიენტირებული. ერთი-ორი რეპლიკა მაინც მოვისმინე იმაზე, ქალებს ვინ რას უშლისო. თუმცა საბოლოოდ შევთანხმდით, ბიუჯეტირების პროცესში მათი საჭიროებების გათვალისწინებაზე.
სამსახურში ვბრუნდები, “დედლაინი” მიახლოვდება, რასაც კომფორტის ზონიდან გამოვყავარ. თუმცა დავაკვირდი, სწორედ ეს მდგომარეობაა, რომელიც მოდუნების შესაძლებლობას არ გვაძლევს… სამსახურში ხანდაზმული ბებო შემოდის, რომელიც უკიდურეს სოციალურ პრობლემებზე გვიყვება, ამას ემატება ის ძალადობრივი გარემო, რომელშიც ცხოვრობს. მისი რუტინული ცხოვრება გაუსაძლისია. ყოველდღიურად უხდება ბრძოლა, ბრძოლა გადარჩენისთვის. ასეთი ისტორიები მუშაობის სტიმულს მაძლევს. ამაყი ვარ, როცა მცირედით დახმარებას შევძლებ. სამსახურის დამთავრებამდე მომდევნო დღეს ვგეგმავ და ამასობაში სამუშაო საათებიც სრულდება.
თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდება, ჩემთვის ახალი დღეც იწყება. მანქანით გომბორის გზას მივუყვები, სადაც დრო მაქვს ხოლმე საკუთარ თავთან განმარტოებისა და ფიქრისთვის. ამ დროს თითქოს დაღლილობის შეგრძნებაც მიჩნდება. ამიტომ თავიდან ვიწყებ საკუთარ თავზე მუშაობას წუთიერი მოდუნების დასაძლევად, შინაგანი ბალანსის აღსადგენად. ამ დროს მახსენდება გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“-დან შეგონება: „ყოველი საგანი მაშინ იწყებს წაქცევას, როცა ის წონასწორობას კარგავს“. ამ ფიქრებიდან მყისიერად გამომიყვანა ე.წ „იამკამ“, მძღოლები როგორც მოიხსენიებენ. კინაღამ კახურ-ჯიგრიანი გამონათქვამებიც აღმომხდა. ხუმრობა იქით, ეს გზა მართლაც მოსაწესრიგებელია, საგზაო ნიშნები ლიმიტირებულად არის განთავსებული, რაც ახალბედას რამდენადმე ურთულებს გადაადგილებას და რისკის ქვეშ ამყოფებს.
ვფიქრობ, როგორ შევიტანო წვლილი ამ პრობლემის გადასაჭრელად?!…
საბაუნიში ვარ 7 -ზე, გამოცდა მაქვს სამართლის ფილოსოფიაში. სათანადოდ მომზადებული არ ვარ, დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე. ამაზე ვწუხვარ, თუმცა ვიმედოვნებ, შვებულების დროს „ამოვქაჩავ“ კითხვის კვირეულის ფარგლებში. „კითხვის კვირეული“, ჩემმა მეგობარმა დაუწესა თავს და იდეა მომეწონა. ორ საათში კვლავ გომბორის გზას ვადგავარ – ვეღარ დასრულდა ჩემი განსწავლულობის პროცესი.
სახლში დაბრუნებულმა პირველად ვცადე ბლოგის დაწერა, რომლის კითხვასაც მალე დაასრულებთ. მართალია, ჩემი ჩვეულებრივი დღე ძალიან დატვირთულია, მაგრამ ყოველდღიურობა რუტინული არ არის და მიყვარს ჩემი საქმე. პერსონაჟები იცვლებიან, მე ვარ უცვლელი ჩემს ყოველდღიურობაში და ის ვიწრო წრე, ჩემი გარემოცვა, რომელიც ჩემთვის ყველაფერია.
P.S ბოლოს დაწერილს რომ გადავხედე, დაუჯერებლად მომეჩვენა, როგორ ვასწრებ ამდენს. მით უფრო, რომ ტემპი არასდროს ჩამოუვარდება წინა დღისას. ჩემი ქმარი დიდი ჰუმანისტია და ასეთს მიტანს. ვფიქრობ, იზიარებს ნოდარ დუმბაძის შეგონებას „მარადისობის კანონი”-დან: „ადამიანი ტაძრის კედელზე მოხატული ფრესკა არ არის, რომ ერთ განზომილებაში უმზირო, ან მოშალო… მას ირგვლივ უნდა შემოუარო და იმ მხრიდან უმზირო საიდანაც ლამაზია”.
დაგვიმეგობრდით ფეისბუქზე : მთავარი ამბები კახეთში