წოვა-თუში პოეტი ადამ ბობღიაშვილი
სამანი (საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები) — იატაკქვეშა პატრიოტული ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საბჭოთა საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა რეჟიმის დამხობას შეიარაღებული აჯანყების გზით და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.
სამანი 1942 წელს შექმნეს ახალგაზრდა და ნიჭიერმა წოვა-თუშმა პოეტმა ადამ ბობღიაშვილმა (ალვანელი) და მისმა მეგობარმა მიხეილ იმედიძემ მას შემდეგ, რაც გაიცა წინამორბედი ფარული ორგანიზაცია, რომელსაც მათი პედაგოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მიხეილ ზანდუკელი თავკაცობდა. 1941 წელს სექტემბერში ზანდუკელი და მისი თანამოაზრე 17 ასპირანტი თბილისში დააპატიმრეს. 1942 წელს შემოდგომაზე რეპრესიებს გადარჩენილმა სამანელებმა თბილისიდან თავი დააღწიეს და კახეთს, 1942 წელს ადრიან გაზაფხულზე კი თუშეთს შეეხიზნენ. მათი მიზანი იყო თუშეთის ტერიტორიაზე მომხრეების შემოკრება და ჩეჩნეთის მთიანეთში მოქმედ ანტი-საბჭოთა მეამბოხეებთან კავშირის დამყარება. მთავრობამ მთა-თუშეთში გამაგრებული სამანელების წინააღმდეგ რამდენიმე ასეული გაგზავნა თელავის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის უფროსის, გამოცდილი ჩეკისტის ალიოშა კვაშალის მეთაურობით. კვაშალმა შეძლო ორგანიზაციის განადგურება: შეთქმულთა ნაწილი გადმოიბირა, ნაწილი დააპატიმრა, მეთაურები, მათ შორის ბობღიაშვილი, 1944 წელს მოკლეს. მათ თავები მოჰკვეთეს და ხალხის დასაშინებლად თუშთა საგანგებოდ შეკრებილ კრებას წარუდგინეს. ორგანიზაციის ლიკვიდაციას თან ახლდა მასობრივი დაპატიმრებები თუშეთში.
დააგვიანა მეტეხიდან მთვარემ ამოსვლა,
სივრცე ოქროსფერ შადრევნებით ვეღარ დათოვა,
ცას გადაეკრა შავი ნისლი ამ საღამოსაც
ამ საღამოსაც დემონივით ისევ მარტო ვარ.
ჩემი ნაბიჯი წინაპართა ბილიკებს ასცდა
და დავემსგავსე უდაბნოში მავალ მათხოვარს,
ადრე ჩამიქრა ჭაბუკურად მღელვარე განცდა,
ქრიან დღეები და მე მაინც ისევ მარტო ვარ.
ბევრი დაადნა სანთელივით თბილისის ქუჩებს,
ბევრმა მათგანმა ვაჟკაცური კვალი დატოვა,
მე კი გავქრები სამზეოდან ჩრდილივით უცებ,
რადგან სიცოცხლის მიწურულშიც ისევ მარტო ვარ.
რად მინდა ლექსი ჟამთა ქროლვას თუ ვერ გადვურჩი,
თუ არ მიმიღებს მომავალი, როგორც სახსოვარს,
ცა დამეღრუბლა ცას სადარო პირი არ უჩანს
და ამ საღამოს სიჩუმეშიც ისევ მარტო ვარ.
***
დგას ტყე უღრანი, სურნელებით პირამდე სავსე,
მზის სიმხურვალე მოხეთქილა ციდან ზვარებად,
და ვხედავ ახლა, ამ ცხოვრების უდაბურ გზაზე
ოცდამეათე გაზაფხულის შემოღამებას.
სისხლდაშრეტილი ვაჟკაცობის ბჭესთან მოვედი,
გავყურებ უკან გადაქროლილ დღეთა ქარავანს
იქ შემოდგომის სუსხდაკრული მოსჩანს ყოველი,
მაგრამ ჯერ კიდევ დაღუპული მაინც არა ვარ.
ვისაც ეწადა მზე ხმელეთზე ჩამოეტანა,
ვისაც სურვილი აუყვავდა ია-ვარდებად,
ვინც ბრძოლის ჟინით შეაჯერა ცა და ქვეყანა,
იმას სიცოცხლე თავგანწირვით შეუყვარდება.
მე კი დავეცი უდროობით მხარდასეტყვილი,
თუმცა მრავალჯერ საკუთარ გულს მკაცრად შევები,
დავკარგე რწმენა, გაზაფხულმაც მოისხა ჩრდილი
და კვლავ უაზრო გატაცებით ქრიან დრეები.
ქრიან დრეები, მზიანიც კი არ მახსოვს ერთიც,
ბედთან ბრძოლაში ოცდაათი წელი გავიდა,
რა იქნებოდა რა სიძუნწე რა ჯოჯოხეთი,
ჩემი ცხოვრება, რომ დამეწყო ისევ თავიდან.
1942 წ. ავტორი ბობღიაშვილი
სამანელები – საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები (სამანი)- ასე იშიფრება ეს აბრევიატურა, რომლის უმთავრესი მიზანი იყო საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და საქართველოს დამოუკიდებლობა. ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბების იდეა 40-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა და სულ მალე იდეა უკვე რეალობად იქცა. ამ ჯგუფის ერთერთი აქტიური წევრი იყო თუში გიორგი ქადაგიძე-უნივერსიტეტში მიხეილ ზანდუკელის ასპირანტი. მისი მეშვეობით კი ორგანიზაციის საქმიანობაში ჩაებნენ ადამ ბობღიაშვილი (პოეტური ფსევდონიმი “ალვანელი”) და მიხეილ (ფანცალე) იმედიძე. მათ სხვებიც შეუერთდნენ
იასონ ბობღიაშვილი,
ადამ ბობღიაშვილის, ანტისაბჭოთა ორგანიზაციის „სამანი“ ლიდერისა და 1941-43 წლების ანტისაბჭოთა აჯანყების ლიდერის მამა. 1907წ
თუ გინდა გაიგო რა ხდება შენს სოფელში შენს ქალაქში შენს რეგიონში. გქონდეს სწრაფი და სანდო ინფორმაცია იმეგობრე ჩვენთან და მოიწონე ჩვენი გვერდი „მთავარი ამბები კახეთიდან/mak.ge“ ან გაწევრიანდი ჩვენს ჯგუფში „მთავარი ამბები კახეთიდან“