საპროტესტო აქცია გამართა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის მოსახლეობამ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ “დასახლებას ბოლო სამი თვეა სასმელი და სარწყავი წყალი არ მიეწოდება, რის გამოც მათი ცხოვრება გაუსაძლისი გახდა, სარწყავი წყლის არარსებობის გამო კი სათბურებში დარგული ბოსტნეულის ნერგები ხმება”.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პრობლემის შესახებ უკვე სამი თვეა იცის წყალმომარაგების კომპანიამ და ლაგოდეხის მერიამ, თუმცა არაფერი გაუკეთებიათ არსებული მდგომარეობის შესაცვლელად.
აქციის მონაწილეებს შეხვდა ლაგოდეხის მერი. ჯონდო მდივნიშვილის თქმით, პრობლემა მშრალმა ამინდმა შექმნა , რის გამოც წყლის დებეტი არასაკმარისია. კიდევ ერთ პრობლემად გასაწმენდი ჭაბურღლები სახელდება.
მერი ჯონდო მდივნიშვილი ამბობს, რომ ერთ კვირაში წყალმომარაგების კომპანია ჭაბურღილების გასაწმენდად ტენდერს გამოაცხადებს, თუმცა როდის დასრულდება კონკრეტული სამუშაოები და როდის მიიღებს მოსახლეობა წყალ, ჯერ უცნობია.
ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ პრობლემა უახლოეს მომავალში არ მოგვარდა, აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს.