Home მსოფლიო წლის ყველაზე ღირებული მეტალი ლითიუმი გახდა

წლის ყველაზე ღირებული მეტალი ლითიუმი გახდა

ლითიუმი წლის ყველაზე ღირებული მსუბუქი მეტალი გახდა. მისმა ფასმა რეკორდი ზედიზედ დაამყარა და წლის დასაწყისიდან სამჯერ გაიზარდა, მაშინ, როცა სხვა სამრეწველო ლითონი მსოფლიო რეცესიის საფრთხის გამო „ჩაიძირა.“

„იზვესტიას“ მონაცემებით, ლითიუმი ამჟამად 13-ჯერ ძვირია, ვიდრე ორი წლის წინ, რაც ყველა ძირითად ნედლეულ საქონელს შორის რეკორდია. ყველაზე მსუბუქი ლითონი, თითქმის, ოქროს „წონის“ აღმოჩნდა, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში მის კიდევ უფრო გაძვირებას პროგნოზირებენ.

მთავარ მიზეზად ელექტრომობილების წარმოებას ასახელებენ, რომელიც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 75%-ით გაიზარდა. ზუსტად იგივე მაჩვენებლის წილი აქვს აკუმულატორულ ბატარეებს ლითიუმის გლობალურ მოხმარებაში. 2019-დან 2022 წლამდე ლითიუმის მთლიანი მოხმარება 2,1-ჯერ, დაახლოებით, 670 ათას ტონა კარბონატამდე გაიზარდა. „იზვესტიას“ შეფასებით, ამ პერიოდში ასეთი ნახტომი არცერთ ნედლეულს არ ჰქონია. მიწოდება მოთხოვნას არ ჩამორჩებოდა და წინასწარი შეფასებით, პროფიციტი ათას ტონაზე ოდნავ მეტს შეადგენს.

სიტუაციას არასაკმარისი მარაგები, ასევე, ჩინეთის ლოკდაუნით გამოწვეული ლოგისტიკური პრობლემები ართულებდა, რის შედეგადაც ფასები მთელი წლის განმავლობაში იზრდებოდა და ისტორიულ მაქსიმუმს მუდმივად აახლებდა. 1-ლი ნოემბრის მდგომარეობით, ლითიუმის ღირებულების მთავარმა ინდიკატორმა, ანუ სპოტურმა ფასებმა ჩინურ ბაზარზე ტონაზე 565 ათას იუანს, ანუ 77 ათას დოლარს მიაღწია. თუმცა ჯერ კიდევ მცირე მოცულობის გამო ლითიუმის წლიური გლობალური ბრუნვა მხოლოდ 30 მლრდ დოლარია. ამ პროდუქტის ფიუჩერსული ბაზარი არ არსებობს.

მსოფლიოში ლითიუმის სამი უმსხვილესი მწარმოებლიდან ერთ-ერთი არგენტინაა. მხოლოდ ამ ქვეყანაში ერთდროულად 6 სამთო პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს. წარმოების მნიშვნელოვან მოცულობას მოელიან ზიმბაბვეშიც, სადაც ჩინელი ინვესტორები ამჟამად 11 მილიონი ტონა კარბონატის მარაგის საბადოს გასაშვებად ემზადებიან. საერთო ჯამში უახლოეს წლებში შესაძლოა, დამატებით 600 ათას ტონამდე სიმძლავრის მაღაროები ამოქმედდეს, რაც წარმოების ამჟამინდელ დონეზე ოდნავ ნაკლებია.

წელს მილიარდერმა, ილონ მასკმა ლითიუმის მადნის გადამამუშავებელი ქარხნების მფლობელები „ფულის საბეჭდი მანქანების მფლობელებს“ შეადარა. ნედლეულზე უზარმაზარი მოთხოვნის გათვალისწინებით, ამ ქარხნების მფლობელები, უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტს გამოიმუშავებენ, ამიტომ Tesla, სხვა საკითხებთან ერთად, ლითიუმმომპოვებელი აქტივების შეძენის ვარიანტსაც განიხილავს.

„იზვესტიას“ შეფასებით, გლობალური რეცესია არის ერთადერთი ფაქტორი, რამაც უახლოეს მომავალში შესაძლოა, ლითიუმის ფასები 30-40%-მდე შეამციროს, რაც 2021 წლის დონეს მაინც არ ჩასცდება. რეცესია ნებისმიერ ავტომობილზე, მათ შორის ელექტრომობილზე, მოთხოვნას ამცირებს. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ელექტრომობილებზე მოთხოვნა ჩამოიშალა, აკუმულატორული ბატარეების სხვა მიზნებისთვის წარმოება ამის კომპენსირებას შეძლებს.