Home დღის ამბები ჰომოფობია მხოლოდ ლგბტ თემის პრობლემა არაა – ინტერვიუ მარიამ მედულაშვილთან

ჰომოფობია მხოლოდ ლგბტ თემის პრობლემა არაა – ინტერვიუ მარიამ მედულაშვილთან

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიღწეული წარმატებების მიუხედავად, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ინტერსექსი და ტრანსგენდერი ადამიანები ზოგ ადგილას ადამიანის ფუნდამენტური უფლებებითაც ვერ სარგებლობენ. ასეთია ჩვენი ქვეყანაც ამ თემაზე დღეს ჩვენ ვესაუბრეთ ორგანიზაცია ქალი და გენდერული თანასწორობის წარმომადგენელს, უფლებადამცველს და სამოქალაქო აქტივისტს მარიამ მედულაშვილს

-რა არის დღეს ლგბტ ადამიანების მთავარი პრობლემა საქართველოში?

ყველაზე სერიოზული პრობლემა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის არაეფექტიანი გამოძიებაა, არცერთ გახმაურებულ საქმეზე სახელმწიფომ არ უზრუნველყო კონკრეტული პირების დასჯა. ამ პირობებში ლგბტ თემის ნდობა სახელმწიფოს მიმართ არის ძალიან დაბალი. ისინი არჩევენ, რომ პოლიციისთვის მიმართვის ნაცვლად მარტო გაუმკლავდნენ მუდმივ ძალადობას მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ის, რომ სახელმწიფოს საზოგადოებამდე ვერ მიაქვს გზავნილი, რომ ის თანასწორად იცავს ყველა ჯგუფის უფლებებს, კიდევ უფრო ახალისებს ძალადობას და აგრესიულ ჯგუფებს.

 

ამას გარდა, 17-მა მაისმა პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა. ჩემთვის ეს დღე არის სიმბოლო სახელმწიფოს არასეკულარული პოლიტიკის, ეკლესიისა და სახელმწიფოს ქორწინების. სახელმწიფო თავისი უმოქმედობით მხარდაჭერასა და ლოიალობას ავლენს დომინანტური ჯგუფისადმი.

-რა შეიცვალა საქართველოში ბოლო წლებში ლგბტ ადამიანებისთვის და რა დარჩა უცვლელი?

2012 წლიდან ყოველ 17 მაისს თემი აქტიურად ავლენს შეკრების თავისუფლების გამოყენების უფლებისადმი ინტერესს. შეიძლება ითქვას, რომ მანამდე ლგბტ თემი უფრო უხილავი ჯგუფი იყო და დისკრიმინაციის მასშტაბებიც ნაკლები იყო. მას შემდეგ, რაც ლგბტ-ების მხარდაჭერა გაიზარდა და ისინი ყურადღების ქვეშ მოექცნენ, ამის შემდეგ ისეთმა ჯგუფებმა დაიწყეს ჰომოფობიური დისკურსის წარმოება, როგორიცაა ეკლესია და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი, რამაც გაზარდა ძალადობის ფაქტები უმცირესობების მიმართ.

სამწუხაროდ, კარგი ცვლილებები არ მახსენდება. მიუხედავად ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისა, რეალობა არის ძალიან მძიმე. ხდება ლგბტ უფლებების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ. მაგალითად, ქორწინების საკითხთან დაკავშირებული ინიციატივა. ლგბტ ორგანიზაციები თუ ადამიანები საერთოდ არ ითხოვდნენ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას და ამ უფლებას, მმართველმა გუნდმა დააყენა ეს საკითხი და დაიწო საზოგადოებრივი განხილვები და ჰომოფობიური განწყობები გავრცელდა, რადგან ეს საკითხი ჰომოფობიური დისკურსით იყო შემოტანილი.

 

დღეს საქართველოში ასეთი რეალობა გვაქვს: ერთის მხრივ ინსტიტუციური ჩარჩო თითქოს არის უფლებებზე ორიენტირებული, მეორეს მხრივ, ჩვენ გვაქვს ცალკეული პოლიტიკური და რელიგიური ჯგუფები, რომლებიც ანტი-გეი პროპაგანდას ეწევიან და რეალურად ჩვენთან, საქართველოში ჰომოფობია უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ლგბტ ემანსიპატორული ბრძოლები და აქტივიზმი და მესამეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა არის აბსოლუტურად არაეფექტიანი, მეტიც, სახელმწიფო არც კი აღიარებს, რომ ლგბტ თემს რაიმე ჩაგვრითი თუ დისკრიმინაციული პრობლემა აქვს.

როგორ შეიძლება იმოქმედოს ჰომოფობიურმა განწყობებმა საქართველოს მომავალზე?

2013 წლის 17 მაისი იყო სერიოზული კრიზისი. ეს იყო სახელმწიფოს კონტროლიდან გამოსვლა. სახელმწიფოს არსებობის პირველადი ლოგიკა არის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. როცა სახელმწიფო ვერ ახერხებს მშვიდობის შენარჩუნებას საზოგადოებაში, ე.ი. ის ძლიერი და სტაბილური სახელმწიფო არ არის.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მმართველ პოლიტიკურ გუნდს თანასწორობაზე და შემწყნარებლობაზე დაფუძნებული ღირებულებები არ აქვს.

 

-რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ მდგომარეობის გამოსასწორებლად?

ჩვენ სახელმწიფოს ვთხოვთ ყველა ძალადობის ფაქტების ეფექტიან გამოძიებას და კონკრეტული პირების დასჯას, ასევე შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფას 17 მაისს და სეკულარულ არადისკრიმინაციული პოლიტიკის გატარებას ლგბტ თემის მიმართ.

ჩვენ ასევე ვთხოვთ სახელმწიფოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებასა და ამ კუთხით მის მიმართ ნდობის გაზრდის აუცილებლობაზე ფოკუსირებას.

ჩვენ ვითხოვთ რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ეთიკის ფარგლებში მოაქციონ თავისი საჯარო განცხადებები და სიძულვილის ენის აკრძალვას და მის მიმართ რეგულაციების დაწესებას.