Home მსოფლიო ჯანმო – წელს ზაფხულში ევროპის სიცხეებმა, სულ მცირე, 15 000 ადამიანი იმსხვერპლა

ჯანმო – წელს ზაფხულში ევროპის სიცხეებმა, სულ მცირე, 15 000 ადამიანი იმსხვერპლა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, წლევანდელი ზაფხულის ექსტრემალურმა სიცხეებმა, მინიმუმ, 15 000 ევროპელის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაციას BFMTV ავრცელებს.

ჯანმოს განცხადებით, ეს ჯერ მხოლოდ წინასწარი შეფასებებია და მოსალოდნელია, რომ საბოლოოდ მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდოს. ევროპის რეგიონული დირექტორის, ჰანს კლუგეს ცნობით, გერმანიაში სიცხეებს 4500 ადამიანის, ესპანეთში 4000-ის, ბრიტანეთში 3200-ის, ხოლო პორტუგალიაში, დაახლოებით, ათასი ადამიანის სიკვდილს უკავშირებენ.

კლუგემ დასძინა, რომ შესწორებული მონაცემების შემდეგ ეს მაჩვენებელი შესაძლოა, უფრო მაღალი იყოს, რადგან სიცხეების პერიოდში სიკვდილიანობის ზრდა ბევრ ქვეყანაში შეინიშნებოდა. მაგალითად, საფრანგეთში, სტატისტიკის სამსახურმა მთელი ზაფხულის განმავლობაში, პანდემიამდელ 2019 წლის ზაფხულთან შედარებით, 11 ათასი ადამიანით ჭარბი სიკვდილიანობა დააფიქსირა.

წლევანდელი ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეებში ჰაერის ტემპერატურამ დასავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში, მათ შორის ბრიტანეთშიც კი, ზოგან 40°C-ს გადააჭარბა. მშრალმა და ცხელმა ამინდებმა ტყის ფართომასშტაბიანი ხანძრები გამოიწვია, რომელთა გარკვეული ნაწილის ჩაქრობას რამდენიმე კვირა დასჭირდა.