„ლაქი“, რომელმაც „სანისთან“ ერთად ტაბახმელაში ხუთი წლის ბავშვი გიურზას თავდასხმისგან გადაარჩინა, თავს კარგად გრძნობს.
არსებობდა საშიშროება, რომ ქვეწარმავალს ბავშვი დაეკბინა, თუმცა მისი გადარჩენა ძაღლებმა შეძლეს. გველმა „ლაქის“ უკბინა.
ძაღლი ექიმებმა მალევე გადაიყვანეს შესაბამის საავადმყოფოში და დახმარება აღმოუჩინეს. „ლაქი“ ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს.
„გავიგეთ ყეფა და მივხვდით უკვე, რომ რაღაც ჰყავდათ დაჭერილი და მივედით ეზოს კარებთან, შემოსასვლელში. დავინახეთ, გველი იყო. ჩემი ძმა მიხვდა, რომ ის იყო შხამიანი, მაგრამ ვერ ვიფიქრებდით, რომ ეს იქნებოდა გიურზა. პარალელურად დარეკილი გვქონდა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში. უცბად მოხდა ეს ამბავი. გველმა უკბინა „ლაქის“. ძაღლი მოდუნდა, მოეშვა, დაჯდა ერთ ადგილას და შეეშვა ბრძოლას, მარტო „სანიმ“ გააგრძელა გველთან ბრძოლა და დავაფიქსირეთ „ლაქის“ ცხვირზე სისხლი. მაშინვე ვერ მივაქციეთ ყურადღება. მოგვიანებით დავრეკეთ ვეტერინართან და ცხოველთა სააგენტოს წარმომადგენლებმაც გვირჩიეს, წაგვეყვანა სასწრაფოდ კლინიკაში, რადგან ძალიან სახიფათო მდგომარეობაში იყო. „ლაქიმ“ და „სანიმ“ გადაარჩინეს ჩემი შვილი გველის თავდასხმისგან. ძალიან გვეხმარებიან და ყოველთვის გვიცავენ ასეთი შემთხვევების დროს“, – განაცხადა ბავშვის დედამ.